სატელეკომუნიკაციო ბაზრის ოლიგოპოლიზაციისკენ მიმართულმა ტენდენციამ დიდ უკმაყოფილება გამოიწვია. დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ორი სუბიექტის ხელში თითქმის ყველაფრის მოქცევა ბაზარს განვითარების საშუალებას მოუსპობს, ხოლო მომხმარებელს კი - კონკურეტულ ფასებს. სახელწიფომ რეაგირება დააგვიანა, ამიტომ სამომავლოდ სატარიფო “სიურპრიზები” გამორიცხული არ არის.
თუკი ,,სილქნეტი” ,,ჯეოსელს” იყიდის, მობილური აბონენტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიზიო მომსახურების 83%-ს ,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” გააკონტროლებენ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 5 001 409 აბონენტი. აქედან “მაგთიკომის” მომხმარებელია 1 971 125 აბონენტი, ანუ მთლიანი აბონენტების 39,4%. დღეისათვის “ჯეოსელს” 1 751 267 აბონენტი ჰყავს, “სილქნეტს” 17 612 აბონენტი. გაერთიანების შემთხვევაში, “სილქნეტის” აბონენტების რაოდენობა 1 768 889-მდე გაიზრდება, რაც ბაზრის 35,3%-ს შეადგენს. ბაზარზე მესამე მოთამაშეა კომპანია ,,მობიტელი”, იგივე ,,ბილაინი”, რომელიც 1 349 189 აბონენტს ფლობს და ბაზრის 26,2%-ს იკავებს.
რაც შეეხება ინტერნეტბაზარს, აქ რეგისტრირებულია 733,691 აბონენტი, ბაზრის 77% სწორედ ,,მაგთიკომისა” და ,,სილქნეტის” ხელშია. შესაბამისად, ,,მაგთიკომი” აკონტროლებს ბაზრის 40%-ს, ხოლო ,,სილქნეტი” - 37%-ს.
კიდევ უფრო მაღალ პროცენტს იკავებენ კომპანიები სატელევიზიო მომსახურების ბაზარზე, სადაც 83%-ს სწორედ აღნიშნული ორი კომპანია აკონტროლებს.
,,სილქნეტის” და ,,მაგთიკომის” ერთადერთი რეალური კონკურენტი ბაზარზე ,,ბილაინი” რჩება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 26%-იან წილს ფლობს. ძნელი სავარაუდოა, რომ ,,ბილაინმა” რაიმე კონკურენცია გაუწიოს ორ მსხვილ კომპანიას და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ,,კავკასუს ონლაინის” შეძენის საშუალება არ მისცეს, ,,ბილაინის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბაზარზე საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. და ახლა, როდესაც ოლიგოპოლია კიდევ უფრო ძლიერდება ,,ბილაინის” ბაზრიდან გასვლა სულ უფრო რეალური ხდება.
საქართველოში კომპანია Newtelco-ს აღმასრულებელი დირექტორი მათიას ჰატმანი საქართველოში ინტერნეტ ბაზარზე შექმნილ სიტუაციას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული მხოლოდ ორი მსხვილი კომპანიის არსებობს საერთაშორისო ინვესტორების შემოყვანას აფერხებს.
„ბოლო პერიოდში "სილქნეტმა" დაანონსა "ჯეოსელის“ შეძენა. მანამდე „მაგთის“ საკუთრებაში გადავიდა „კავკასუს ონლაინი“. შედეგად გვაქვს ორი მსხვილი ოპერატორი ბაზარზე. ეს მათთვის კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკურენციისთვის არ არის კარგი. ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ შემოდიან საერთაშორისო ოპერატორები და აქ მხოლოდ ორი ადგილობრივი კომპანიაა წარმოდგენილი.
ინტერნეტი საქართველოდან უნდა გავიდეს სხვა ქვეყნებშიც და თუ თქვენ არ გეყოლებათ საერთაშორისო კომპანიები, ფასები არ შემცირდება.
როდესაც საერთაშორისო ოპერატორს სურს შემოსვლა და ხედავს, რომ მხოლოდ ორი მოთამაშეა, მას არ აქვს დიდი არჩევანი. თუ "სილქნეტი" მაინც "ჯეოსელს" შეიერთებს გვიანი იქნება ნაბიჯების გადადგმა. სახელმწიფოს უარი უნდა ეთქვა ამ გარიგებისთვის. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო“,- განუცხადა “ბიზნეს მედიას” Newtelco-ს წარმომადგენელმა.
დაახლოებით იგივე აზრს ანვითარებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმღვანელი უჩა სეთურიც, თუმცა, მისი აზრით, მსხვილი გარიგებები ბაზარზე არსებული რთული რეალობიდან მომდინარეობს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში არსებობს ტრენდი, რომ სხვადასხვა კომპანიები ერთიანდებიან, თუმცა ეს მომდინარებს არა მათი სურვილიდან, არამედ ბაზარზე არსებული რთული კონკურენტული მდგომარეობიდან.
"სახელმწიფო ამბობს, რომ მცირე ბიზნესზეა დამყარებული კონკურენცია და მეორე მხრივ, ისმის კითხვები, რა პირობებია იმისთვის მცირე ბიზნესმა, რომ იარსებოს და ასეთი შერწყმა ხომ არ არის განპირობებული ბაზარზე არსებული და კონკურენციის პრობლემებით?! ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამის ბრალია ეს და არა იმის ბრალი, რომ მსოფლიო ტრენდია და ხალხს უნდა ერთმანეთთან შერწყმა. მეამიტები უნდა ვიყოთ, რომ ეს დავიჯეროთ. რა თქმა უნდა, ეს არის მოცემულობების ბრალი.
პირობები არ იყო ხელსაყრელი “ჯეოსელისთვის” და მას მოუწია ამ გარიგებაზე წასვლა. მთავარი არის ის, რომ ეს მოიტანს უარყოფით შედეგს კონკურენციისთვის. აღარ დარჩება სივრცე საცალო ბაზარე იმ მოცემულობებში, როდესაც დისკრიმინაციული საბითუმო ტარიფებია, საცალო ბაზარზე გვაქვს დემპინგური ტარიფები“, - აცხადებს სეთური.