ავარიული ბაღები და მშობლების პროტესტი

ავარიული ბაღები და მშობლების პროტესტი

თბილისში ბაღების შემოწმებას მშობლების უკმაყოფილება უკვე მოჰყვა. N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შენობის ავარიულობის გამო შეწყდა. დედაქალაქის მერი პირობას იძლევა, რომ ყველაფერი სწრაფად მოწესრიგდება, მანამდე კი პატარები სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდებიან.

დასკვნის თანახმად, სამი ბაღის შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების მონიტორინგი დაიწყო და მოითხოვა ყველა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხის შესწავლა, ბოლო 4 წლის მანძილზე აშენებული ბაღების გამოკლებით. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.

ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არადამაკმაყოფილებელი. საჭიროა შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, არსებული მდგომარეობით კი ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სამივე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. 29 იანვრიდან კი აღნიშნულ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან. პარალელურად დაიწყება აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა ვარკეთილში მდებარე საჯარო ბაგა-ბაღში. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობა ამორტიზებულია თუმცა მისი ექსპულატაცია ერთი წლის განმავლობაში დასაშვებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე N28 ბაგა-ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ბაღების სააგენტოს არ მიუღია. მშობლები ეჭვობენ, რომ დაგეგმილია შენობის მთლიანად დანგრევა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა დანიშნულების ნაგებობის აშენება.

მშობლები ამბობენ, რომ აქციებს გამართავენ და ბაღის დანგრევის საშუალებას არავის მისცემენ.

„როდესაც დაიწყო ზამთრის არდადეგები, მაშინ ჭორის დონეზე გავრცელდა, რომ ბაღი არის ავარიული, უნდა დაინგრეს და მაშინვე იყო საუბარი იმაზე, რომ ალტერნატიული ფართი უნდა მოძებნილიყო. რადგან იყო არდადეგები არ მოხდა ინფორმაციის გავრცელება ფართოდ და ლოკალურადაც ვერ გავიგეთ და მერე უკვე რომ დავბრუნდით ბაღში და ვიკითხეთ გამგესთან, აღმოჩნდა, რომ ზუსტი ინფორმაცია მას არ აქვს,“-განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ნანა ზაზანაშვილმა.

ინფორმაციას შენობის ნგრევის შესახებ არ ადასტურებს 28-ე ბაგა-ბაღის გამგე. მანანა ხეცურიანი ამბობს, რომ ნგრევაზე დასკვნაში არ არის საუბარი. დოკუმენტში მითითებულია, რომ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ეს ბაღი არ ინგრევა და ეს ინფორმაცია, რომ ეს მშობლები და ბავშვები სხვაგან გადადიან არის მცდარი და თუ მოხდება ისე, რომ გადავლენ, ისინი გადავლენ ისეთ შენობაში, სადაც ყველა ის პირობა, რაც სჭირდებათ, გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა მანანა ხეცურიანმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით შემოწმებული 24 ბაგა-ბაღიდან, 3 ბაღი სააღმზრდელო პროცესს საფრთხეს უქმნიდა და ისინი დროებით დახურეს. აღსაზრდელები კი იმავე უბანში მდებარე ბაღებში გადანაწილდნენ.

„გვინდა, რომ სტანდარტები გავაუმჯობესოთ, გავხადოთ თანამედროვე, ევროპული. ეს ეხება, როგორც აღმზრდელობით პროცესს, ასევე შენობებს, სადაც პატარები იმყოფებიან, ეს უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღები. დაგეგმილი გვაქვს, როგორც ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე არსებულის რეაბილიტაცია. ჩვენი მოთხოვნა იყო ჩაგვეტარებინა გამოკვლევა არსებული ბაგა-ბაღების.

24-დან 3 ბაგა-ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. ის არის საშიში სააღმზრდელო პროცესისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გააწყვეტილება ეს ბაღები დროებით დაიხურება და ბავშვები გადანაწილდებიან სხვადასხვა ბაღებში იმავე რაიონში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახლავე დავიწყებთ და ყველაფერი იქნება მოწესრიგებული.

როდესაც საქმე ეხება პატარებს, ჩვენს შვილებს, კომპრომისზე ვერ წავალთ. პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხებს. ყველა მიმართულება, სადაც პრობლემები არსებობს, მოწესრიგდება. მშობლები, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ შვილები ავარიულ ბაღში არ ატარონ. ჩვენ ამის საშუალებს და უფლებას არ მივცემთ, რადგან ვერ ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ყველაფერს ძალიან სწრაფად გავაკეთებთ იმისთვის, რომ ავარიულ ბაღებში, სადაც სწავლა შეწყდა, რეაბილიტირებული იყოს და მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია“, - განაცხადა კალაძემ.