მთავრობა აღიარებს, რომ რეფორმის გარეშე პენსიონერთა პრობლემებთან უძლურია

მთავრობა აღიარებს, რომ რეფორმის გარეშე პენსიონერთა პრობლემებთან უძლურია

საპენსიო რეფორმის დაწყებამდე მის წინააღმდეგ ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რამდენადაც ჩანაწერი ახალი გადასახადის შემოღებას მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შედეგად გულისხმობს. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ თუ არა რეფორმა, რთულ სოციალურ ყოფას ვერც მომავალი პენსიონერები დააღწევენ თავს. 10-20 ლარით პენსიის გაზრდა საქმეს ვერ უშველის, ხოლო რეფორმით შედეგად კი 30 წელიწადში საპენსიო თანხა გაექვსმაგდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ საპენსიო შენატანი გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

„რამდენადაც სავალდებულო საპენსიო შენატანი ამ დრომდე არ ყოფილა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, გამოდის, რომ ხდება გადასახადის ახალი სახის შემოღება, რაც მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ დაკმაყოფილებული იქნეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმები სავალდებულო საპენსიო შენატანების, შემოთავაზებული სახით მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე - ხალხის მაქსიმალური ჩართვით უნდა განხორციელდეს“, - განმარტავენ საია-ში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით კი, საპენსიო რეფორმა რეფერენდუმის ჩატარებასთან კავშირში არ არის.

„გადასახადების განმარტება გვაქვს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული განმარტებით, გადასახადი არის ის, რაც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად. ეს კი არის თანხა, რომელიც გროვდება პიროვნების პირად ანგარიშზე და არის მისი პირადი საკუთრება. უბრალოდ, იგი გამოიყენებს მას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. აღნიშნული თემა არ ექვემდებარება რეფერენდუმის ჩატარებას“, - განაცხადა გაგუამ და თან ამტკიცებს, რომ 30-35 წლის განმავლობაში თანხის დაზოგვის შემთხვევაში პენსია 6-ჯერ გაიზრდება. ამ მეთოდით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ე.წ. ღირსეული პენსიის მიღებას.

სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვს „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ე.წ. რეფორმა სინამდვილეში არის ხელფასების შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ კანონის მიღებით ყველა მოქალაქეს ხელფასი დააკლდება.

„ეს კანონპროექტი 40 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქეს 4%-მდე შეუმცირებს შემოსავალს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ადამიანს, ვისაც შემოსავალი აქვს 1000 ლარი თვეში, მას გადასახადის სახით, დამატებით, სახელმწიფო წლის ბოლოს გამოართმევს 500 ლარს. ეს რეფორმა რომ სასარგებლო იყოს, იქნებოდა არა სავალდებულო, არამედ ნაბყოფლობითი.

კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციასაც, რომლის თანახმად, დაუშვებელია გადასახადის დაწესება რეფერენდუმის გარეშე. ახლა გვთავაზობენ ახალ ე.წ. საპენსიო გადასახადს, რის შედეგადაც ყველა მოქალაქეს, ვისაც ხელფასი აქვს, დააკლდება შემოსავალი, ყველა დამსაქმებელს მოუწევს ახალი გადასახადის გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ და გამოიწვევს 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის ზრდას“, - განაცხადა კახიძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ საპენსიო რეფორმის გარეშე ვითარებიდან გამოსავალი ვერ მოიძებნება. დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 45%) სოციალური ხარჯებია და მიუხედავად ამისა, პენსიონერები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენაა. დღეს არსებული პენსიის ოდენობა საკმარისი არ არის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

„გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას ვერ გადაჭრის პენსიის 10, 20 თუნდაც 60 ლარით გაზრდა. ამიტომაც, აუცილებელი და საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები ამ მიმართულებით.

იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და გახდეს კონკურენტული, ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულება კი საპენსიო რეფორმაა. ეს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც გულისხმობს დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს, ანუ სამი მხარის თანამონაწილეობას და სოლიდარულ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა კოვზანაძემ.