„პარლამენტის წევრთა რაოდენობის გასაზრდელად პლებისციტი მაინც უნდა ჩატარდეს“

„პარლამენტის წევრთა რაოდენობის გასაზრდელად პლებისციტი მაინც უნდა ჩატარდეს“

[გერა მამულაშვილი]

„ნაციონალური მოძრაობასა“ და რამდენიმე პარტიას შორის გაფორმებული საარჩევნო შეთანხმების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-იდან 190-მდე უნდა გაიზარდოს. დეპუტატთა რიცხოვნობა 235-იდან 150-მდე, 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგად შემცირდა. პოლიტიკურ ძალებში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უნდა მოხდეს პარლამენტის გაზრდა.

დავიწყოთ იქიდან, რომ „რეფერენდუმის შესახებ“ კანონის თანახმად, „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით. რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით“.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრ მამუკა კაციტაძის განცხადებით, პარლამენტის წევრთა რაოდენობის შესაძლო გაზრდა კონსტიტუციისა და საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში თავსდება. მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და საკანონმდებლო სივრციდან არ უნდა ამოვარდეს, თუმცა დეპუტატების რიცხვის გაზრდაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი კაციტაძის აზრით, ისევ პარლამენტში უნდა გაირკვეს.

როგორც „ახალი მემარჯვენეების“ წევრი აცხადებს, დავის არსებობის შემთხვევაში კი, საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. კაციტაძე ასევე აცხადებს, რომ რეფერენდუმი პარლამენტის წევრთა რიცხვის შემცირებაზე მართლაც ჩატარდა, თუმცა მისი თქმით, აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება:

„უნდა გავიხსენოთ იმ რეფერენდუმის ჩატარების დრო და სიტუაცია. 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმის დღეს, კიდევ ორი არჩევნები ჩატარდა, რომელთაგან ერთი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო მეორე არა. თავისთავად, რომ ფაქტი ერთ ყუთში ერთი ბიულეტენი ბათილია, ხოლო მეორე არა, უკვე სერიოზულ ეჭვებს აჩენს. გარდა ამისა, როცა მე დეპუტატი ვიყავი და, როცა პარლამენტმა დეპუტატების რიცხვი შეამცირა, ამის საფუძველი რეფერენდუმი არ ყოფილა, ეს იყო წმინდა საკონსტიტუციო ცვლილება“.

მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს და ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ.

თავის მხრივ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ირაკლი ჩიქოვანის თქმით „რეფერენდუმით მიღებული ნორმის რეფერენდუმითვე შეცვლა კანონის მოთხოვნაა“. ის მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის შეცვლა  რეფერენდუმის საკითხია და საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ხალხი ინებებს.

თემაზე განმარტებისთვის კონსტიტუციონალისტებს დავუკავშირდით.

ავთანდილ დემეტრაშვილი: „ყველას ვურჩევ ჩაიხედოს რეფერენდუმის კანონში, სადაც ოცდამეხუთე მუხლში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება, მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი. აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ხელისუფლება, ალბათ, თავად დააფიქსირებს პოზიციას, როგორ აპირებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას“.

ვახტანგ ხმალაძე: „სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმაოდ რთული მდგომარეობა 2003 წლის რეფერენდუმის გამო შეიქმნა“.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ გასარკვევია ეს ღონისძიება რეფერენდუმი იყო თუ პლებისციტი, რადგან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა...

– რეფერენდუმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლის შეუძლია. თუ მოძალადე მოგივარდა, ტერიტორია წაგგლიჯა, ნიშნავს, რომ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებ? ცხადია, კანონი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს, ისევე როგორც კონსტიტუცია, ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილემა და ა.შ. ამიტომ, ყოველგვარ სამართლებრიც საფუძველს მოკლებულია იმის თქმა, რომ რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა და ამის გამო არის უკანონო.

მაშინ, მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს?

– პრობლემა იმაშია, რომ ზოგადად, რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება, ყველაზე დიდი იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებაა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოში მთელი ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. ის ძალაუფლებას ახორციელებს წარმომადგენლების მეშვეობით და უშუალო დემოკრატიის წესებით. ამის ერთ–ერთი გზა სწორედ რეფერენდუმია.

ქვეყანაში ნებისმიერი კანონი და მოქმედება რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა დაექვემდებაროს. ხელისუფლება ვალდებულია, კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს. სხვათაშორის, კონსტიტუციის შესაბამის მუხლში წერია, რომ რეფერენდუმის მეშვეობით არ შეიძლება არც კანონის მიღება და არც გაუქმება. ესეც მნიშვნელოვანია და დავიმახსოვროთ.

გარდა ამისა, კონსტიტუციაში აგრეთვე წერია რამდენიმე ნორმა, რომლებითაც კონსტიტუციაში ცვლილების წესი არის განსაზღვრული. ეს სპეციალური ნორმებია, რომლებიც კანონების მიღების წესისგან სრულიად განსხვავებულია. ის ამბობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის უფლება აქვს პარლამენტს, მისი სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით. აქ არსად არ არის ნახსენები რეფერენდუმი.

ეს რას ნიშნავს?

– იმას, რომ ეს სრულიად განსაკუთრებული ნორმაა, კონსტიტუციით განსაზღვრული და ამიტომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ამ ნორმის მიხედვით უნდა მოხდეს. რადგან კონსტიტუციის გადასინჯვის ნორმები არაფერს ამბობენ რეფერენდუმის შესახებ, ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ რეფერენდუმის მეშვეობით კონსტიტიციაში ცვლილების შეტანა არ შეიძლება.

გარდა ამისა, რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა ეხებოდეს ისეთ საკითხს, რომელიც კონსტიტუციით არის გადაწყვეტილი. რეფერენდუმზე დასმულ კითხვაზე პასუხი არ უნდა იძენდეს უფრო მაღალ კონსტიტუციურ ძალას, ვიდრე ეს კონსტიტუციის ნორმაა. სწორედ იმის გამო, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის სპეციალური წესი, რეფერენდუმით ამის გაკეთებას ან დამტკიცებას არ გულისხმობს.

თქვენ 2003 წლის რეფერენდუმის სამართლებრივ საფუძვლებზე მიანიშნებთ?

–  ჩემი აზრით, 2003 წელს დანიშნული რეფერენდუმი არაკონსტიტუციური იყო. ამაზე მაშინვე მიუთითებდნენ. ყური არავინ ათხოვა. მივიღეთ მოცემულობა – რეფერენდუმის შედეგები ცესკომ დაამტკიცა. რეალურად არსებობს რეფერენდუმის გადაწყვეტილება საკითხზე, რომელიც ამ გზით არ უნდა გადაჭრილიყო.

გარდა ამისა, შემდგომ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, რაოდენობის 150–კაცამდე შემცირების შესახებ, პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, თავის მხრივ ასევე კანონიერია. ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგს ეფუძნებოდა.

თუმცა, მანდაც გვქონდა წმინდა სამართლებრივი წინააღმდეგობა. რეფერენდუმის გადაწყვეტილება 2003 წლის ნოემბერში გამოცხადდა, პარლამენტში წევრთა რაოდენობა კი 2008 წელს შემცირდა. 2004–დან 2008–მდე 235 კაციანი პარლამენტი მუშაობდა. თუ რეფერენდუმის გადაწყვეტილება მაშინვე ძალაში შედის, მაშინ ის პარლამენტი ხომ უკანონო გამოდის? 2003 წლის ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ, შემდგომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებათა მთელი ჯაჭვი გამოიწვია.

დღეს სად ხედავთ გამოსავალს?

– დავა მიმდინარეობს იმაზე, პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას სჭირდება თუ არა რეფერენდუმის ჩატარება. რადგან კანონში წერია, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, მხოლოდ რეფერენდუმით შეიძლება შიცვალოს. ვიმეორებ, ეს ჩანაწერი არ ეხება და არც შეიძლება ეხებოდეს კონსტიტუციის გადასინჯვის ნორმას. ეს კონსტიტუციის სპეციალური ნორმაა, რომელსაც კანონზე მეტი ძალა აქვს.

მაგრამ ამავე დროს, ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ რეფერენდუმი იყო ჩატარებული, რომ ხალხმა ამ რეფერენდუმით თქვა, 150 დეპუტატი – ეს არის მაქსიმუმი. წმინდა ფორმალურ–სამართლებრივი თვალსაზრისითაც კი წინააღმდეგობრივი სიტუაცია შეიქმნა: კონსტიტუციის ნორმა – რეფერენდუმი, რომელიც არ უნდა ჩატარებულიყი, მაგრამ ჩატარდა, ფაქტი შედგა და რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების უზენაესობა  უკანონოდ არავის გამოუცხადებია.

ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავლის მოძებნა შეიძლება. არანაირად არ იქნება გამართლებული არც პოლიტიკური არც სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მთლიანად მოხდეს რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების იგნორირება. ამიტომ, თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა უნდათ, პლებისციტი მაინც უნდა ჩატარდეს.  ხალხს უნდა ვკითხოთ – ხომ არ შეიცვალა აზრი, ეთანხმება თუ არა პარლამენტართა რაოდენობის გაზრდას.

მართალია, პლებისციტის შედეგებს სავალდებულო იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ  ხელისუფლებამ ის უნდა გაითვალისწინოს. თუ ხალხის პასუხი დადებითი იქნება, ხელისუფლებას სრული მორალური უფლება ექნება (სამართლებრივი უფლება აქვს, მაგრამ სადავოდ არის გამხდარი), რომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანოს. ვფიქრობ, ამის გარეშე პარლამენტის წევრთა გაზრდა არ იქნება სწორი და სამართლიანი.