[ნინო მიქიაშვილი]
გლდანის №8 საპყრობილეში მყოფ პატიმართან, მალხაზ არქანიასთან მესამე დღეა ადვოკატს არ უშვებენ. დღეს დილით, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელს, ელგუჯა ჩხაიძეს, №8 საპყრობილესთან საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ პატიმარს მასთან შეხვედრა არ უნდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პატიმრის დამ, ნინო არქანიამ შიმშილობა, სახალხო დამცველის ოფისთან - პატიმრის ოჯახი სახალხო დამცველისგან ითხოვს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს პატიმრის სიცოცხლის და უსაფრთხოების გადასარჩენად.
კერძოდ, ნინო არქანია სახალხო დამცველისგან მოითხოვს შესაბამის უწყებას მიმართოს რეკომენდაციით, რათა უზრუნველყონ პატიმრის სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა. ამასთან, პატიმრის და გიორგი ტუღუშს სთხოვს ნება დართოს „ემპათიას“ ექსპერტებსა და ექიმებს, რათა ისინი საპყრობილეში შევიდნენ და პატიმრის მდგომარეობა დააფიქსირონ.
დღეს ადვოკატმა ლექსო არქანიამ, რომელიც მისი ბიძაშვილის, მალხაზ არქანიას უფლებებს იცავს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ოთხპუნქტიანი განცხადებით მიმართა, რომელსაც თან დაურთო პატიმრის მიერ, 22 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ექვსგვერდიანი სკანდალური ახსნა-განმარტება.
კალმახელიძის სახელზე დაწერილ განცხადებაში ასეთი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული:
1) გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ და იზრუნოთ მალხაზ არქანიას უსაფრთხოებაზე, ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტები შეისწავლოთ და აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ.
2) გთხოვთ, უზრუნველყოთ მალხაზ არქანიას გადაყვანა, მისი უსაფრთხოების მიზნით, სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში.
3) გთხოვთ, დაავალოთ მომაწოდოს სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების ადმინისტრაციამ ინფორმაცია მალხაზ არქანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტაციით (ფორმა №100);
4) ასევე გთხოვთ, უზრუნველყოთ წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა, სადაც მალხაზ არქანიას მიერ ჩემი აცილება იქნება დადასტურებული.
„იძულებული გავხდი კალმახელიძისთვის მიმემართა, ვინაიდან №8 საპყრობილის ადმინისტრაცია კანცელარიაში შესვლის საშუალებასაც არ მაძლევს, არა თუ პატიმრის მონახულების. შესაბამისად, ვერ გამოვითხოვე ფორმა №100 და იმის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება, რომ პატიმარი აცილებას მაძლევს“, - უთხრა „ობიექტივს“ ლექსო არქანიამ.
ადვოკატის ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი ამჟამად ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 ივნის, მედია-კავშირ „ობიექტივის“ სტუდიაში უფლებადამცველები (ზაზა ხატიაშვილი, დავით ლილუაშვილი, ნანა კაკაბაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ელგუჯა ჩხაიძე) და ჟურნალისტები, არქანიას ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეიკრიბნენ და პირდაპირ ეთერში სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დასრულების შემდეგ, არქანიების თხოვნის საფუძველზე, პატიმრის მოსანახულებლად მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ელგუჯა ჩხაიძე გლდანის №8 საპყრობილეში წავიდა. მას „ობიექტივის“ გადამღები ჯგუფიც თან ახლდა.
თავად გავხდით იმის მოწმეები, შეგნებულად როგორ გაწელეს დრო საშვთა ბიუროში მყოფმა პირებმა და 17 საათზე ადვოკატს უთხრეს, რომ იმ დღეს შესვლა უკვე აღარ შეიძლებოდა და რომ მეორე დღეს პატიმართან უპრებლემოდ შეუშვებდნენ.
როგორც მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, დღეს, 30 ივნისს, ადვოკატ ელგუჯა ჩხაიძეს, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ პატიმარი მასთან შეხვედრაზე უარს ამბობს.
პატიმრის ოჯახს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს აქვთ ეჭვი, რომ მალხაზ არქანიას ცემა-წამების შედეგად ჯანმრთელობა გაუუარესდა და სწორედ ამიტომ არ უშვებენ მასთან, არც მისი უფლებების დამცველ ადვოკატს და არც მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელს.
უფლებადამცველები და ჟურნალისტები სახალხო დამცველისგან, გიორგი ტუღუშისგან კატეგორიულად მოითხოვენ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, გლდანის №8 საპყრობილეში, პატიმარ მალხაზ არქანიასთან ექსპერტთა ჯგუფის შესვლა და მისი კომპეტენციის ფარგლებში, პატიმრის სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პატიმარმა მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარისშწორების, წამებისა და გაუპატიურების მცდელობის ირგვლივ, დეტალური ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომლის ბოლოსაც წერს: „გთხოვთ, მომაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“.
პატიმარმა ახსნა-განმარტება 22 ივნისს მისცა. 23-ში საქმის წარმოების გაგრძელებაზე, სახალხო დამცველის წარმომადგენელს უარი განუცხადა, ხოლო მოგვიანებით, თავის ადვოკატს აცილება მისცა - „სახალხო დამცველისთვის ამგვარი შინაარსის ახსნა-განმარტების მიცემა ადვოკატმა მაიძულაო“. ამ აცილების შესახებ ლექსო არქანიას მხოლოდ სიტყვიერად უთხრეს, პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი არ უნახავს.
პატიმრის ოჯახის წევრები და ადვოკატი ლექსო არქანია აცხადებენ, რომ პატიმარს ცემის შედეგად აიძულეს უარი ეთქვა ადვოკატზე და საქმის წარმოების გაგრძელებაზე.
24 ივნისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ასოციაციის თავმჯდომარემ, პატიმრის დასთან და ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე დაგვირიგა იქ მყოფ ჟურნალისტებს პატიმრის დამ, ნინო არქანიამ პატიმრის ჩვენება და გვთხოვა, მისი გამოქვეყნება.
ამ თემაზე „ობიექტივმა“ ვრცელი მასალა 24 ივნისს, ასეთი სათაურით გამოაქვეყნა - პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან ( http://www.obieqtivi.net/?newsDetail=3861), რომელშიც პატიმრის დაწერილი ექვსგვერდიანი ახსნა-განმარტებაც შეგიძლიათ წაიკითხოთ.
უფლებადამცველთა განმარტებით, თითოეულმა მათგანმა კარგად იცის წამების იმ მექანიზმების შესახებ, რასაც ქართულ ციხეებში იყენებენ, მაგრამ ერთადერთი მალხაზ არქანიამ გაბედა წამების მეთოდების ახსნა-განმარტებაში ჩამოყალიბება, რის გამოც, მთელი სამოქალაქო საზოგადოება მოვალეა მისი უსაფრთხოება დაიცვას.