„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ იერთებს, ბაზრის 3/4-ს ორი კომპანია გააკონტროლებს

„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ იერთებს, ბაზრის 3/4-ს ორი კომპანია გააკონტროლებს

უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომელზეც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდნენ. კომპანია „სილქნეტმა“ განაცხადა, რომ „ჯეოსელს“ შეიძენს. გარიგება რამდენიმე თვეში დასრულდება და მობილური კომუნიკაციის ბაზრის ¾ ორი ოპერატორის ხელში აღმოჩნდება. „მაგთისა“ და „კავკასუსის“ გაერთიანების შემდეგ კავშირგაბმულობის სფეროში ეს მეორე დიდი შეთანხმებაა.

კომპანიის აქციონერებთან: „ტელიასონერასთან“ და „თურქსელთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვის დასრულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

„სილქნეტის“ ცნობით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია იქმნება, რომელიც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის“ მობილურ სერვისებთან გააერთიანებს.

გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ აშშ დოლარი. დაფინანსება მოხდება „თიბისი ბანკის“ ქართული და მის მიერ ორგანიზებული რეგიონალური ბანკების სესხითა და „სილქნეტის“ საკუთარი კაპიტალით.

„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, „სილქნეტის“ ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შესყიდვის შემდეგ მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „სილქნეტის“ აბონენტების წილი 35,3%-მდე გაიზრდება, მაგრამ 39,4%-ით პირველ ადგილზე ისევ „მაგთიკომი“ დარჩება. შედეგად, აბონენტების 74,7% სწორედ ამ ორ კომპანიაზე გადანაწილდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 5 001 409 აბონენტი. აქედან „მაგთიკომის“ მომხმარებელია 1 971 125 აბონენტი, ანუ მთლიანი აბონენტების 39,4%. დღეისათვის „ჯეოსელს“ 1 751 267 აბონენტი ჰყავს, „სილქნეტს“ - 17 612 აბონენტი.

გაერთიანების შემთხვევაში, „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობა 1 768 889-მდე გაიზრდება, რაც ბაზრის 35,3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება „ვიონი საქართველოს“ („ბილაინი“), კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკით, დღეს ამ კომპანიის აბონენტების რაოდენობა 1 260 540-ს შეადგენს, რაც ბაზრის 25,2%-ია.

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „სილქნეტსა“ და „ჯეოსელს“ შორის არსებული გარიგების შესახებ არაფერი იციან. როგორც კომისიაში აცხადებენ, ჯერჯერობით „სილქნეტის“ მხრიდან გარიგების თაობაზე არანაირი წერილი არ შესულა.

კანონმდებლობის მიხედვით, კომისიამ კომპანიებს შორის შესყიდვის შეთანხმება უნდა შეისწავლოს და შესაბამისი ნებართვა გასცეს. კომისია გამოიკვლევს, ხომ არ შექმნის გარიგება ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას.

„ტელიასონერამ“ კი „ჯეოსელის“ გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა. ისინი დაეთანხმნენ მათი და „თურქსელის“ მფლობელობაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილის გასხვისებას „სილქნეტზე“.

ხელშეკრულების გაფორმებამდე „ტელიამ“ ჩაატარა შემსყიდველის მკაცრი შემოწმება და კმაყოფილია შედეგებით.

ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შვედურ-ფინურმა კონგლომერატმა 2015 წელს მიიღო. ერთ-ერთ მიზეზად რეგიონის ქვეყნებში კორუფციის არსებობა დასახელდა. კომპანია ოპერირებს ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, მოლდოვასა და ნეპალში.

სხვათა შორის, ბაზრის დატოვების სირთულეებზე კომპანიამ არაერთხელ ისაუბრა. „ტელიასონერა“ საკუთარ ანგარიშებში განმარტავდა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ისტორიულად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და მარეგულირებელი სიტუაცია ნაკლებად პროგნოზირებადი იყო, განვითარებულ ბაზრებთან შედარებით.