მშენებლებს სანებართვო პროცედურის გამკაცრებას არ მოსწონთ

მშენებლებს სანებართვო პროცედურის გამკაცრებას არ მოსწონთ

სამშენებლო ნებართვების გამკაცრებაზე ყოველდღე მიდის საუბარი და მერიაც ახალ-ახალი ინიციატივით გამოდის. მუდმივი ცვლილება უკვე აღარ მოსწონთ მშენებლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამით სანებართვო პროცედურა ძალიან გართულდება.

მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება. თბილისის მერის, კახა კალაძის

თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და მერიასთან შეათანხმოს.

“იცით, რომ ვახორციელებთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უნდა გამყარდეს შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით. სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში. პირველივე დღიდან ეს სამსახურები უნდა იყოს ჩართული, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ.

ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვა გაცემული.

ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. ასევე, მშენებელს ვალდებულება ექნება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესახებ, დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოაქვეყნოს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა პროექტის შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მერიასაც. არსებული პარკები და სკვერები არ არის საკმარისი და ყველა მშნებლობის დროს ყურადღება დაეთმობა მიმდებარე ტერიტორიის მოწერიგებას და გამწვანებას“, - განაცხადა კალაძემ.

მშენებლებს რეგულაციების გამკაცრება სულაც არ მოსწონთ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით სანებართვო პროცედურა მხოლოდ გართულდება. სავარაუდოდ, ბიუროკრატიაც მოიმატებს.

„ტრანსპორტისა და ეკოლოგიის მიმართულებით გარკვეული რეგულაციები ისედაც არსებობს და ჩვენ სწორედ ამის მიხედვით ვმუშაობთ. ახალი პროექტი კონკრეტულად რას გულისხმობს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება აქამდეც იყო და ეს ახალი არ არის“, - ასე შეაფასა თბილისის მერიის ინიციატივით კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის პროექტი კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა.

მისი განცხადებით, სატრანსპორტო მიმართულებითაც მოქმედებს რეგულაცია, რომელიც გამტარობის გათვლას და მათ შორის შენობის განთავსებას ითვალისწინებს. ხდება პარკირების რაოდენობის გათვალისწინებაც.

„კანონმდებლობით პარკინგის გარეშე პროექტს ვერ შეათანხმებს, მაგრამ გვხვდება მაგალითები, რომ კორპუსს პარკინგი არ აქვს. ეს სხვა პრობლემაა. დღეს პარკინგის ადგილები აქტიურად იყიდება და სხვა დანიშნულებას ხმარდება. მის ადგილას შეიძლება მაღაზია, სალონი ან თონე შეგვხდეთ. ვფიქრობ, მუშაობა ამ მიმართულებითაა საჭირო. რაც შეეხება გამწვნნების საკითხს, 2009 წლიდან მოქმედებს K3 კოეფიციენტის საჭიროება და ზოგან მცირე ტერიტორიაა გამოყოფილი რეკრეაციისთვის, ზოგან უფრო დიდი. მთავარია ახალი მიდგომები ხისტი არ იყოს ბიზნესისთვის“, - განუცხადა „კომერსანტს“ კუნელაურმა.

პრობლემას სხვა მიმართულებაში ხედავს კომპანია „GDG+“-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნები გარკვეულ პროექტებზე მანამდეც ვრცელდებოდა, მთავარი სირთულე კი დასაბუთების გამცემი პირია.

„აქ არის ერთი მთავარი პრობლემა. ვინ მოგვცემს მაგალითად, ქვეითთა გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის შესაბამის დასაბუთებას, რომელიც დეველოპერმა მერიაში უნდა წარადგინოს? ვის მივმართოთ და საერთოდ, გვყავს ასეთი სპეციალისტები? ხომ არ აჯობებს, ჯერ გარკვეული ჯგუფი გადამზადდეს და მერე მივიღოთ კანონი?“ - აცხადებს წაქაძე.

მისივე თქმით, პირველ რიგში, სამშენებლო კომპანიებს უნდა მოეთხოვოთ ლიცენზია ვინ აშენებს, რას და როგორ, რადგან ბაზარზე არაერთი გაურკვეველი მშენებელია, რომელიც დღეს ხსნის კომპანიას და ხვალ იწყებს მშენებლობას.