საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები თითქმის არ მცირდება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყანა ამ ნეგატიური მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა რეგიონში. სწორედ ამიტომ მოსახლეობა ვერა და ვერ ამოდის სიღარიბის ჭაობიდან.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ბიზნესის წამოწყების და განხორციელების მიმართულებით ვითარება თითქოს გამარტივდა. ეს, გარკვეულწილად მოტივაცია უნდა გამხდარიყო ბიზნესის კეთილსინდისიერად წარმოებისთვის, თუნდაც საგადასახადო კუთხით. სამწუხაროდ, ამ მხრივ ცვლილება თითქმის არ გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე 50%-ს აღემატება, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 64.87%-ს შეადგენს.
სხვათა შორის, ამ მხრივ ბოლო პოზიციებზე ვიმყოფებით არა მარტო მსოფლიოში, არამედ ჩვენს რეგიონშიც, რასაც ადასტურებს მეზობელი ქვეყნების ჩრდილოვანი ეკონომიკის მონაცემები. სსფ-ს ინფორმაციით, თურქეთიში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე 31.38%-ის, რუსეთში - 38.42%, სომხეთში - 42.59%, აზერბაიჯანში - 52.19%.
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ანალიტიკოსი მარიამ ლაშხი ამბობს, რომ 1991-2009 წლებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელს მზარდი ტენდენცია ახასიათებდა, ხოლო 2010 წლიდან საქართველოში კლება შეინიშნებოდა.
„ეს გვაფიქრებს, რომ 2008 წლის ომის შემდგომ სახელმწიფო განსაკუთრებით გააქტიურდა, რადგანაც მას სჭირდებოდა ფულადი რესურსები და ეკონომიკის მაქსიმალურად გამჭირვალობა, რათა ომის შედეგით გამოწვეული ფინანსური პრობლემები დაეძლია. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში აწ უკვე ფორმალური ეკონომიკიდან უფრო მეტი გადასახადის აკუმულირება იყო შესაძლებელი. სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, არაფორმალური ეკონომიკის მაჩვენებელმა 2010 წლიდან კლება დაიწყო (68,46%) და ინარჩუნებს პოზიტიურ ტენდენციას (2015 წელს – 53,07%).
გასაკვირი არ არის, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე საკმაოდ დაბალია, ხოლო დაბალი ეკონომიკური შესაძლებელობების მქონე ქვეყნებში კი პირიქით, რასაც საქართველოს მაგალითიც ადასტურებს. გასათვალისწინებელია, რომ უცხოელი ინვესტორისთვის მსგავსი შედეგები შეიძლება საქართველოს ნაკლებად მიმზიდველს ხდიდეს და ანგრევდეს სტერეოტიპებს, რომ საქართველო ყველაზე გამჭირვალე და მიმზიდველი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყანაა რეგიონში“, - აცხადებს მარიამ ლაშხი.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები არა მარტო სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს, არამედ მოსახლეობასაც მუდმივ სიღარიბეში ამყოფებს. თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ რეალური ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს 100-მილიარდიანი ლარის მშპ-დან სახელმწიფოსა და და ხალხს ხმარდება დაახლოებით 30%, მაფიოზურ-ეკონომიკურ კლანებს კი - 70%.
„ამის გამო სახელმწიფო და ხალხი უსაშველოდ ღატაკდება და კლანები უსაზღვროდ მდიდრდებიან. ამ უდიდეს ეკონომიკურ და სოციალურ უსამართლობას აკანონებს 1997 წელს მიღებული, ანტიეროვნული და კრიმინალური საგადასახადო კოდექსი, რომელსაც 20 წელიწადია, კბილებით იცავდა და დღესაც იცავს ხელისუფლებაში მოსული ყველა მთავრობა „ქართული ოცნების“ ჩათვლით. რატომ? საკითხავი სწორედ ეს არის!
რა არის ამ უზარმაზარი 60%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, ერთნაირი საგადასახადო ტვირთი, რომელიც არ არის დიფერენცირებული საწარმოთა სიდიდის (მცირე, საშუალო, მსხვილი), სამეურნეო დარგების (მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება) და ტერიტორიული სირთულეების მიხედვით, რის შედეგადაც გადასახადები გაუსაძლისად მაღალია და არ არის ოპტიმალური მაქსიმალური საგადასახადო შემოსავლების მისაღებად“, - აცხადებს საკანდელიძე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, ჩრდილოვანი ეკონომიკა სხვადასხვა სახელით არის ცნობილი: ფარული ეკონომიკა, ნაცრისფერი ეკონომიკა, შავი ეკონომიკა, ნაკლოვანი ეკონომიკა, ნაღდ ფულზე დაფუძნებული ეკონომიკა ან არაფორმალური ეკონომიკა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ჩრდილოვანი ეკონომიკის საერთო მოცულობა 31,9 პროცენტია. მაჩვენებელი დაანგარიშებულია 1991 წლიდან 2015 წლმდე ჯამში 158 ქვეყნის მაგალითზე.