ოპოზიციური „ექვსეული“ მოხალისეებთან ერთად იწყებს ბრძოლას

ოპოზიციური „ექვსეული“ მოხალისეებთან ერთად იწყებს ბრძოლას

[მანანა ნოზაძე]

ოპოზიციური „ექვსეული“ საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლას საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად აპირებს. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „თბილისი მერიოტში“ საზოგადოებისთვის ავტორიტეტულ ადამიანებთან შეხვედრისას დააანონსა. შეხვედრას ხელოვანი ადამიანები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ესწრებოდნენ.

ალასანიას თქმით, არჩევნებისთვის ბრძოლა სწორედ ხალხისთვის ავტორიტეტული ადამიანების თანამონაწილეობით უნდა განხორციელდეს, რომლებიც მედიამონიტორინგისა და უფლებათა დაცვის პრობლემური საკითხების მოგვარებას შეეცდებიან. ამასთან, ალასანია აღიარებს, რომ ასეთი ავტორიტეტული პირების გამოჩენა საინფორმაციო ვაკუუმში მყოფი რეგიონებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ხალხი დანატრებულია მათთვის პატივსაცემი ადამიანებისგან თქმულ მართალ სიტყვას.    

დღესვე მოხალისეთა სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც გაწევრიანებას
ოპოზიციური „ექვსეული“ ცნობად ადამიანებს სთავაზობდა. მოხალისეთა სიის დასაწყისში ჩვენ ნანა დევდარიანისა და კახა კახიშვილის გვარები შევნიშნეთ.

ის, რომ მარტო პოლიტიკური პარტიები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ვერ შეძლებდნენ, ჯერ კიდევ დაუშლელი ოპოზიციური „რვიანის“ მიერ 7 ივნისს საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე გახმიანდა. თუმცა ამის შემდეგ მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლაში ოპოზიციურმა პარტიებმა ორი პოლიტიკური სუბიექტი დაკარგეს და უკვე „ექვსეულის“ სტატუსით შეუდგნენ საზოგადოებასთან „ინტეგრირებას“.

8 ივლისს კი „ექვსეული“ ვერის პარკში მდებარე კალათბურთის სასახლეში საკუთარ გეგმებსა და საბოლოო გადაწყვეტილებას გააცნობს საზოგადოებას. ეს საქართველოს მოქალაქეებთან დიდი შეხვედრა იქნება.

დანაკარგების შესახებ პოლიტიკური „ექვსეული“ დიდად არ წუხს. პირიქით, პრინციპით, „ზოგი ჭირი მარგებელია“, ბრძოლას ახალი შემართებით აპირებს. უკვე გაცხადდა, რომ თურმე ამ ბრძოლაში „ახლები“ და ქრისტიან-დემოკრატები დამაბრკოლებლის ფუნქციას ასრულებდნენ, რადგან უბრალო „წერტილ-მძიმეზეც“ კი, რამდენიმე საათიანი მსჯელობა უხდებოდათ.

„რვიანის“ ყოფილი წევრების ხელისუფლებასთან გადაბარგების შემდეგ  ირაკლი ალასანიამ ისიც აღნიშნა, რომ მისთვისაც გაუგებარია მისი ყოფილი კოლეგების პოზიცია. ალასანიასთვის უცნობია, რა ფორმით მოხდა ხელისუფლებისგან „ახლებისა“ და ქრისტიან-დემოკრატებისთვის შეთავაზების გაკეთება, რაზეც დამაჯერებელი პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია. თუმცა ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ „რვიანის“ ამოცანა არ ამოწურულა და პირიქით, ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში. 

„თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბრძოლაში ახალგაზრდობის მობილიზების მომხრეა. მეტიც, ალასანიას აზრით, დღემდე საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ ახალგაზრდობის თანამონაწილეობით ხორციელოდებოდა. „დღეს კი ისინი პოლიტიკური მოვლენების გარეთ არიან. ამით კი სარგებლობს ხელისუფლება“. ამასთან, ალასანია ნაციონალურ ტელეარხებზე წნეხის მოწყობას გვპირდება, რაც განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.

ალასანია შემოდგომისთვის საზოგადოების ფართომასშტაბიან მობილიზებასაც აანონსებს, სადაც დააფიქსირებენ, რომ არსებულ საარჩევნო გარემოს არ ეთანხმებიან.  

თავის მხრივ, რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ყოფილი კოლეგები ხელისუფლების სატყუარას დათანხმდნენ, რითაც ხაფანგში აღმოჩნდნენ და საზოგადოების მხრიდანაც ნეგატიური განწყობა დაიმსახურეს.

„აღარ ბნელა მსოფლიოში, რომ ეს გათამაშებული ტრიუკი არ დაგვენახა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.    

ამასთან, უსუფაშვილი ყოფილი კოლეგების საქციელის მორალურ ჭრილში ახსნას შეცადა.

„ხელისუფლების შეთავაზება იყო ულტიმატუმი. როცა ამ ფორმას ეთანხმები, მაშინ სხვა ბევრ რამესაც თანხმდები, ვგულისხმობ თამაშის წესებს“, - აღნიშნა რესპუბლიკელების ლიდერმა. მანვე უმდაბლეს ფასად მოიხსენია ის მილიონი ლარი, რაც ხელისუფლებამ გარკვეული ძალების ჩამოსაშორებლად გადაიხადა.

„თბილისი-მერიოტში“ შეხვედრისას „ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის შეკითხვამ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაუგებრობა გამოიწვია. დავითაშვილი დაინტერესდა, „ექვსეულთან“ შესახვედრად მისული საზოგადოება ინტეგრაციის რა ხარისხისთვის იყო მზად? დავითაშვილმა ამის საილუსტრაციოდ ფეხბურთის მაგალითი მოიშველია და დაინტერესდა, აქ შეკრებილი ავტორიტეტული ადამიანები ფეხბურთის თამაშის დროს, გულშემატკივრის სტატუსს ამჯობინებდნენ თუ მთავარი მარბენლის?

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტერმინმა „ინტეგრირებისთვის მზაობამ“ ზოგიერთებში დაბნეულობა შეიტანა.

„ქართული აკადემიის“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ექვსეულს“ თეატრალური ტერმინოლოგიით აუხსნა სათქმელი. კერძოდ, „ექვსეულის“ გარდერობში ამიერიდან ორი კოსტიუმი უნდა იყოს: ჰალტუხი და კოსტიუმი უცხოელებთან მოსალაპარაკებლად და, ასევე, ფარაჯა - ქართველ ხალხთან სალაპარაკოდ. სწორედ ამ სინთეზით შეიძლება მოხერხდეს ხელისუფებისგან საარჩევნო გარემოს დათმობა“ - მიიჩნევს ნუკრი ქანთარია.

„ქართული აკადემიის“ წევრი თემურ ნანეიშვილი კი აღნიშნავს, რომ პრაქტიკულ ქმედებაზე გადასვლა აქტუალურია, რადგან მარტო დარბაზში შეკრებით არაფერი გამოვა.

„ექვსეული“, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მორიგი გადარეული ლიდერის ნაცვლად საზოგადოებას კრებით პოლიტიკურ ლიდერს სთავაზობს. ამასთან, არც იმას მალავენ, რომ შესაძლოა, ბლოკად გადაიქცნენ.

პრესაგე.ტვ. პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა. 

როგორც ირაკლი ალასანიამ პრესაგე.ტვ-სთან კომენტირებისას აღნიშნა, დღეს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ძალები ნაციონალებისა და სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმის ენას დაუპირისპირდნენ.

„სააკაშვილისგან ულტიმატუმის ენა შვიდი წლის განმავლობაში ისმოდა, რაც მიუღებელია. პოლიტიკურ ოპონენტებთან საუბარი ასე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ხალხის ინფორმირებულობას დავიწყებთ, რადგან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ნაციონალურ არხებზე უბრალო დებატებიც კი არ არსებობს. ამ ბრძოლაში საზოგადოებრივი აზრის შემქნელი პირებისა და ორგანიზაციების თანამონაწილეობა გადამწყვეტი იქნება. გვსურს, მოქალაქეები გავხადოთ მთავარი აქტიორი ამ პროცესში. ჯერჯერობით, ხელისუფლებამ ულტიმატუმის ენით მოლაპარაკებაზე უარი თქვა, მაგრამ ასე თქვა სამი თვის წინაც და მაინც განახლდა მოლაპარაკების პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანების თავისუფლება მოსაპოვებელია.

„მეტი ინტენსიობით ვიმუშავებთ მედიის თავისუფლებაზე და ადამიანების დაცვაზე. ღარიბი ადამიანებისთვის ხშირად თავისუფლება ტვირთია და არა ღვთისგან ბოძებული ჯილდო. ამიტომ, ამ ადამიანებამდე უნდა მივიდეთ. ბრძოლა გართულდება, მაგრამ შედეგის გვჯერა“.  

ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა მიიჩნევს, რომ უნდა გამოიკვეთოს ისეთი სუბიექტი, რომელიც  პოლიტიკურ ალტერნატივად ივარგებს.

„ამ სუბიექტს ისეთი მხარდაჭერა ექნება, რომლის მიჩქმალვასაც მარტივი ციფრების მანიპულირებით ხელისუფლება ვერ მოახერხებს. „რვიანის“ მიმართ საზოგადოების მხრიდან აქამდე ნიჰილისტიური დამოკიდებულება იყო. ზოგიერთებს დღემდე სჯერათ, რომ შესაძლოა, გამოვარდეს ვინმე მხსნელი გმირი, გამოიყვანოს ყველა ერთად ქუჩაში, დავლეწოთ, დავანგრიოთ ყველადფერი ისე, რომ არ გვეცოდინება, რას ავაშენებთ. ამ ილუზიებისა და აპოლიტიკური ფანტაზიების მსხვერპლი იყო ბევრი. ახლა კი შესაძლოა, საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ მეტი შანსი გაჩნდეს“, - აღნიშნა შარტავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგარეიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიები საზოგადოებისგან მენტორული ტონით შენიშვნებს ვერ მიიღებენ.

„საზოგადოება თავად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, ამის მოცემულობას ვხედავ. საზოგადოების ამ პროცესში ჩართვა სულაც არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი გადაიქცეს პოლიტიკოსად. ჩვენ ეს არ გვინდა, პირიქით, დისტანცირებულად უნდა იყოთ პოლიტიკისგან, მაგრამ გვსურს, ხალხს აზრს დავეკითხოთ, რადგან ძალა ხალხშია“.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მისთვის არასასიამოვნო თემაზე საუბრისთვის არასდროს მზად არ არის.

„ასევეა, ექვსეულთან მიმართბითაც, მათთან საუბრის მზაობა არ აქვთ. ხელისუფლებას აქვს სრული უფლება, ხალხის მიმართ ისეთ დამოკიდებულებაში იყოს, რასაც ხალხი მას სთავაზობს. ჯერჯერობით, სერიოზული შეთავაზება საზოგადიებისგან ხელისუფლებას არ მიუღია.  ხალხი არ ითხოვს, რომ მათ ანგარიში გაუწიონ. როცა რეალური სამოქალაქო გაერთიანება შედგება, რომელიც უნარიანი იქნება, ქვეყანაში მოძრაობა გაშალოს, სახელწოდებით - „იძულება დემოკრატიისთვის“, მაშინ უნდა ველოდოთ შედეგს“, - გვითხრა ცისკარიშვილმა.