უძრავი ქონების სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ღირებულება დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ისინი გაზაფხულისთვის ღირებულების ზრდას კვლავ ელოდებიან და ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ახალი სამშენებლო სტანდარტები, რომელთა შემოღებასაც დედაქალაქის მერია ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმავს.
მიმდინარე ტენდენცია კი აჩვენებს, რომ თბილისში უძრავ ქონებაზე ფასი თანდათან მაღლა მიიწევს. მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, ღირებულებაც საბაზრო მოთხოვნებს ემორჩილება. უძრავი ქონების გაძვირებაზე საუბრობს უძრავი ქონების სააგენტო „ბერუკას“ დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილი.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღირებულება უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაზრდილია. ეს, ძირითადად, ახლადაშენებულ სახლებს ეხება. შარშან, 2016 წელთან შედარებით, ფასი 5%-დან 10%-მდე გაიზარდა, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ხარისხიანი სახლების მშენებლობამ გამოიწვია. გაზაფხულისთვის უძრავ ქონებაზე ღირებულების კიდევ ზრდა გამორიცხული არაა“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.
იგივე პოზიცია აქვს „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელს მაია გამზარდიას. „უძრავი ქონების ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, ეს კი მიწებზე ფასის ზრდამ და მოთხოვნის ზრდამ განაპირობა“, - განუცხადა „კომერსანტს“ გამზარდიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიას მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი მიდგომა აქვს. ეს ეხება რეგულაციებს, ახლებურ სტანდარტს, უკანონო მშენებლობასთან ბრძოლას, ეკოლოგიურ მოთხოვნებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასის გაზრდას არ გამორიცხავს სამშენებლო კომპანია „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი. მისი აზრით, დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე დასრულებული ბინების ღირებულებაზეც.
„ბოლო დროს გახშირებულია საუბარი იმაზე, რომ ახალაშენებული კორპუსები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ნორმებს და ჰქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც, რათა თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლოს ხალხს საჭიროების დროს ევაკუაცია. ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნის განხორციელება დამატებით ხარჯს უკავშირდება. ამიტომ ეს უდავოდ აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე დასრულებული ბინების ღირებულებაზეც.
სამომავლოდ უფრო კომფორტულ და ნაკლებად სახიფათო კორპუსებზე გაჩნდება მოთხოვნა და შესაბამისი ფასიც დაედება. პირადად მე ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და მართებულად მიმაჩნია, რომ შეჩერდა ბევრი ობიექტი დადგენილი ნორმების უხეშად დარღვევის გამო. გასაგებია, რომ მშენებლისთვის არ არის სასიამოვნო პროცედურა, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში მშენებლობა უკონტროლოდ არ მიმდინარეობს. ჩვენთან კი ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. მხოლოდ დეველოპერის პატიოსნებაზეა დამოკიდებული კორპუსის გამძლეობაც და შემდგომ უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლეც“, - განაცხადა ლაჩაშვილმა.
სხვათა შორის, უძრავი ქონების გაძვირების ტენდენცია მთელ ევროპაში შეინიშნება. აქაც მიზეზი მოთხოვნის ზრდაა. მაგალითად, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 2017 წლის მესამე კვარტალში, ევროკავშირში სახლების საშუალო ღირებულება 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო ევროზონაში კი 4.1%-იანი ზრდა აღინიშნა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე სწრაფი ტემპით უძრავი ქონება გაძვირდა ჩეხეთში (12.3%), ირლანდიასა (12.0%) და პორტუგალიაში (10.4%). შედარებით დაბალი ზრდაა სხვა ევროპულ ქვეყნებში, თუმცა ფასის მატების ტენდენცია მაინც შეინიშნება.