ბოლო პერიოდში მსოფლიოსა და საქართველოში ერთობ პოპულარული წელვადი ჟელე მომწამვლელი აღმოჩნდა. ბრიტანეთში აგორებულმა სკანდალმა საქართველშიც მალე ჩამოაღწია. მომაკვდინებელი სათამაშო, რომელიც ბოლო დასკვნის მიხედვით მომწამვლელი ნივთიერების დასაშვებზე 29-ჯერ მეტ დოზას შეიცავს - თბილისის მაღაზიებიდან უკვე ამოღებულია.
კვლევებით დადგინდა, რომ მაგნიტური ჟელე ე.წ. ტყლარწი სიცოცხლისთვის საშიშია და მისი მცირე რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა ჯერ მწვავე ინტოქსიკაციას, გართულების შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევს.
დღეს ბაზარზე სათამაშო ჟელეს რამდენიმე სახეობა იყიდება. სპეციალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, წელვადი მასა, რომლის შემადგენლობაშიც რკინის ნაწილაკები შედის. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნივთიერება დარიშხანის სახიფათო დოზას შეიცავდა.
ბავშვებისთვის განკუთვნილი მაგნიტური ტყლარწი, სახელწოდებით ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღეს. პროდუქტში დარიშხანის შემცველი ნივთიერება ნორმას შვიდჯერ აღემატება. ექსპერტები შიშობენ, რომ ბავშვი იმ შემთხვევაშიც მოიწამლება, თუ წელვად მასას ხელით შეეხება. მაგნიტი კი 29-ჯერ აღემატება დაშვებულ მაგნიტურ ძალას, ამასთან პროდუქტში შემავალი ტყვია ორჯერ აღემატება დასაშვებ ოდენობას.
წელვადი ჟელე - ტყლარწი, არა მარტო პატარა ბავშვებში, არამედ მოზარდებშიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. ფერადმა სათამაშომ სრულიად მსოფლიო დაიპყრო, მათ შორის საქართველოც.
მშობლების ნაწილი ბავშვებისთვის ტყლარწის ყიდვას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო ერიდება. საქართველოში აღნიშნული პროდუქტის ხარისხის კონტროლი არ ხდება და ვერავინ იტყვის რამდენად მავნეა ესა თუ ის კონკრეტული პროდუქტი. თუმცა ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში ქიმიური ელემენტი - ბორაქსის ფხვნილია.
საერთოდ, ქართულ ბაზარზე არსებული ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების შემცველი სათამაშოების რეალიზაციის შეჩერების მაქსიმალური ვადა, ევროდირექტივების მიხედვით, 2019 წელია. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში ტექნიკური სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიეცემა უფლება, გლობალური დირექტივებით განსაზღვრული რისკის შემცველი პროდუქტების გაყიდვები შეაჩეროს, ბაზრიდან პროდუქტი ამოიღოს ან მომხმარებლებისგან გამოითხოვოს.
სათამშოების ბაზარზე სავალალო მდგომარეობაა. 2017 წლის მარტში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოები არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერებაა.
საქართველოში საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოება არ მოწმდება. გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ინტოქსიკაცია, ალერგია - ეს არის შედეგები, რომლებიც უხარისხო სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს. საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ბაზარზე არსებული პროდუქციის ზედამხედველობის ორგანოს შექმნის ვალდებულება აიღო, თუმცა ეს მოთხოვნა ჯერაც არ შესრულებულა.
ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი - იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციის გლობალურმა ქსელმა“ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინა.
მიუხედავად ბოლო პერიოდში არაერთი საფრთხის დადასტურებისა, საეჭვო სათამაშოების შეძენას მშობლების დიდი ნაწილი ეკონომიური მდგომარეობით ამართლებს. ისინი ამბობენ, რომ ბავშვებს გასართობის გარეშე ვერ დატოვებენ და რადგან არ აქვთ საშუალება, ძვირადღირებული და ჯანსაღი სათამაშო უყიდონ და იაფს სჯერდებიან.