მსოფლიო კრიპტოვალუტების რეგულირებაზე ალაპარაკდა. გარდა ამისა, საუბრობენ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ენერგომოხმარების ტოტალურმა ზრდამ წარმოშვა. საქართველოში კი ჯერჯერობით ყურს არავინ იბერტყავს და ციფრული სისტემების განვითარებაზე მსჯელობენ. იდება მსხვილი გარიგებებიც: “ბიტფური ჯგუფმა” გლდანის დატა ცენტრი ჩინურ კორპორაციას მიჰყიდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების ოპერაციების რეგულირება მსოფლიო დონეზე გარდაუვალია. მომავალში ყველა კრიპტოვალუტა საერთაშორისო რეგლამენტს დაექვემდებარება.
“რა თქმა უნდა, ეს არის ის სფერო, სადაც საერთაშორისო რეგულირება და სათანადო კონტროლი აუცილებელია. ფინანსური კრიზისის შემდეგ, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენ ორგანიზაციების რეგულირება განვახორციელეთ და ახლა უკვე ოპერაციების მიმართულებით რეგულირების დრო მოვიდა”, - განაცხადა ლაგარდმა.
იგი დაუფარავად ამბობს, რომ კრიპტოვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს “ბნელი მხარეებიც” აქვთ და დასძენს, რომ ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას კრიმინალური საქმიანობისთვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრებისთვის.
გარდა ამისა, ციფრული ვალუტები ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ენერგოუსაფრთხოების მხრივ. ამაზე უკვე ჩივიან სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლები. მაგალითად, ისლანდაში ბიტკოინების მოპოვების პროცესზე სულ უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, რამაც ქვეყანას, შესაძლოა, ელექტროენერგიის დეფიციტი შეუქმნას.
ადგილობრივი ენერგეტიკულ კომპანია „ჰიტავეიტა სუდურნესიას“ ბიზნესის განვითარების დირექტორი იოჰან სნორი სიგურბერგსონი ამბობს, რომ ენერგიის მოხმარება არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ბიტკოინის მაინინგის ცენტრების მიერ ენერგიის მოხმარება წელს გაორმაგდება. ბოლო წლებში, ისლანდიაში სულ უფრო მეტი კომპანია ხსნის ინფორმაციის გადამუშავების ცენტრებს.
წელს ამ ტიპის ორგანიზაციებს საკუთარი ზემძლავრი კომპიუტერებისა და მათი გამაგრილებელი სისტემებისთვის, 840 გიგავატსაათი ენერგია დასჭირდებათ. ამ დროს მთელი ქვეყანის მოსახლეობა 700 გიგვატს მოიხმარს.
სიგურბერგსონის თქმით, ისლანდიით და მისი მწვანე ენერგოპოტენციალით სულ უფრო მეტი კომპანია ინტერესდება და თუ ასე გაგრძელდა, მალე ქვეყანა ენერგო დეფიციტის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
ამასობაში, საერთაშორისო გამოძახილის ფონზე, საქართველოში ციფრული ვალუტის მიკროსამყაროში დიდი ცვლილება განხორციელდა. მსოფლიო გიგნატმა „ბიტფური ჯგუფმა“ თბილისში, გლდანში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. მისი ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holding-ია.
“გარიგება აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას ჩინელ პარტნიორებთან და ეხმარება კომპანიას, გააგრძელოს წარმატებული გაფართოება აზიის ბაზარზე”, - განაცხადა “ბიტფურის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა.
კომპანიამ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. მან დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა და საპროცესინგო დატა ცენტრი ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით აღჭურვა.
Chong Sing Holding ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში სთავაზობს ონლაინ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგის აქციები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე განთავსებული. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებიც.
“გლდანში მდებარე დატა ცენტრის გარიგების ფასი კონფიდენციალურია”, - განუცხადა “საქმის კურსს “ბიტფური ჯგუფის” წარმომადგენელმა საქართველოში ეფრემ ურუმაშვილმა. მისი თქმით, პროცესით რამდენიმე მსხვილი კომპანია იყო დაინტერესებული, მათ შორის, კანადური, ამერიკული, ჩინური და ევროპული კომპანიები. “ყველაზე კარგი თანხა ვინც შემოგვთავაზა იმ კომპანიაზე გავაკეთეთ არჩევანი”, - აღნიშნა ურუმაშვილმა.
მისი თქმით, “ბიტფური ჯგუფი” ინვესტიციების განხორციელებას ინოვაციურ ტექნოლოგიებში გეგმავს, რაც თავისთავად ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას ითვალისწინებს.
“აზიურ ჰოლდინგს ამბიციური გეგმები აქვს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს განვითარებაში დარწმუნებულია. ჩვენ გამჭვირვალობის მომხრე ვართ და ვფიქრობთ, რაც უფრო ღია იქნება აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები, მით მეტად განვითარდება, როგორც ბაზარზე, ისე სახელმწიფო სერვისებში ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიც კრიპტოვალუტაა“, - აღნიშნა ურუმაშვილმა.