ხელისუფლებამ შავ ჯიპებს ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ ეს ტენდენცია ბოლო წლებში უკვე მოსახლეობამ დაამკვიდრა. უზარმაზარი ავტომობილები ხალხმა კარგა ხანია აითვალწუნა და მასზე მოთხოვნაც მკვეთრად შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობა კარგა ხანია გადავიდა ღია ფერისა და ეკონომიური ტიპის ავტომობილებზე. მთავრობა ამ შემთხვევაში მხოლოდ დამკვიდრებულ ტენდენციას უწყობს ფეხს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში შავი ჯიპების ეპოქის დასრულებაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, პირველ რიგში, მინისტრებმა უნდა ისარგებლონ.
“დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ ავტომანქანები, პირველ რიგში, მინისტრების დონეზე, მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა.
ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, იგი ესაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს და დელეგაციების დახვედრისას თუ ეტიკეტი მოითხოვს ამას, გამონაკლისის დაშვება შეიძლება.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ უფრო ადრე აითვალწუნა შავი ჯიპები, ვიდრე ხელისუფლებამ. ამიტომაც მოთხოვნა ასეთ ავტომობილებზე ბოლო დროს მკვეთრად შემცირებულია. “კავკასიის ბიზნეს ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სურგულაძე ადასტურებს, რომ დღეს ძირითადი მოთხოვნა ეკონომიურ ჰიბრიდულ მანქანებზეა, ხოლო შავ ჯიპებზე მოთხოვნა თითქმის აღარაა და ეს მენტალობა ქვეყანაში დროთა განმავლობაში იცვლება.
„შავი ფერის მანქანებზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში აღარ არის. ახლა, ძირითადად, ჰიბრიდულ და ეკონომიურ ავტომობილებს ყიდულობენ. წინა წლებში მოთხოვნადი სტანდარტული ფერის მანქანები იყო. მაგალითად, ვერცხლისფერი, შავი. ეს მიდგომა ბოლო ოთხი წელია შეიცვალა. წარსულში ამ მიმართულებით მენტალობის პრობლემა არსებობდა. ახლა მენტალობა იცვლება და მანქანა გადაადგილების საშუალებად იქცა”. - განაცხადა სურგულაძემ.
შავი ჯიპის მოდიდან გადასვლაზე საუბრობს „ჯითი მოტორსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი თათულიშვილიც. „ჩვენთან შავ ჯიპებზე განსაკუთრებული მოთხოვნა აღარ არის, პირიქით, მრავალფეროვნებაა და მომხმარებელსაც სხვადასხვა ფერის მანქანის შეძენა სურს. მათ შორის, როგორიცაა: თეთრი, წითელი და ლურჯი. ბაზარზე ღია ფერის მანქანები მკვიდრდება. შავი ჯიპის შეძენა მოდიდან გადავიდა“, - განუცხადა “კომერსანტს” თათულშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერის მოთხოვნას სწრაფად გამოეხმაურა. „ვფიქრობ, ამ მიმართულებით მთავრობის კანცელარია უფრო დაზუსტებულ კომენტარს გააკეთებს. მე რაც შემიძლია გითხრათ, ავტომობილებს, რომელიც ჩასანაცვლებელი იქნება, რა თქმა უნდა, უფრო ეკონომიური მანქანებით შევცვლით“, - აღნიშნა ქუმისიშვილმა.
ეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო კიდეც. იაპონიის მთავრობამ შსს-ს “მიცუბიშის” მარკის 96 ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომობილი გადასცა. ეს ავტომობილები საქართველოს მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა მათ ავტომობილები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადასცეს.
აქედან 45 ჰიბრიდულ ავტომობილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მიიღებს, ხოლო 51 ელექტრომობილს სხვადასხვა დეპარტამენტს გაუნაწილებენ. შსს-ს ინფორმაციით, ეს არის ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი.