„ინ ვიტრო“ - მეთოდი, რომელიც ხშირად ამართლებს

„ინ ვიტრო“ - მეთოდი, რომელიც ხშირად ამართლებს

„რაც უფრო დროულად მიიღებს პაციენტი გადაწყვეტილებას ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს მიმართოს, მით მეტია შანსი, რომ სასურველი შედეგი დადგეს.” - ამბობენ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ ექიმები.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი უშვილო წყვილია, ვინც წლების განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობს და მხოლოდ ხანგრძლივი ფიქრის, ნერვების, დროის და მატერიალური ხარჯის შემდეგ მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს, რომელიც წლებია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. რატომღაც ბევრი ფიქრობს, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდისთვის მზადება რთული და ხანგრძლივი პროცედურაა და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სასურველი შედეგი შესაძლოა ძალიან მოკლე დროში დადგეს.

ნანი მარსაგიშვილი, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ ექიმი-რეპროდუქტოლოგი: „რამდენიმე წლის წინ, ინ ვიტრო განაყოფიერება აღიქმებოდა, როგორც ბოლო ეტაპი უშვილო წყვილთა მკურნალობაში. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. როდესაც წყვილს რეგულარული სქესობრივი კავშირი აქვს და ერთი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება, რეკომენდებულია მიმართონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკას. ერთი ან ორი წლის განმავლობაში, უშვილო წყვილის წარუმატებელი მკურნალობის შედეგად, სასურველია, მათ მიმართონ ინ ვიტრო განაყოფიერებას.  

არის შემთხვევები, როდესაც წყვილი არ საჭიროებს მკურნალობას მედიკამენტებით და გამოსავალი მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებაა.  ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებულ შედეგზე დიდ გავლენას ახდენს წინა მოსამზადებელი ეტაპი, როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის. გამოკვლევები ტარდება როგორც ჰორმონული დისბალანსის დასადგენად, ასევე ინფექციების გამოსავლენად. არსებობს ინფექციები, რომლებიც ხელს უშლის ორსულობის დადგომას ან ორსულობის განვითარებას. ტარდება სისხლის შემადედებელი სისტემის გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, დგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ეს სტანდარტული გამოკვლევები გახლავთ, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეთ სტანდარტზედა გამოკვლევები, იმის მიხედვით თუ რა ესაჭიროება.

რა დრო სჭირდება წინასწარ გამოკვლევებს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოგვმართავს პაციენტი. თუ ქალი მოგვამრთავს  მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მეორე - მესამე დღეს, მაშინ სტანდარტულად ვიწყებთ ჰორმონულ გამოკვლევებს და გადავდივართ ინფექციების კვლევაზე, ვაკეთებთ ფოლიკულის მონიტორინგს, რადგან კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში შევისწავლოთ საკვერცხის ფუნქცია. გამოკვლევის შედეგად, თუ გამოვლინდა დარღვევა, რომელიც მოცემულ ეტაპზე გამოსწორებას ექვემდებარება და არ დადასტურდა ინ ვიტრო მეთოდის გამოყენებისთვის სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, შემდეგი რიგითი მენსტრუალური ციკლიდან ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს მივმართავთ.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღმოაჩნდა ინ ვიტრო მეთოდისთვის ხელისშემშლელი სერიოზული ინფექცია, ან ჰორმონული დისბალანსი, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. შესაბამისად, ინ ვიტრო მეთოდისთვის მოსამზადებელი პერიოდი ბევრ რამეზეა დამოკიდებულია და საჭიროებს სულ მცირე ერთ თვეს, მკურნალობის შემთხვევაში კი შესაძლოა ორ-სამ თვეს გასტანოს.

მამაკაცის შემთხვევაში კვლევა რა მიმართულებით მიმდინარეობს?

- მამაკაცის შემთხვევაში სპერმოგრამის მიხედვით იგეგმება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის შერჩევა. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს ესაჭიროება უროლოგის ან ანდროლოგის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. სპერმოგრამის მაჩვენებლების მიხედვით  განისაზღვრება, ინ ვიტრო განაყოფიერების რომელი მეთოდით ჩატარდება კვერცუჯრედის განაყოფიერება - ჩვეულებრივი, თუ „იქსის“ მეთოდით (ერთი სპერმატოზოიდის შეყვანა კვერცუჯრედში). არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს აღენიშნება აზოოსპერმია - ეაკულატში სპერამტოზოიდი არ მოიპოვება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს ე.წ. მინიოპერაცია, როდესაც სათესლე ჯირკვლიდან ხდება ქსოვილის აღება, და შემდეგ მისგან სპერმატოზოიდის გამოყოფა.

აღნიშნული სამედიცინო პროცედურა ტარდება  ქალზე საკვერცხიდან ფოლიკულების პუნქციის პარალელურად. ასეთ შემთხვევაშიც კი წყვილს ეძლევა შესაძლებლობა გენეტიკური შვილი იყოლიონ.

გამოკვლევების შემდეგ რა პროცედურები რჩება წყვილს იმისათვის, რომ ჩაიტარონ ინ ვიტრო განაყოფიერება?

 12-14 დღის განმავლობაში პრეპარატებით საკვერცხის სტიმულაციის ფონზე (რაც  ნიშნავს რამდენიმე ფოლიკულის მომწიფებას) მიმდინარეობს ფოლიკულების მონიტორინგი, ფიზიოლოგიურად, საკვერცხეში ერთი ფოლიკული მწიფდება, მაგრამ სუპერსტიმულაციის დროს  ხელი უნდა შევუწყოთ ათამდე მაინც ფოლიკულის მომწიფებას. რაც უფრო მეტი კვერცხუჯრედს მივიღებთ, შედეგისთვის უკეთესია. ამის შემდეგ ხდება ფოლიკულების პუნქცია (ფოლიკულური სითხის ასპირაცია), მიღებული კვერცუჯრედის განაყოფიერება სპერმით და მესამე-მეოთხე დღეს ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში. საერთო ჯამში, ყველა ამ პროცედურას დაახლოებით 14 -16 დღე სჭირდება. ემბრიონის  გადატანიდან მე-12-14 დღეს უკვე ხდება ბიოლოგიური ორსულობის დადგენა.