ახლო მომავალში ლარი გამყარების გზას არ გადაუხვევს

ახლო მომავალში ლარი გამყარების გზას არ გადაუხვევს

ასე იმედიანად ლარის კურსის მიმართ არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა კარგა ხანია არ ყოფილა. რამდენადაც კრიზისული პერიოდი უკან მოტოვებულია, საჯარო მოხელეები სულ სხვა ჰანგზე არიან მომართულნი. იმედიანი განწყობა აქვთ ფინანსისტებსაც. როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, საშუალოვადიანი ფაქტორები, რომლებიც ახდენს გავლენას ლარის კურსზე, არის პოზიტიური. მიუხედავად ამისა, სებ-ის ხელმძღვანელი ტრადიციულად, კურსის პროგნოზირებაზე უარს ამბობს.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ დადებითია ლარის კურსზე მოქმედი არაერთი ფაქტორი. ამასთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წლის მესამე კვარტალში იყო რეკორდულად დაბალი და სამომავლოდ სებ-ი ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელის.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება თუ როგორი იქნება გაცვლითი კურსი, მაგრამ ის გარემო, რომელიც დღეს არსებობს, პოზიტიურ მაჩვენებლებს გვაძლევს“, - აცხადებს გვენეტაძე.

ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ კავშირგაბმულობის ბაზარზე ფორმირებული მსხვილი გარიგება ლარის გაცვლით კურსს პრობლემას შეუქმნიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ კომპანია „სილქნეტსა“ და „ჯეოსელს“ შორის არსებული გარიგება ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, ტრანზაქციაც და დაფინანსებაც აშშ დოლარში ხდება, განსხვავებით „თიბისი ბანკსა“ და „ბანკ რესპუბლიკას“ შორის განხორციელებული გარიგებისგან.

„ლიკვიდობა ამ ვალუტაში ბანკებს საკმაოდ მაღალი აქვთ, რაც დიდი ალბათობით გამორიცხავს აუცილებლობას, რომ ბაზარზე მოხდეს დოლარის შესყიდვა. ამიტომ იმის თქმა, რომ ეს გარიგება გავლენას მოახდენს ლარის კურსზე არ იქნება სწორი, თუმცა ამაზე უფრო ნათლად შეიძლება საუბარი მას შემდეგ, რაც უშუალოდ შეთანხმების დეტალები გახდება ცნობილი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად „თიბისი ბანკსა“ და „ბანკ რესპუბლიკას“ შორის განხორციელებული გარიგება სახელდებოდა.

სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ლარის წონასწორობის ახალი კურსი უნდა ჩამოყალიბდეს. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილის აზრით, დევალვაციის საფრთხემ გაიარა და უახლოეს პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია აშკარა და ყველასთვის თვალსაჩინო იქნება.

„წინა წელს მაკროეკონომიკური ფაქტორები გაუმჯობესებული იყო, მაგრამ ლარი არნახულად უფასურდებოდა. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ კურსი ეკონომიკური პროცესების მიღმა იცვლებოდა, შეიძლებოდა, კონკრეტულ დღეს რაღაც კონკრეტული ტრანზაქციას ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. ახლა როდესაც დაწყნარდა სიტუაცია და პანიკაც დაცხრა, მაკროეკონომიკურმა ვითარებამაც გარკვეული გავლენა იქონია ლარის კურსზე. ახლა იგი წონასწორობის ახალ ნიშნულს ეძებს და იპოვის კიდეც.

ლარზე პანიკური აჟიოტაჟი იყო 2017 წლის ბოლოს. მაშინ ეროვნულ ბანკს მცირე ინტერვენცია რომ მოეხდინა და ის პანიკა თავიდან აეცილებინა, წლის ბოლოს და ამჟამადაც კურსს სტაბილურად შეინარჩუნებდნენ. თუკი სწორად იმოქმედებს მთავრობა და გეგმის მიხედვით წავა ბიუჯეტის ხარჯვა, ლარს არაფერი ემუქრება“, - აცხადებს ჯანიაშვილი.