კომპანია „ბადაგონში“ საფინანსო საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. კომპანიის მთავარი მეღვინე აცხადებს, რომ საწარმო დილიდან პარალიზებულია და ჯერ არ იციან, როდის გააგრძელებენ სამუშაო პროცესს.
„იმედია ყველაფერი დროულად გაირკვევა, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში საწარმო ზარალზე წავა“, - აღნიშნა სანდრო ქუმსიშვილმა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია „ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დამატებითი განმარტება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს “ბადაგონის“ სათავო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში.
„ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ბადაგონის“ ოფისში ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც კომპანიის წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას უკავშირდება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 182-ე მუხლით („დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა“), რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
რაც შეეხება კომპანია „ბადაგონის“ წილებს, რეესტრის მონაცემების მიხედვით, პირველი ცვლილება 2010 წლის 1 თებერვლით არის დათარიღებული. იმ დროისათვის 79%-ს ფლობდა Grakoro trading limited-ი, 7-7% ეკუთვნოდათ მიხეილ სვიმონიშვილს, ნატო ზაალიშვილსა და შოთა გვარაძეს, რომლებმაც საკუთარი წილები Grakoro trading limited-ის სასარგებლოდ დათმეს.
2010 წელს Grakoro trading limited-ი კომპანია „ბადაგონის“ ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2013 წლის ივლისში ბადაგონის 40%-იანი წილის მფლობელი გახდა გიორგი სალაყაია, ხოლო 60% ისევ Grakoro trading limited-ის საკუთრებაში რჩებოდა.
2015 წლის იანვრის დასაწყისში Grakoro trading limited-ის წილი კიდევ 10%-ით შემცირდა და სალაყაია 50%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2015 წლის იანვრის ბოლოს კი სალაყაია უკვე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.
კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ კომპანიის ხელში ჩაგდება, სავარაუდოდ, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს სურს.
„ბადაგონში“ საგამოძიებო უწყების შესვლის მიზეზი კომპანიის ყოფილი დამფუძნებლის, ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადება გახდა, რომელსაც კომპანიის წილთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს.
სალაყაიას თქმით, ჯანჯღავა უკვე 4 წელია „ბადაგონის“ დამფუძნებელი აღარ არის და კომპანიას მასთან შეხება ან ვალდებულება აღარ აქვს.
სალაყაიას განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანიაში სამთავრობო უწება შევიდა. მსგავს ფაქტს ადგილი 2006 წელსაც ჰქონდა და ახლა, 11 წლის შემდეგ, კვლავ მოხდა მსგავსი ფაქტი.
კომპანიის მფლობელის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მიერ მოხდა საწარმოო პროცესის პარალიზება. სალაყაიას ვარაუდით, როდესაც „ბადაგონი“ გახდა ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ლიდერი, გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ბრძოლა მის ხელში ჩასაგდებად.
გიორგი სალაყაიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობს დავით ბეჟუაშვილი.
„ამ ადამიანმა 2006 წლიდან დაიწყო მოქმედებები „ბადაგონის“ ხელში ჩასაგდებად. ყველას კარგად ახსოვს 2006 წლის მოვლენები, თუ რა გადავიტანეთ“, - განაცხადა სალაყაიამ.
მისივე თქმით, კომპანიაზე 2012 წლის არჩევნებამდე კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა.
„2012 წლის თებერვალში შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია. პარალელურად, შექმნეს ჩვენი კონკურენტი კომპანია და იყო პირდაპირი მითითება, რომ გარკვეული წილი უნდა დაგვეთმო. მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა დავით ბეჟუაშვილი და ასევე სავარაუდოდ - კახა დამენია, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. გადაგვარჩინა მაშინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ ვერ მოასწრეს კომპანიის მითვისება“, - განაცხადა სალაყაიამ.
სალაყაიას ვარაუდით, ბატონი ბეჟუაშვილი ამჯერად დაუკავშირდა თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნილს, რუსეთის მოქალაქეს ვლადიმერ ჯანჯღავას და მას დააწერინა განცხადება.
სალაყაია აღნიშნავს, რომ 2014 წელს უცხოური კომპანია Grakoro trading limited-ისგან, რომელიც „ბადაგონის“ 60%-იან წილს ფლობდა, ბიზნესი კანონმდებლობის ყოველგვარი დაცვით შეიძინა.
„სავარაუდოდ, დავით ბეჟუაშვილმა დააწერინა აბსურდული განცხადება, რომ თითქოს ეს წილი არასწორად იქნა ჩემზე კომპანია Grakoro trading limited-ისგან გადმოფორმებული. ამ სამი წლის განმავლობაში არც ერთი წერილი, სატელეფონო ზარი არც კომპანიაში, არც ჩემთან არ არის მოსული, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდა“, - განაცხადა სალაყაიამ.
„ბადაგონის“ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მომხდარს პოლიტიკას უკავშირებს.
„ეს არის პოლიტიკური პროცესი და ზეწოლა კომპანიაზე. ეს არის ყველაზე წარმატებული კომპანია და მისი გაჩერება უნდათ. სავარაუდოდ, ბეჟუაშვილი დგას ამის უკან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხატიაშვილმა.
ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი, მინდია დვალიძე, აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიას ყვება - მისი განმარტებით, ვლადიმერ ჯანჯღავას, „ბადაგონში“ ოცმილიონიანი ინვესტიცია აქვს ჩადებული.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯანჯღავამ წილი 2015 წელს სალაყაის სასარგებლოდ ზეწოლის გარეშე დათმო, თუმცა ახლა წილების დაბრუნებას ითხოვს, ვინაიდან, სალაყაიამ ნდობით ბოროტად ისარგებლა და შეთანხმება დაარღვია, რომელიც თანხის დაბრუნებას ითვალისწინებდა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, კომპანიაში ვლადიმერ ჯანჯღავას და თეიმურზ უბილავას კუთვნილი თანხებია ინვესტირებული, რაც დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
„შესაძლოა, კომპანია Grakoro trading limited-ში უშუალოდ ვლადიმერ ჯანჯღავას, როგორც ბენეფიციარის, გვარი ვერ ამოიკითხოთ, თუმცა კომპანიაში ჯანჯღავას მეუღლე და სიმამრი იყვნენ გაფორმებული. სალაყაიას ერთი თეთრი არ მიუტანია კომპანიაში, თუ არ ჩავთვლით კრედიტებს, რომლებიც უხვად აიღო.
რაც შეეხება წილის დათმობას, ჯანჯღავა რუსეთშია, ის რუსეთის მოქალაქეა და სალაყაია მას ჰყავდა, როგორც მენეჯერი, ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ანდო წილის მართვა, რათა ადვილი ყოფილიყო თანხების მოზიდვა.
ზეწოლა არ ყოფილა, იყო ნდობის ფაქტორი. ამ ნდობით ბოროტად ისარგებლა სალაყაიამ და წილი მიითვისა. ვერანაირ დოკუმენტს იმისას, რომ სხვა წყაროებიდან ხდებოდა ფულის მობილიზება, ის ვერ წარადგენს. დავით ბეჟუაშვილის გვარის ხსენება არის აბსურდი, თაღლითად ჯანჯღავას მოხსენიება კი დიდი უსინდისობა“,- აღნიშნავს ადვოკატი.
„ბადაგონის“ დღევანდელი მფლობელი საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რომ აღნიშნულ საკითხში პირადად ჩაერთოს.
ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.
„პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებებს არ შეუჩერებია კომპანიის საწარმოო პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით „ბადაგონის“ დამფუძნებლებს, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით“,- ნათქვამია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში.