მთავრობამ ტაქსების ბიზნესში ჩარევა გადაწყვიტა

მთავრობამ ტაქსების ბიზნესში ჩარევა გადაწყვიტა

დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში ტაქსების რეგულირება იწყება. მართალია პირველ ეტაპზე მძღოლებს თითქმის არანაირი ვალდებულება არ ეკისრებათ, მაგრამ დაახლოებით 1 წლის შემდეგ პირობები გამკაცრდება. ამან, შესაძლოა, სამომავლოდ ქვეყანაში ტაქსების რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს.

ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ - მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები.

დედაქალაქის ვიცე-მერის მაია ბითაძის განცხადებით, ეს სფერო წლების განმავლობაში დაურეგულირებელი იყო, ამიტომ იწყება სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

„ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. იქნება მოთხოვნა, რომ მათ ჰქონდეთ ტრაფარეტი და ნებართვა, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. ეს არის საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩვენი ავტორობით წარედგინება და გააჩენს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს შესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება.

ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სტრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო. ეს რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწვეტს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება სურს, უნდა მოგვმართოს რეგისტრაციისთვის პირადობის და მართვს მოწმობის წარმოდგენით. მერია გასცემს შესამაბის ნებართვას. პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს. აქ არ არის თანხების გადახდაზე საუბარი.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნება ეს ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი თუ მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის მანქანის ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმებისა თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ბითაძე.

მეორე ეტაპზე, რასაც დაახლოებით 1 წლამდე ვადა დასჭირდება, მერია გარკვეულ ნორმებს შეიმუშავებს. ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, ტაქსის მძღოლებს იმ დროისთვის უკვე შემუშავებული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

დედაქალაქი არ არის ერთადერთი, სადაც ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია მოხდება. სამომავლოდ იგივე სქემა ამუშავდება საქართველოს საკურორტო ზონებშიც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ამის აუცილებლობა უკვე დგას.

„აუცილებელია სატაქსო სფერო მოწესრიგდეს. პირველ რიგში, რეგიონებში რასაც ვიზამთ არის ის, რომ აუცილებლად შემოვიღებთ რეგულაციებს საკურორტო ზონებში. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად“, - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „მომავალ წელს, ეს პრობლემები კურორტებზე აღარ გვექნება. ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მივიღოთ ნორმალური რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს არც ბიზნესს და არც დამსვენებელს“, - განაცხადა ალავიძემ.

უხეში გათვლებით, თბილისში დაახლოებით 50 ათასი ტაქსი მოძრაობს, დაახლოებით 15-20 ათასი კი დიდ ქალაქებში. ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა გადაყვანის კერძო სატრანსპორტო სფერო არ რეგულირდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადის და დაბეგვრის რეჟიმის გარეშე იმუშაოს. ტაქსების ლიცენზირების საკითხი წინა ხელისუფლების პერიოდშიც განიხილებოდა, თუმცა საკითხი ჩავარდა.