[მანანა ნოზაძე]
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია მიიჩნევს, რომ აფხაზეთში ქართველების დაბრუნების შემთხვევაში, აფხაზებზე შურისძიება არ დაიწყება, რადგან, თავისი ბუნებით, ქართველი შურისმაძიებელი არასდროს ყოფილა და ჩვენი ერის ფესვები დიდ კავკასიურ-იბერიულ ნიადაგშია საძიებელი.
ბოლო დროს გავრცელდა მამუკა არეშიძის განცხადება, რომ უნდა ვცნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რუსულმა მედიამ აიტაცა მისთვის სასურველი ეს თემა და აღტაცება არ დაფარა, რომ შევარდნაძემაც გაიზიარა ეს განცხადება. თუმცა ედუარდ შევარდნაძე არ ადასტურებს, რომ კატეგორიულად დაეთანხმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
- თუ ეს განცხადება შევარდნაძემ გაიზიარა... საზოგადოებამ პასუხი უნდა მოსთხოვოს შევარდნაძეს ჯერ მარტო იმის გამო, რომ ხელი შეუწყო აფხაზეთის დაკარგვის პროცესს და რამდენად „მნიშვნელოვანი“ როლი ენიჭებოდა ამ საქმეში. აფხაზეთის აღიარება, ან სიტუაციის არაკვალიფიციური დანახვაა, ან როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, „ატრაბატივანიე სვაეგო მესტა“, ანუ ვიღაც საკუთარ ადგილს ინარჩუნებს იმისთვის, რათა მიიღოს ანაზღაურება. ამისთვის კეთდება ასეთი განცხადებები.
იმავეს ფიქრობთ მამუკა არეშიძესთან მიმართებითაც?
- ზუსტად ეს არის, რომ მამუკა არეშიძე, ეტყობა, მისი ხელმძღვანელების წინაშე აჟღერებს იმას, რა დავალებაც აქვს მიღებული.
მისი ხელმძღვანელები ვინ არიან?
- შეუძლებელია, აზრად მოგივიდეს ის, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. მთელი მსოფლიო მიიჩნევს, რომ იაპონია კლასიკური დიპლომატიური აზროვნების ქვეყანაა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი აზროვნების ქვეყანამ რაღაც პატარა კურილიის კუნძულები რომ აღიაროს?! იაპონიის მაგალითი ჩვენთვისაც გასათვალისწინებელი უნდა იყოს. დააკვირდით, რა დამოკიდებულება აქვს იაპონიას კურილიის კუნძულებთან მიმართებით. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, მას რუსეთთან არანაირი ხელშეკრულება არ დაუდია, იგი არ ჯდება მოლაპარაკების არცერთ მაგიდასთან და სხვა. ამ პრეცენდენტს რატომ არ უწევენ ანგარიშს იგივე მამუკა არეშიძე, შევარდნაძეები და სხვები?
მავანი და მავანი ორიგინალურ ფორმებს ეძიებს იმისთვის, რათა გააჟღეროს საკუთარი პიროვნება. არ არის ამის აუცილებლობა. არც ორიგინალურობა იქნება, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთი და თურმე ამით ჩვენ გვეძლევა მისი შემორიგების შანსი. ეს აბსურდია.
თქვენ ხელმძღვანელები ახსენეთ და, ვისი რჩევით მოქმედებს არეშიძე?
_ არ ვიცი, შესაძლოა, შევარდნაძის დავალებითაც გააკეთა. რაც არ ვიცი, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით.
იმ შემთხვევაში, თუ არეშიძის იდეას ხელისუფლებაში მხარდამჭერები აღმოუჩნდებიან და გარკვეულ დონეზე ამის განხორციელებას შეეცდებიან, რა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით? ამ იდეის ავტორის თანახმად, ამით აფხაზების გენოფონდი დაღუპვას გადაურჩება?
- მე ვურჩევ ყველას, საკუთარ გენოფონდს მიხედოს, რადგან არანაკლები პროცესი მიმდინარეობს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ, ეთნიკურ სამოქალაქო ერთობებში. ეს ზოგადი პრობლემაა. ხოლო, რაც უფრო მალე მოვიკრებთ ძალას და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მოვიპოვებთ, მით უფრ ადრე გადავარჩენთ აფხაზ ეთნოსს.
პოლიტიკური მეცნიერების თანახმად, იმისთვის, რომ ეთნიკურმა საზოგადოებამ შექმნას სახელმწიფო, 12 ძირითად პირობას, მოცემულობას უნდა აკმაყოფილებდეს. მათგან სრულყოფილი სახით გამჟღავნებული არცერთი ნიშანი აფხაზურ ეთნიკურ საზოგადოებას არ გააჩნია. სახელმწიფოს შექმნის ამ 12 მოცემულობას შორის კი მნიშვნელოვანია: მდგრადი ეროვნული ენა, რომლითაც საუბრობს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რაც აფხაზეთში არ არის. ასევე, ეთნიკური ნიშანი, რომელიც ვლინდება საზოგადოებრივი ურთიერთობების ძირითად სფეროებში, როგორიცაა ეროვნული ეკონომიკა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებული იდეა. ამიტომ აფხაზების თვითმყოფადობისა და იდენტურობის შენარჩუნების უპირველესი წინაპირობა გახლავთ ის კეთილისმყოფელი გარემო, რომელსაც განვითარება მხოლოდ და მხოლოდ ზოგად ქართულ სივრცეში უწერია.
აფხაზები ქართველთაგან შურისძიებას უფრთხიან. ზოგად ქართულ სივრცეში დაბრუნების შემდეგ აფხაზები შურისძიებისგან დაზღვეულნი იქნებიან?
- როდის იყო ქართველი ვინმეზე შურს იძიებდა?! რატომ უნდა იძიოს ქართველმა შური, როდესაც იგი დიდი კავკასიური იბერიული ნიადაგიდან არის წამოსული. ასე რომ, ქვეცნობიერად ქართულ საზოგადოებას თავისი ღრმა ფესვები აღქმული აქვს. აბა, სადმე თუ გინახავთ რევანშისტული ან აგრესიული განწყობა ქართული საზოგადოების მხრიდან აფხაზებთან მიმართებით?! პირადად მე ასეთი რამ არ მინახავს. თუკი ახლა ზოგიერთი რუსული პროპაგანდისტული საშუალება ამაზე მიუთითებს, ეს სულ სხვა საკითხია.
მაგრამ, რაც აფხაზეთში მოხდა ქართველთა სასაკლაო, ამის მიუხედავად, შემწყნარებლობისა და ქართული დიდსულოვნების იმედი მაინც გაქვთ?
- თუ შეიძლება პირობითად ვთქვათ, კანონმა უნდა იძიოს შური. კანონმა უნდა დასაჯოს ის პირი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი.
მამუკა არეშიძის დაპირებისამებრ, რუსეთი აფხაზეთიდან ჯარს გაიყვანს?
- თუ კი, მამუკა არეშიძეს ამის სჯერა, სჯეროდეს, რომ რუსეთი ჯარს გაიყვანს. თუმცა რუსეთი არასდროს გააკეთებს ამას. თუკი მამუკა არეშიძე, ან მის მსგავსად მოაზროვნე სხვა პიროვნება ფიქრობს, რომ ჩვენ რუსებზე უფრო მზაკვრული გეგმის მოგონება შეგვიძლია, ეს სწორი მიმართულება არ არის. არა მგონია, რუსეთმა ქართველის ან აფხაზის მიერ გადადგმული ესა თუ ის ნაბიჯი მიიღოს. ამით ვერ ვაიძულებთ რუსეთს, გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტერიტორიულად გაამთლიანებს საქართველოს. აქ რომელიმე პიროვნების ან საძმოს პრობლემა არ დგას. უბრალოდ, ეს არის რუსეთის ნეოიმპერიალისტური სახელმწიფოებრივი ბუნება, რასაც ვერაფერი შეცვლის თუ არა შიდა ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს თვით რუსეთის შიგნით.
აქ მნიშვნელოვანია ზეწოლა, რომლის რესურსიც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას. ამისთვის ძალის მოკრება მიმდინარეობს. ახლო მომავალში, დაახლოებით ხუთწლეულში, ეს საკითხი ალბათ ქართველთა და აფხაზთა სასარგებლოდ, ასევე, თვით რუსეთის სასარგებლოდაც გადაწყდება.
აფხაზეთში საპრეზიდენტო წინასაარჩევნო სამზადისია. გარეგნულად, რუსეთი ამ საქმეში არ ერევა. როგორ გგონიათ, ვინ გახდება დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი?
- აფხაზეთში არსებულ პროცესებთან მიმართებით, არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, არამედ პოლიტიკურ სპექტრშიც არაკვალიფიციური წარმოდგენაა შექმნილი. არ შემიძლია, ჩემი მღელვარება არ გავამჟღავნო. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მარიონეტული ხელისუფლების თავმჯდომარე. ვინაიდან აფხაზეთში იმთავითვე დატრიალებული ამბები, განვითარებული პროცესები და მათი შედეგები, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა, სხვა არაფერია, თუ არა დიდი პოლიტიკური პროცესი.
ამ პროცესში მარიონეტული ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს არანაირი დამსახურება და წვლილი არ მიუძღვის. ამიტომ ანქვაბი იქნება, შამბა თუ სხვა ვინმე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ჩემი სულისკვეთების კაციც რომ მოხვდეს ამ პოსტზე, რუსეთი მაინც იმას გააკეთებს, რაც ჩაფიქრებული აქვს და, რაც მისი ნეოიმპერიალისტური ბუნებიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, რომც შეიცვალოს პუტინი ვინმე ვინოგრადოვით თუ ნემცოვით, დარწმუნებული ვარ, რომ რუსული სახელმწიფოს ნეოიმპერიალისტური ბუნება არ შეიცვლება. ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გარკვეული ზეწოლა არ მოხდება, სანამ საქართველოში ძალთა კონსოლიდაცია არ მიიღწევა. თუკი არ მოხდა საერთო კავკასიური ერთობის მოპოვება, ჩვენ ისევ და ისევ ამ მდგომარეობაში ვიქნებით.
ზოგადად, აფხაზეთში თუ არიან დარჩენილნი პროქართული ძალები?
- პროქართული ძალა აფხაზეთში არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს. ვინაიდან თუკი მეცნიერულად მივუდგებით ამ საკითხს, აფხაზეთი ჩვენგან გაუცხოებული ნაწილია. გაუცხოება ხდება ერთიანი ორგანული გარემოდან. საერთოდ, ფსიქოლოგიურ მეცნიერებას დამტკიცებული აქვს, რომ გაუცხოებას უკუპროცესი არ გააჩნია, ის არასდროს შემოტრიალდება ჩვენსკენ. ამიტომ ვაცხადებ, რომ დასაბრუნებელია აფხაზეთი. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ ჯერ აფხაზები უნდა დავიბრუნოთ და მერე აფხაზეთიო. აფხაზებს ჩვენ ვერასდროს დავიბრუნებთ, რადგან ეს პროცესი უკვე დასრულდა. ისინი გაგვიუცხოვდნენ. ეს ქართველების გამო იმდენად არ მომხდარა, ამაში აფხაზს ხელი შეუწყო რუსმა, მაგრამ ამ რეალობას დანახვა სჭირდება.
მეორე მხრივ, როცა ვამბობ, რომ უნდა შემოვიბრუნოთ აფხაზები, ეს უნდა გავაკეთოთ გარკვეული ძალის გამოყენებით. მხედველობაში არ მაქვს, რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების განხორციელება, მათი დასჯა, ვინც ჩვენ გაგვიუცხოვდა და ა.შ. ჩვენი მოქმედება დაახლოებით მშობლის პოზიციას უნდა ჰგავდეს, რომელიც ცოტა მკაცრად უდგება საკუთარ შვილს. ბუნებრივია, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
ამ სამი კანდიდატის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია. შემიძლია ვივარაუდო, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია გახდეს მარიონეტული აფხაზეთის ხელისუფალის უფლების შემსრულებელი, თუკი პუტინი მხარს დაუჭერს.
აფხაზი ხალხის მხარდაჭერას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?
- არანაირი დატვირთვა და ძალა ხალხს არ აქვს. ვინაიდან ხალხს თითს დაუქნევენ და ისინი იძულებულნი გახდებიან, ამ თითის დაქნევას გაუწიონ ანგარიში. ვინც კრემლის რჩეული დარჩება, ის იქნება მარიონეტული სეპარატისტული ე.წ. სახელმწიფოს მეთაურიც.
აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატს აფხაზური ენის ცოდნას სთხოვენ. ეს იმისთვის კეთდება, რომ რუსული გავლენა მიჩქმალონ?
- არსებობს რეალობა, არსებობს კონიუქტურაზე პასუხის გაცემის მცდელობა. ამით, უბრალოდ, კონიუქტრიურას სცემენ პასუხს, თორემ აფხაზური ენა ვერ შეიძენს იმ მნიშვნელობას, რაც სახელწიფო ენას უნდა ჰქონდეს. ვინაიდან აფხაზური ეთნიკური საზოგადოება დიდი სამოქალაქო ერთობის ერთი მცირე სეგმენტია. ამიტომ აფხაზეთში ეთნოკრატიული ღონისძიებები თუ განხორციელდება და აფხაზეთის დანარჩენ მოსახლეობას ძალის გამოყენებით შეასწავლიან აფხაზურ ენას, თორემ მასზე მოთხოვნილება ნამდვილად არ არსებობს. ენას ერთი თვისება გააჩნია, ძალის გამოყენებით ვერავინ ითვისებს. თუკი ენის მიმართ საზოგადოებაში ინტერესი არაა, იგი ცნობიერებაში განვითარებას ვერ პოულობს. დღეს აფხაზურად მოსაუბრე ხალხი მხოლოდ აფხაზეთის სოფლებს შემორჩა.
რაც შეეხება იქაურ ახალგაზრდობას, მათი უდიდესი ნაწილი მშობლიურ ენას არ ფლობს. ამ შემთხვევაში, ვიმეორებ იმ გულისტკივილს, რასაც გადმომცემენ ჩემი აფხაზი მეგობრები, რომელთანაც გარკვეული ურთიერთობები შემომრჩენია.