მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა მცირდება. ამის მიზეზი რეგულაციებია, რომელიც ამ ტიპის დაწესებულებების მიმართ თანდათან მკაცრდება. ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო მიკროსაფინანსოების ჩარსოებში მოქცევა და ახლაც აგრძელებს. მიმდინარე წლის ბოლომდე მათდამი დამოკიდებულება კიდევ გამკაცრდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში ქვეყანაში სულ 75 მსო ოპერირებდა მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 81 ერთეული იყო, უფრო გვიან, 2017 წლის მაისში კი საქართველოში 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას განცხადებით, 2017 წლის დასაწყისიდან, როდესაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, ონლაინ კრედიტების შემთხვევაში ვითარება შედარებით გამოსწორდა, თუმცა ზოგადად მიკროსაფინანსო სექტორი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ შემოვიღეთ წლის დასაწყისში გარკვეული რეგულაციები, რამაც გავლენა ნამდვილად იქონია ამ სექტორზე. თუმცა ახლა გვაქვს ინიციატივა რომლის თანახმადაც, მოვახდენთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სრულ რეგულირებას, დაწყებული რეგისტრააციიდან, დამთავრებული ლიკვიდაციამდე. ეს ორგანიზაციები მოექცევიან ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ სწორედ ისე, როგორც ეს კომერციული ბანკების შემთხვევაში ხდება“, - აცხადებს კიკორია.
2018 წლიდან მოყოლებული საწესდებო კაპიტალი უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც იზრდება. ამჟამად მსო-ებისთვის დადგენილი მინიმალური კაპიტალის ზღვარი 250 000 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ზღვარი სქტემბრიდან ნახევარ მილიონ ლარამდე, 2019 წლიდან კი 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირებას გამკაცრებულ რეგულაციებს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს. მისივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ ბაზარზე არასაბანკო დაწესებულებების გამსხვილებაც მოხდეს.
„ზოგადად ეს არის საფინანსო სექტორისათვის ძალიან ცუდი ტენდენცია, რადგან არასაბანკო საფინანსო სექტორი საფინანსო სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ის არის პირდაპირი კონკურენტი საბანკო სექტორის და მათგან განსხვავებით მოსახლეობის ფართო მასებისათვის ქმნის დამატებითი შემოსავლისა და საკრედიტო დაბანდების შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკს სრული უფლება მისცა, რომ ამ სექტორის კონტროლი და რეგულირება მოახდინოს.
ყველა ის ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში არასაბანკო სექტორის მიმართ განხორციელდა, არასწორი იყო. სახელმწიფომ შეცდომა დაუშვა, როდესაც რეგულატორს, რომელიც უნდა ზრუნავდეს საბანკო სექტორის განვითარებაზე, მისცა მკაცრი რეგულირების ყველა შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს და მოახდინოს რეგულირება იმ სექტორის, რომელიც პარალელურად საბანკო სექტორის ყველაზე სერიოზული კონკურენტია“, - განუცხადა „ბიპიენს“ ირაკლი ბერძენაძემ.
ფინანსისტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საწესდებო კაპიტალის გაზრდა 2018 წლის სექტემბრიდან მოხდება, ბაზარზე მყოფი მიკროსაფინანსოებიდან 70-80% დარჩენას ვერ შეძლებს, ხოლო თუ ვადა 2019 წლამდე გადაიწევა, ორგანიზაციების დაახლოებით 20%-ის გარდა, ბაზარზე ყველა დარჩება. ამიტომაც არის საჭირო, ვადის 2019 წლამდე გადაწევა, თუმცა ეროვნული ბანკი ამ პოზიციას ჯერჯერობით არ იზიარებს.