სამშენებლო ბუმმა, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დიდი პრობლემები წარმოშვას. გეოლოგები და სეისმოლოგებიიმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. არადა, საქართველო სწორედ სეისმურად აქტიურ ზონაშია და დრო და დრო მიწისქვეშა ბიძგები საგრძნობია.
საუკუნეში რამდენიმეჯერ საქართველოში საკმაოდ სერიოზული მიწისძვრა ფიქსირდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ანუ 27 წელიწადში 9 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მათ შორის რაჭა-ზემო იმერეთისა და თბილისის დამანგრეველი სტიქიური მოვლენები. რამდენდაც მსგავსი მიწისძვრა მომავალშიც შეიძლება განმეორდეს, ამიტომ ბოლო წლებში დედაქალაქში გაჩაღებულმა მშენებლობამ ბევრი ეჭვი გააჩინა.
პრობლემა ქაოსური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. წესით და რიგით კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა გეოლოგიური დასკვნა, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ტექნოლოგიის, მთელი პროექტისათვის მომავალში. რეალურად კი ეს დოკუმენტი მხოლოდ ცარიელი ფურცელია.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის თქმით, გეოტექნიკური სამუშაოები ყალბდება და 100 ლარად ნებისმიერ ფურცელს იყიდი. ამასთან, გეოლოგების ლიცენზირება არ არსებობს და შესაბამისად, ამ პროფესიის ადამიანების კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს არა აქვს.
თბილისში არსებული სამშენებლო პოლიტიკის თანახმად კი, დამკვეთი ვალდებულია, არქიტექტურის სამსახურს, სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს გეოტექნიკური დასკვნაც. დასკვნაზე კი კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები მუშაობენ. ქანების შესწავლის პროცესს და შედეგს სახელმწიფო არ აკონტროლებს. ის ექსპერტს უპირობოდ ენდობა.
სპეციალისტების შეფასებით, სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ საფრთხე ყოველდღიურად მატულობს. ორგანიზაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ სეისმური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ზონებია მთიანი რეგიონები, სადაც ადრე ზღვარი 8-ბალიანი იყო და ახლა 9 ბალამდე ავიდა. საფრთხემ იმატა დედაქალაქშიც, სადაც ადრე ზღვარი 7 ბალი იყო, ახლა კი 8-მდე მოიმატა. ამის საპირისპიროდ, კონტროლის გაძლიერების მაგიერ, შემოწმების სისტემა მთლიანად მოიშალა:
“ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში აღმოჩნდა. 2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალიანობა ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ჩანასახშივე მოკვდა. არადა, ქვეყანა, რომელიც სეისმურად საშიში ზონაშია, იქ დაგეგმილმა ყველა პროექტმა სეისმური უსაფრთხოები სპეციალური ექსპერტიზა უნდა გაიროს. ამ დროს საქართველოში ექპერტიზის სამსახურიც კი გაუქმდა და ბოლო წლებში შენობები ყოველგვარი შემოწმების გარეშე შენდება”, - აცხადებს საკანდელიძე.
მისი თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თბილისში წარმოებულ მშენებლობებზე დარღვეულია ტექნიკური პარამეტრები, არ არის გათვალისწინებული შენობების სეისმომდგრადობა, ანუ უგულებელყოფილია სამშენებლო ნორმები და წესები, რაც უნდა უზრუნველყოფდეს შენობის სეისმომედეგობას, მის მზიდუნარიანობას, გამძლეობას, საიმედოობას და ა.შ.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ 10-20 წლის წინ აშენებული შენობები რამდენიმე წელიწადში პრობლემებს გაუჩენს მობინადრეებს და დღეს დაფარული ხარვეზები თვალნათლივ გამოჩნდება.