რუსული S-300: ზეწოლა იარაღით

რუსული S-300: ზეწოლა იარაღით

[Eurasia Review]
რა პრობლემას ქმნის S-300? ყველა ვინც ახალ ამბებს თვალყურს ადევნებს 1) სამხედრო სფეროდან და 2) რუსეთზე, გაიგებდა იმ რაკეტების შესახებ, რომლებიც საზენიტო-სარაკეტო ტექნიკის სფეროდან ერთგვარ მონსტრად და ნატო-ს (და ისრაელის) სამხედრო საჰაერო ძალებისთვის ტანჯვად იქცა. S-300 (ნატო-ს პარამეტრებით SA-10) – თანამედროვე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-300, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოწინავეა.

რაც შეეხება კავკასიას, S-300 იქაურ რადარზე ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, რადგან ყველაზე დაძაბული ბრძოლა ამ ჰაერსაწინააღმდეგო ეფექტური სისტემის განთავსებაზე, ირანთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამ ქვეყანამ S-300-ის სისტემები შეიძინა და მის მიღებას ელოდება. საკმარისია იმის თქმა, რომ თუკი ეს გარიგება განხორციელდება, ის ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და ირანის უკანონო ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ აშშ-ს და ისრაელის შესაძლო მოქმედებების შეკავებისთვის ძალიან სერიოზული ფაქტორი გახდება.

თუმცა, დღეს არ არსებობს იმის ასპროცენტიანი გარანტია, რომ მოსკოვი მართლაც აპირებს S-300-ის ირანისთვის მიწოდებას, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. წარსულში რუსეთის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ S-300-ის კომპლექსების მიწოდება გეგმის თანახმად განხორციელდებოდა, თუმცა ბოლო დროს ამ თემაზე საუბარი ოდნავ მიჩუმდა. სინამდვილეში ბოლო დროს რუსეთმა ირანთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და ამ ქვეყანასთან თავის ძველ კავშირებს ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

თუმცა რუსეთის ბალანსის აქტი, მხოლოდ ირანთან კავშირების შენარჩუნების მცდელობა არ არის, ისე რომ ამით დასავლეთი არ გაღიზიანდეს, თუმცა ეს ელემენტიც აქ გარკვეული დოზით არსებობს. საქმე ის არის, რომ ზემოქმედების ის ბერკეტი, რომელსაც S-300-ის მიწოდება წარმოადგენს, რუსეთის გეოპოლიტიკური სიძლიერის განცდას ბადებს.

„ვიდრე ირანის პრობლემა იარსებებს, დასავლეთს რუსეთი დასჭირდება“ – ახლახანს განაცხადა Bloomberg-ის სტატიაში რაჯაბ საფაროვმა, თანამედროვე ირანის კვლევის მოსკოვური ცენტრის ხელმძღვანელმა – „ხოლო რუსეთს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის განცდა ექნება“.

უდაოდ, S-300-თან დაკავშირებული საკითხი საერთო სტრატეგიის მხოლოდ ერთი შემადგენელია. ამ სიტუაციაში რუსეთს ირანთან ბერკეტების მთელი კრებული აქვს, ისეთები როგორიცაა ირანის ბირთვულ პროექტში ღია ტექნიკური თანამშრომლობა და მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს შეიძლება მსგავსი მიდგომა უთანხმოების და დაპირისპირების საბაბად მოეჩვენოს, უდაოა რომ რუსეთის ძალისხმევას თავისი შედეგები მოაქვს.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მის ისრაელელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს იარაღს აწვდიდნენ და მათი წვრთნის პროგრამებში უშუალოდ ომის დაწყბამდეც კი მონაწილეობდნენ, ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე თბილისს და თელავივს შორის ეს გარიგებები შეწყდებოდა, ისრაელმა რუსეთისთვის სწორედ იმ სათვალთვალო უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვა დაიწყო, რომლებსაც რამდენიმე თვით ადრე რუსული გამანადგურებლები საქართველოში აგდებნენ. ეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ძალიან მტკივნეულ და პარადოქსულ მომენტად იქცა.

მორალის თვალსაზრისით ისრაელი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო რუსეთმა მომავალში პოზიტიური ურთიერთობების დალაგებისკენ მიმართულ მცდელობას არ უპასუხა. მართალია, ამ მომენტისთვის როგორც ჩანს S-300-ის მიწოდებები შეჩერებულია, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერით აშენებული ბუშერის ატომური ელექტროსადგური სულ მალე სრული საპროექტო სიმძლავრით ამუშავდება. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს გარდამტეხი მომენტი გახდება ირანული თეოკრატიის მცდელობაში შექმნას ბირთვული იარაღი. ასეთ ექსპერტთა რიცხვს მიეკუთვნება გაერო-ში აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი, რომელმაც ახლახანს დაიჩივლა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ირანის ამ მიმართულებით სვლის შეჩერებისკენ არაფერს აკეთებს.

იმავდროულად, მართალია, აშშ-რუსეთის „გადატვირთვის“ პოლიტიკაში რიტორიკა სჭარბობს, თუმცა ის ორმხრივ ურთიერთობებში რეალური მიღწევების თვალსაზრისით არაფერს იძლევა. მრავალი მიმომხილველის სიტყვების პერიფრაზითა და მათი შეჯამებით შეიძლება ითქვას, რომ გადატვირთვაზე მოსკოვის მოლოდინი და იმედები არ აღსრულდება და არც შეიძლება აღსრულდეს, თუკი ვაშინგტონი არ შეიცვლის შეხედულებებს საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ნეოიმპერიალისტური მიზნების სასარგებლოდ. ჯერ-ჯერობით გადატვირთვის შედეგები ასეთია: შეთანხმების გაფორმება ბირთვული შეიარაღების უმნიშვნელო შემცირებაზე, რომელსაც ბევრმა რუსი სამხედროების საჩუქარი უწოდა (ამასთანავე, შეიძლება მისი რატიფიკაცია არც მოხდეს); რუსეთის ირანისადმი პოზიციის ერთგვარი გამკაცრება; ასევე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების საერთო განცდა.

თუმცა, გადატვირთვამ რუსეთს საკუთარი მნიშვნელობის განცდაც გაუძლიერა, მაგრამ საჭიროა ერთი რამის მკაფიოდ გაცნობიერება: ახლო-აღმოსავლეთში რუსეთის სტრატეგია დასავლეთის ვალდებულებათა მოცულობის გაზრდაში მდგომარეობს, მაგრამ ისე რომ რუსეთისთვის ამას არანაირი ნეგატიური შედეგები არ მოჰყვეს. მოკლედ, კრემლს არ სურს რომ დასავლეთი დამარცხდეს, მაგრამ იმავდროულად არ სურს შეერთებული შტატების გამარჯვებაც. ახლო-აღმოსავლეთისკენ ყურადღების მიპყრობის მცდელობები შეიძლება ასევე შეფასდეს როგორც მეთოდი, რომელიც არ მისცემს ვაშინგტონს მოსკოვის გამოწვევის საშუალებას ამ უკანასკნელის ახლო საზღვარგარეთში, რომლისკენაც რუსეთმა საკუთარი ძალისხმევა მიმართა.

ჯერ-ჯერობით რუსეთი მყარად დგას და ირანს S-300-ს არ აწვდის. რატომ? ჯერ ერთი ეს მის უნდობლობაზე მიუთითებს, მაგრამ სირიას ხომ ასეთი თანამედროვე შეიარაღება უკვე აქვს. უფრო რეალური მეორე ვარიანტია: რუსეთს ირანისთვის არ სურს ამ იარაღის მიწოდება, რადგან ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიწოდების შედეგად ისრაელის თავდასხმა ფაქტობრივად უშედეგო აღმოჩნდება.

მაგრამ აქვე ჩნდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ახლა რუსეთი S-300-ის მიყიდვას აზერბაიჯანისთვის გეგმავს. ბევრი ამაში მოსკოვი-სომხეთის მყარი სამხედრო კავშირებისთვის საპირწონეს შექმნის მცდელობას ხედავს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო დროს მოსკოვი-ბაქოს ურთიერთობები არსებითად გაუმჯობესდა, მიუხედავად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი-ყარაბახის „რესპუბლიკის“ ირგვლივ არსებული უთანხმოებისა, რომელსაც ერევანი აკონტროლებს. ეს კიდევ ერთი გაყინული რეგიონალური კონფლიქტია. მართალია რუსეთი უკვე დიდი ხანია, რაც სომხეთის მთავარ მფარველად და მოკავშირედ ითვლება, თუმცა აზერბაიჯანის მაღალშემოსავლიანი გაზის და ნავთობის საბადოები მოსკოვისთვის მის ხანგრძლივ მილსადენურ თამაშში უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ სომხეთში მისი სამხედრო ყოფნის გაზრდით, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანული თავდასხმის წინააღმდეგ ერთგვარ გარანტიად აღიქვამს, რუსეთს აზერბაიჯანის დამშვიდება სურს. რა თქმა უნდა ცოტას თუ სჯერა იმის, რომ რუსეთი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის დახმარებით, საფრთხეს სეუქმნის მის სარფიან ენერგეტიკულ გარიგებებს. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ აქ როგორც სჩანს კიდევ ერთი ასპექტია.

S-300-ის აზერბაიჯანისთვის მიყიდვის წინადადება, შესაძლოა ამ კომპლექსების ირანისთვის მიწოდების მაცნედ იქცეს. რატომ? წარმოუდგენელია, მაგრამ აზერბაიჯანი ისრაელის ახლო (თუნდაც შეუმჩნეველ) მოკავშირედ ითვლება. და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუნდება ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასთან ისრაელის დაშვება შეზღუდული ფორმით. რუსეთმა ამ შესაძლებლობის შესახებ რა თქმა უნდა იცის და არ არის გამორიცხული, რომ მას გათვლა სწორედ ამაზე აქვს.

„დიახ, ჩვენ მივყიდეთ ირანს S-300 – შეიძლება უპასუხონ რუსებმა ისრაელელთა პროტესტს – მაგრამ ჩვენ მათი განადგურების შესაძლებლობაც მოგეცით“. სწორედ ასე მოიქცა ისრაელი 2007 წლის ბოლოს, როდესაც მისი თვითმფრინავები სირიის S-300-ით კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რათა მოესპო სირიის ბირთვული პროგრამის ჩანასახები. S-300-ზე გამარჯვებისთვის, ისრაელელებს შეიძლება უფრო სრული და ზუსტი ცოდნა დასჭირდეთ იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კომპლექსი ტექნიკურად.

საქართველოსთვის, S-300-ის სისტემის გავრცელებას და მათ განთავსებას ახალ ადგილებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, ყოველ შემთხვევაში ის პირდაპირ საფრთხეს არ შეიცავს. რუსეთის განცხადებამაც კი იმის თაობაზე, რომ მათ S-300 აფხაზეთში განათავსეს (თუმცა, არსებობს ცნობები, რომ ეს სისტემა იქ უკვე ორი წელია რაც დგას) საეჭვოა რეგიონში ძალთა თანაფარდობაზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდნოს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ სისტემებს შეუძლია, ნატო-ს თვითმფრინავებისგან აღნიშნული საჰაერო სივრცის დაცვაა.

თუმცა, ცხადია, სხვა რამ. რუსეთის მიერ S-300-ის გაყიდვა და განთავსება ხაზს უსვამს კრემლის მისწრაფებას, შექმნას ზეწოლის წერტილები და მსოფლიოს საკვანძო რეგიონებზე ფლობდეს გავლენის ბერკეტებს. დაფიქრდით შემდეგზე: დღევანდელ დღეს S-300 განთავსებულია სირიაში, სომხეთში, აფხაზეთში, ხოლო მალე ის შეიძლება გაჩნდეს აზერბაიჯანში. შეთანხმების თანახმად, ეს სისტემა ირანმაც უნდა მიიღოს. ფრანგული ვერტმფრენმზიდის „მისტრალის“ მიწოდებაზე დავით, რუსეთმა როგორც სჩანს ჩაშალა გარიგება, რომლის რეალიზაციაზეც ადრე ეჭვი არავის ეპარებოდა. ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი უარს ამბობს თავის თავდაპირველ პარტნიორობაზე საფრანგეთთან და ღია ტენდერის გამოსვლას გეგმავს, რომელიც რა თქმა უნდა, მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ყურადღებას მიიპყრობს, მათ შორის ესპანეთის და ნიდერლანდების. წარსულში ეს სახელმწიფოები აღნიშნული გარიგების მიმართ სერიოზულ დაინტერესებას ავლენდნენ.

პრობლემა ტექნოლოგიების გადაცემის საკითხია, რადგან საფრანგეთი მიწოდების პაკეტში მის ჩართვაზე უარს ამბობს, თუმცა თავდაპირველად ასეთი შეთანხმება არსებობდა. მოულოდნელად, რუსეთმა, პროცესში მისი განაცხადი შეცვალა და მოითხოვს ყველა სისტემის მიწოდებას, რითაც მთელ ამ პროგრამას ჩიხში აქცევს. მოსკოვი ახალ მონაწილეებს იწვევს, რითაც თამაშში ფსონებს ზრდის. ის ამით საფრანგეთს და მის პროფკავშირებს უჩვენებს იმას, რომ რუსეთს სხვაგანაც შეუძლია ეძებოს ის, რაც მას სჭირდება.

რუსეთმა ”მისტრალის” მშენებლობაზე შეთანხმებით ნატო-ს რიგებში უკვე დათესა უთანხმოება, ახლა კი უფრო შორს მიდის და საფრანგეთს აიძულებს ნატო-ს ისეთ მოკავშირეებთან შეჯიბრს, როგორებიც არიან ესპანეთი და ნიდერლანდები. ეს იქნება ბრძოლა იმაზე, თუ ვინ შეძლებს რუსეთისთვის ნატო-ს ყველაზე მოწინავე ტექნიკის ყველაზე დაბალ ფასად მიწოდებას.

ცხადია, ყველა ცალკეულ შემთხვევაში რუსული სტრატეგია სხვადასხვა ქვეყნებზე გავლენის ბერკეტების მაქსიმალური გამოყენებისკენ და მათ შორის დაპირისპირების წარმოქმნისკენაა მიმართული. ესენია ირანი და ისრაელი, სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველო და მისი კონფლიქტური რაიონები, დასავლეთი და აღმოსავლეთ-ევროპა და ასე შემდეგ. ეს კონფლიქტები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც მასშტაბებით ასევე გეოპოლიტიკური წონით, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო ნიშანი აქვს – რუსეთის გავლენა და ცბიერება, რაც ყველაზე სახიფათოა მუქარა და დაპირებები იარაღით მომარაგებაზე.

გეშინოდეთ რუსების, რომლებსაც საჩუქრად იარაღი მოაქვთ.
[foreignpress.ge]