გაეროს პროქართულ რეზოლუციას სომხეთი კვლავ ეწინააღმდეგება

გაეროს პროქართულ რეზოლუციას სომხეთი კვლავ ეწინააღმდეგება

საგარეო მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ "სომხეთსა და საქართველოს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ურთიერთობები, როგორიც დღეს არის". ეს განცხადება მან თბილისში სომეხ კოლეგასთან აუდიენციის შემდეგ გააკეთა,                             

როგორც ქართველმა მინისტრმა აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ყველა აქტუალურ საკითხსა და იმ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებობს:

 "განხილულ იქნა, კერძოდ, უმაღლეს დონეზე ვიზიტების საკითხი, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ტრანსპორტის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხები. ამასთან, საუბარი ჰუმანიტარულ ასპექტებსაც შეეხო, მათ შორის - საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის კვირეულის ჩატარების საკითხს".

ვაშაძის თქმით, "სომხეთსა და საქართველოს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ურთიერთობები, როგორიც დღეს არის":

"ცუდი ურთიერთობა არასდროს გვქონია, სადღეისოდ კი საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, რაშიც ორი ქვეყნის პრეზიდენტებს უზარმაზარი წვლილი მიუძღვით. შევთანხმდით იმაზე, რომ არა წელიწადში ერთხელ, არამედ გაცილებით უფრო ხშირად შევხვდეთ. ამ შეთანხმებას პირწმინდად ვასრულებთ.

ხანდახან ისმის ხოლმე შეკითხვები, "იმდენად პრობლემატური საკითხები გაქვთ, რომ ამ სიხშირით გიწევთ შეხვედრაო?". ზუსტად იმისთვის ვხვდებით მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ედვარდ ნალბანდიანი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არავითარი პრობლემა არ იყოს".

თავის მხრივ, სომხეთის საგარეო მისისტრის შეფასებით, „არ არსებობს საკითხი, რომელზეც სომხეთი და საქართველო ვერ შეთანხმდებიან“. ამის შესახებ ედვარდ ნალბანდიანმა  ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ ფონზე, გაერო იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებიც საქართველოს შესახებ რეზოლუციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იყვნენ. გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას, 57 - მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

რეზოლუციას საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მხარი აზერბაიჯანმა დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი და სომხეთი, თურქეთმა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორისაა ვანუატუც, რომლის ახალმა მთავრობამა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლად აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა.

რეზოლუციას მხარი შემდეგმა ქვეყნებმა დაუჭირეს: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კონგო, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვინეა-ბისაუ, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალდივი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სენტ ლუსია, სენტ ვისენტი და გრენადი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტუვალუ, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ვანუატუ.

 წინააღმდეგები იყვნენ: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, ნიკარაგუა, რუსეთი, სერბეთი, სუდანი, ვენესუელა და ვიეტნამი.

 თავი შეიკავეს: არგენტინა, ბაჰამას კუნძულები, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბუტანი, ბოლივია, ბრაზილია, ბრუნეი, ბურკინა ფასო, ბურუნდი, კამერუნი, ჩილე, ჩინეთი, კოლუმბია, კვიპროსი, ჯიბუტი, დომინიკა, ეკვადორი, ეგვიპტე, გაბონი, გამბია, გრენადა, გვატემალა, გვინეა, გაიანა, ჰაიტი, ინდოეთი, ინდონეზია, ისრაელი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კენია, კუვეიტი, ყირგიზეთი, ლიბანი, მადაგასკარი, მალაიზია, მალი, მავრიტიუსი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, პანამა, პაპუა ახალი გვინეა, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები, ყატარი, სამხრეთ კორეა, სამოა, საუდის არაბეთი, სენეგალი, სინგაპური, სოლომონის კუნძულები, სომალი, შვეიცარია, ტაჯიკეთი, ტაილანდი, მაკედონია, ტიმორი, ტოგო, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, თურქეთი, ტანზანია, ურუგვაი, იემენი და ზამბია.

 რეზოლუციის თანახმად, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები დაცული უნდა იყოს. ასევე აუცილებელი უნდა იყოს მათი ქონების ხელშეუხებლობა. გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა მორჩეს იძულებით დემოგრაფიული ცვლილებები.

 რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის, დევნილებისთვის და სხვა პირებისთვის შეუფერხებლად განხორციელდეს ჰუმანიტარული საქმიანობა.

რაც შეხება გაეროს გენასამბლეაზე სომხური მხარის ნაბიჯს, როგორც ჩანს, ოფიციალურ ერევანთან „საუკეთესო ურთიერთობებზე“ საუბრები, კიდევ კარგახანს, დიპლომატიური რახარუხის ჩარჩოებს არ გასცდება.