დიზელის საწვავთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. ბიზნესმენთა ნაწილი მის აკრძალვას მოითხოვს, მაგრამ ნავთობიმპორტიორებს ეს ვერ წარმოუდგენიათ. ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე კი ყველა თანხმდება.
„თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს. მან ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე დააყენა.
„საკითხი ეხება ქვეყნის ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, ეს ეხება დიზელის საწავავს, რომელიც ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. თბილისში 67% დაბინძურებისა მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა აღქმული წინადადება და დაგვპირდნენ, რომ საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ ძალიან საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.
სხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს მენავთობეები. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ დიზელის გამოყენების აკრძალვა გამორიცხულია. ამ ტიპის საწვავის იმპორტი სრულად ვერ აიკრძალება, თუმცა ქვეყანაში უხარისხო არასტანდარტული პროდუქციის შემოტანა და რეალიზაცია არ უნდა ხდებოდეს.
„ზოგადად, დიზელის საწვავის გამოყენების აკრძალვა გამორიცხულია, რადგან სწორედ ამ საწვავს მოიხმარს სატრანზიტო გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამერნეო თუ სამხედრო ტექნიკა და ა.შ. თუ უხარისხო პროდუქციის შემოტანაზეა საუბარი, ამაზე რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით. გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, არასტანდარტული, უხარისხო საწვავის რეალიზაცია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემასაც აჩენს, რადგან მისი ფასი შედარებით დაბალია“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
მანვე საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის არსებულ მექანიზმზეც ისაუბრა. მთვრალაშვილის განცხადებით, საკმაოდ მაღალია საჯარიმო სანქციები, როგორც ავტოგასამართი სადგურების, ისე მწარმოებელი თუ იმპორტიორი კომპანიების მიმართ.
„ხარისხის კონტროლის მექანიზმი საკმაოდ დახვეწილია, თუმცა სასურველია, იგი კიდევ უფრო გამკაცრდეს. კერძოდ, გაიზარდოს ხარისხის ზედამხედველობა, შემოწმება. ამასთან, სასურველია ოპერატორების კონტროლი მოხდეს არა შერჩევით, არამედ ზედამხედველობა ყველა ოპერატორის მიმართ ინტენსიურად განხორციელდეს“, - განუცხადა „ბიპიენს“ მთვრალაშვილმა.
კომპანია „გალფი“ კი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას მიესალმება და აცხადებს, რომ ეკოლოგიის თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე ამბობს, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი შეძლება იყოს.
„სჯობს ამ თემას ახლავე მიექცეს მაქსიმალური ყურადღება. „გალფი“ მხოლოდ მიესალმება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რადგან როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი მომავალი თაობისათვის ეკოლოგიის თემა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. კომპანია „გალფმა“ 2014 წლიდან საქართველოში „ევრო 5“-ის სტანდარტის საწვავის შემოტანა დაიწყო და ახლა ავტოგასამართ სადგურზე იყიდება მხოლოდ ამ სტანდარტის შესაფერისი საწვავი“, - აცხადებს ჯიბლაძე.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სექტემბერში გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა და ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი შემოწმებულ ობიექტებზე არ გამოვლენილა.
რაც შეეხება კანონმდებლობას, ავტოგასამართი სადგურები, სადაც საწვავის ხარისხი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, 8 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ფულადი სანქციებია განსაზღვრული ასევე ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის იმპორტის შემთხვევაშიც, რა დროსაც კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, ხოლო უხარისხო საწვავის წარმოება-გამოშვებაზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს 9 ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.