იპოლიტე ხვიჩია თითქოს ცხოვრებაშიც ისეთი იყო, როგორიც სცენაზე... იცოდა შუბლზე სველი ტილოს დაფენა, კალათის ჩაშვება აივნიდან, როცა რამეს ყიდვა უნდოდა, ეზოში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვების მსაჯობა...
ისე, სველ ტილოს დაიფენდა, აბა, რა იქნებოდა - შვილიშვილები, ერთმანეთზე უკეთესები და საყვარლები, ხან აბრაზებდნენ, ხან სიურპრიზებს უმზადებდნენ. ძალიან მგრძნობიარე ბაბუ ჰყავდათ, ყველაფერი გულთან მიჰქონდა, მაგრამ ბავშვები ხომ იმიტომ არიან ბავშვები, რომ ამას გვიან მიხვდნენ...
მარტო ავთო ხვიჩიას გამო რამდენი უნერვიულია! ცელქი ბიჭი იყო, ხან ლექციას აცდენდა, ხანაც სხვა რამეს პოულობდა დასაშავებელს. აკადემიაში კი მშობელს - ბაბუას იბარებდნენ. აკი თქვა კიდეც ბაბუაზე - თავისი აგენტურა ჰყავდა აკადემიაში და ყველაფერს დაწვრილებით იგებდაო... ერთხელ მეგობართან - თამაზ ჩორგოლაშვილთან ერთად გაპარულა ლექციიდან. სად წავიდოდნენ... სადღაც, ძნელაძეზე, "პლანი" იყიდებოდაო... აკრძალული ხილის ხიბლი ხომ ყველა ბიჭს აბრმავებს ხოლმე... საღამოს შინ მისულს ბაბუა გაბრაზებული დახვდა. ბოლთას სცემდა თურმე. რა დაემართაო, - ბებოსთვის უკითხავს...
რასაც აკადემიაში აკეთებ, ყველაფერი მოდის მაგის ყურამდეო. გამოსავალი არ იყო, ნარდი უნდა ეთამაშა, რადგან ნარდით ყველაზე იოლი იყო იპოლიტეს შემორიგება. დასხდნენ და გააგორეს. თან თამაშობდა ბაბუა, თანაც ლექციას უკითხავდა. ლექცია რომ გააცდინე, რა გააკეთე, ღირდა მაინცო? - სულ ბოლოს უკითხავს... პლანის საყიდლად რომ წახვედით, იყიდეთო?.. ვერაო, ერთი კვირის მერე დაგვიბარესო. მერე გეთქვა, მთელი სიცოცხლე სხვის პლანებს ვშოულობ და შენთვის გამიჭირდებოდაო?.. იპოლიტეს პლანი გეგმა ეგონა. ერთი კვირის მერე კი მიმხვდარა, რაზეც იყო ლაპარაკი.
შეუძლებელი იყო, არ გაეცინათ. ის ცნობილი ამბავი, "ბურთი და მოედანში" სიდედრის - ვერიჩკას ნიფხავი რომ ჩაიცვა, ოჯახს კი არა, მთელ თბილისს დღესაც აცინებს. ისე, ადვილი სათქმელია, მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით, ვერიჩკას რა მოუვიდოდა, ჯერ მისი საცვალი რომ გაქრა სარეცხის თოკიდან, მერე მისმა სიძემ რომ ჩაიცვა... და მერე მთელი ქვეყანა რომ ნახავდა კიდევ!
- ნახონ, მერე რა, შენს ტანზე ხომ მაინც არავის უნახავსო, - ეცინებოდა დიდ მსახიობს.
მისი მეუღლე - მშვენიერი ლუბა ქარქაშაძეც მეტად ენამოსწრებული გახლდათ. იქნებ იმიტომაც მიუხაროდა ყველას მათ ოჯახში ასეთი ჰარმონიული წყვილი რომ ხვდებოდათ. თვალის დახამხამებაში იშლებოდა სუფრა. ცხვებოდა ცნობილი ხაჭაპურები, რომლის გამოც ხაჭაპუროვნასაც კი ეძახდნენ იპოლიტეს მეუღლეს.
ერთხელ, ეროსის დაუჟინია, იპოლიტეს ვესტუმროთო. მისულან. გაიშალა სუფრა ტრადიციულად. გახალისდა მასპინძელიც. სტუმარს კი რაღაც აქვს ჩაფიქრებული, უნდა გამოიწვიოს იპოლიტე, აბა, ვნახოთ, სადამდე გაუძლებსო. მოითხოვა ეროსიმ ერთი კერძი, - მიართვეს, მოითხოვა მეორე, - მიუტანეს, მესამე - გაუჩინეს. ის კი ხავერდოვანი ხმით ისევ და ისევ კითხულობს: - სულ ესაა, ბიჭო, შენი პურმარილი?
- ლუბა! - დაუძახია მასპინძელს მთავარი დიასახლისისათვის, სტუმრები ახალი კერძის შეკვეთის მოლოდინში გაინაბნენ, - დაკალი სიდედრი! - გაისმა ბრძანება...
ერთ დღეს იპოლიტემ აივნიდან დაინახა ძირს მოფუსფუსე მუშები. გამოიყვანა შეხვეული ბავშვი, მკლავზე გადაიწვინა და აძინებს:
- ააა, ა... მაგრამ, როგორც ჩანს, პატარა არ ისვენებს. მუშებს ცალი თვალი მისკენ აქვთ. ეცინებათ კიდეც, დიდი იპოლიტეს უკმაყოფილო სახეს რომ უყურებენ... უცებ იპოლიტე იღლება, - მეტი აღარ შემიძლია, თქვენ დაიჭირეთო და "ბავშვს" აივნიდან ისვრის. მუშები თავზარდაცემულები დგანან. "ბავშვი" მიწაზე დაცემის მერე რამდენჯერმე ინერციით ხტება მათ ფეხებთან. ღვინის ტიკია - დალიეთ, ბიჭებო, დაისვენეთო! - ჩამოსძახა იპოლიტემ.
იპოლიტეს აივანზე არაერთი სანახაობა გამართულა... მაგალითად, ფეხბურთის მსაჯობა - ეს არც ერთ ფილმს არ ჩამოუვარდებოდა. სწორედ ისე, "ფეოლაში" რომ არის...
კიდევ კარგი, თავის პირვანდელ პროფესიას არ შერჩა ბოლომდე! ბუღალტერი იყო თუ საზკვების ინსპექტორი, აგურის ქარხნის მგეგმავი ეკონომისტი თუ მეთულუხჩე, ყველგან თვალში საცემი იყო მისი არტისტული ნიჭი. შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა და არც დარჩა... პირველი რეჟისორი მისი ძმა - ალექსანდრე იყო, რომელმაც ხონის თეატრში ყვარყვარეს როლი ათამაშა. დიდად ნაწყენი დარჩა იპოლიტე - მე ტრაგიკული როლი მინდოდაო...
რეჟისორმა დოდო ანთაძემ რომ ნახა იპოლიტე, მაშინვე მიხვდა, დიდი აღიარება ელოდა ამ ახალგაზრდა კაცს... ცოტა გვარი არ მოუვიდა ყურში - ყვინჩია... არ ვიცი, მაინც რას უწუნებდა ასეთს და იპოლიტეს სთხოვა, - ხვიჩიად დაეწერეო... ამანაც: სადაც ყვინჩია, იქ ხვიჩიაც იყოს, ერთია ორივეო!
სახელი და გვარი იპოლიტე ხვიჩია ქართული კომიზმის სიმბოლოდ იქცა.
სპექტაკლში "ასი ათასი" იპოლიტეს გმირს ასი ათასი უნდა მოეგო. წაიკითხა გაზეთში მოგება და ისე კი არ მოიქცა, როგორც სხვა მოიქცეოდა, "გააფრინა"... დაიწყო გაზეთის ასი ათას ნაწილად დახევა-დანაწილება. ყველაზე დიდი ნაგლეჯი თვითონ ჩაიდო ჯიბეში, დანარჩენი სხვებს გაუნაწილა. ეს ეტიუდი, მხოლოდ იპოლიტეს ფანტაზიის ნაყოფი იყო და 7-8 წუთი გრძელდებოდა, არაერთხელ გაუყვანიათ დარბაზიდან სიცილით გულწასული მაყურებელი.
სპექტაკლში, "უჩა უჩარდია" ის და გრიგოლ გოკელიძე მთვრალებს თამაშობდნენ. 15 წუთი უნდებოდნენ სცენაზე გამოსვლას. ამასობაში, როგორც მთვრალებმა იციან, მოიხსნიდა იპო საათს, აჩუქებდა გრიშას, ის ჩუქნიდა პორტსიგარს, მერე გადადიოდნენ ტანსაცმლის ჩუქებაზე და ბოლოს სცენაზე იდგა იპოლიტე გრიშას და გრიშა - იპოლიტეს ტანსაცმლით.
ცირკში ცნობილი კომიკოსი ოლეგ პოპოვი ყოფილა ჩამოსული. შეახვედრეს იპოლიტეს. მე ხშირად მსმენია იპოლიტეს სახელიო, - უთქვამს პოპოვს. იპოლიტესაც დაუდასტურებია: - მეც ვიცნობ პოპოვს. მარა, კაი იქნება, ის ჭრელი ქუდი ქუჩაშიც ატაროსო...
- სიგარეტი არ გაქვთო? - უკითხავს პოპოვს იპოლიტესთვის.
მიხვდა იპო - რაღაცას უწყობდა რუსი. თანმხლებს ჩაულაპარაკა თურმე, - მგონი რაღაცას მიპირებს, მარა ისეთი რა უნდა მიქნასო... ამოიღო "კოლხეთი", მიაწოდა...
- ეგრე არა, ერთი ღერი მესროლეთო.
ამოიღო ერთი ღერი და ესროლა... პოპოვმა შუბლით დაიჭირა, ატრიალა, აბრუნა, მერე ცხვირზე გაიჩერა, შემდეგ ისევ შუბლზე ატრიალა და ჩაიდო პირში. გამარჯვებული იყო! ამაყად გადახედა და: - მომიკიდეო.
- ამ წუთში, ბატონოო, - ჩაიყო ჯიბეში ხელი იპოლიტემ, ამოიღო ასანთი, გაჰკრა და ააგდო, - ე, წადი და მოუკიდე ახლაო, - ჩაიხითხითა...
თუკი არსებობს ბედის განსაზღვრა, თუ, როგორც გვიყვარს თქმა, რაც გვაწერია, არ აგვცდება, თითქოს პირველი წუთებიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ყვინჩიების ოჯახში 1910 წლის 31 დეკემბერს მოვლენილ ვაჟს დიდი მაკვარანცხი ხასიათი უნდა ჰქონოდა.
ჯერ ის, რომ ერთი დღე არ მოიცადა, რომ 1-ელი იანვარი ყოფილიყო მისი დაბადების დღეც... თანაც ისეთი მტირალა იყო, დედას იმ ზამთრის სუსხში კინაღამ აკვნით გარეთ გაუდგამს. პატარა კი არ ჩერდებოდა... იქნებ იმიტომ, რომ დიდობაში სიცილი უნდა გახდომოდა თანამდევად და სატირალი იმთავითვე მოელია... მერეც ბევრი რამ სწყენია და სტკენია, მაგრამ მისგან ხალისიანი განწყობის მომლოდინე ადამიანებს მოლოდინს ვერ გაუმტყუნებდა...
დღეს საქართველოში მხოლოდ მისი სახელის - იპოლიტეს ხსენებაზეც კი გვეცინება, იმიტომ, რომ ასე უნდოდა დიდ კომიკოსს, რომლის დაბადებიდანაც უკვე 100 წელი გავიდა.