ქვეყანაში სამედიცინო კადრების კუთხით სრული ქაოსია. ექიმების რაოდენობით საქართველო ლამის მსოფლიო ლიდერია, ხოლო ექთნების რაოდენობით - აუტსაიდერი. გარდა ამისა, მათი კვალიფიკაცია დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. რაც დრო გადის სამედიცინო პერსონალით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს 305 ექიმიდან 300 ექიმის შემთხვევაში დადასტურდა, რომ მათ მიერ გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 93 ექიმს შეუჩერდა.
როგორც „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე აცხადებს, ზემოთ მოყვანილი ციფრები ნებისმიერ შემთხვევაში ყურადსაღებია, რადგან იგი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„მიმაჩნია, რომ მონაცემების მოწოდება სრულად უნდა მოხდეს. მაგალითად, რა კონკრეტული შეცდომები იქნა დაშვებული, რომელი დაავადებების დროს და რომელი მიმართულების ექიმებს შეეხო“, - განაცხადა სურგულაძემ.
ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად იკლებს, ამას კი კონტროლი სჭირდება. სფერომ პროფესიონალი კადრები უნდა გამოუშვას და შემდგომ მათი გადამზადება მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდება იღებენ დიპლომს და განვითარებას აღარავინ აგრძელებს“, - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.
სპეციალისტის აზრით, ასევე აუცილებელია სფეროს მკაცრი რეგულაციები დაუწესდეს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყველა დეტალის საფუძვლიანად შესწავლა მოხდეს.
„სექტორს ზოგადად მკაცრი რეგულაცია სჭირდება. მაგალითად, ნებისმიერი დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა განხილული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტული კლინიკის დონეზე, არა მხოლოდ ფორმალურად არამედ რეალურად. ქვეყანაში კონსილიუმის ცნება მოკვდა და ეს საკითხიც მისახედია“, - განმარტავს „კომერსანტთან“ საუბრისას სურგულაძე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ექიმთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ყატარის, კუბას, ავსტრიისა და რუსეთის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება.
ექიმთა რაოდენობის მხრივ, საქართველო მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსაც უსწრებს. მაგალითად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 10 000 სულ მოსახლეზე 53 ექიმი მოდის, მაშინ, როცა იგივე მოსახლეობაზე ბულგარეთსა და გერმანიაში 38 ექიმია გათვალისწინებული, შვეიცარიაში – 39, იტალიაში – 40, ლიტვაში – 41.
სამაგიეროდ, დიდი დეფიციტია ექთნების მხრივ. საქართველოში 1 ექიმზე 0.8 ექთანი მოდის მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. შვეიცარიაში ექთნების რაოდენობა ექიმებთან მიმართებაში 4,3-ია; ფინეთში - 4,8; საფრანგეთსა და გერმანიაში - 3,3; უკრაიანაში - 2,2; რუსეთში - 1,4.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ექთნებით რაოდენობის მხრივ კატასტროფული მაჩვენებელია საქართველოში.
„სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს ექთნების რაოდენობის შეფარდება ექიმების რაოდენობასთან. 1 ექიმზე 1 ექთანიც კი არ მოდის! და ეს მაჩვენებელი არა თუ იზრდება, არამედ იკლებს 2000 წლიდან მოყოლებული.
ექთანი დაუფასებელია. რატომ არ მიდის ხალხი ექთნის კურსებზე? იმიტომ, რომ ანაზღურება დაბალია. ერთია, რომ სახელმწიფოს სტრატეგია არ გააჩნია და გარდა ამისა, კერძო დამსაქმებლებიც ეკონომიას ექთნების ხარჯზე აკეთებენ. ასეთმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კლინიკებში სულ უფრო მცირდება მომსახურე პერსონალის რაოდენობა, რაც უარყოფითად აისახება მკურნალობის ხარიხსზე“, - აცხადებს ჩიხლაძე.