„თუკი ასეთი ფაქტი მესამედაც მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები დასაშლელი და ხელახლა ასაშენებელია“

„თუკი ასეთი ფაქტი მესამედაც მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები დასაშლელი და ხელახლა ასაშენებელია“

გაბრიელ ბერის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ჯერ განელებულიც არ არის და ამჯერად გვიან ღამით პანკისის ხეობის ორ სოფელში 60-მდე სპეცრაზმელის შესვლამ და მათმა ქმედებამ ააფორიაქა იქაურები. ადგილობრივთა განსაკუთრებული აღშფოთება 19 წლის მოზარდის თავში დაჭრის ფაქტმა გამოწვია, რის საპასუხოდაც პანკისელებმა ორი საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს და პანკისის მოსახლეობაში შიშს თესავს. ამიტომაც ხეობა ფეხზე დგას. სოფელ დუისში შეკრებილი უხუცესები ჩატარებულ სპეცოპერაციას ძალის გადამეტებად აღიქვამენ და მოითხოვენ, შეწყდეს ამგვარი ქმედება.

უხუცესები ერთსულოვანნი არიან ერთ რამეში, რომ საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება სახელმწიფოს პრეროგატივაა, ამ თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებას არავინ ეწინააღმდეგება, თუმცა უხუცესთა უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგადაც ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი აცხადებს, რომ, თუ რომელიმე ადგილობრივი დამნაშავეა, მაშინ კანონის ფარგლებში, ძალის გამოყენების გარეშე უნდა მოხდეს მისი დაკავება, მაგრამ მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში ტყვიას რომ ესვრი, ეს არანორმალური ქმედებაა.

უხუცესთა საბჭოს წევრ ხასო ხანგოშვილის თქმით კი, ალბათ, სპეცრაზმელი შეშინდა და წარმოიდგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა. ვინც ვერ არჩევს რეალობას, ასეთები არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში.

პანკისელების თქმით, დაკავებულ ახალგაზრდებს შორის რომელიმე მათგანი დამნაშავე და ტერორისტი რომ იყოს, ისინი საპროტესტოდ არ გამოვიდოდნენ.

მართლია, სუს-ში ირწმუნებიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა, რის გამოც თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო, მაგრამ პანკისელები სუს-ის ვერსიას არ ენდობიან.

დაჭრილის მამამ განაცხადა, ჯერ ჩემს შვილს მივხედავ, რა მდგომარეობაც იქნება, ან გამოჯანმრთელდება, ან ალაჰს მივაბარებ და მერე გავაკეთებ, რაც იქნება საჭირო...

როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ოქროს შუალედის დაცვით, რომ ერთ ბოროტებას მეორე არ დაუმატოს და აგრესიისა და ტერორიზმისკენ არ უბიძგოს საკუთარ ქისტ მოსახლეობას? პანკისის რეგიონის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შეეძლოთ თუ არა ჩვენს სპეცსამსახურებს შედარებით უკეთ ემუშავათ? მით უმეტეს, რომ ქვეყანაში არეულობა როგორც გარე, ისე შიდა მტრების ინტერესშია. მათ შორის, რუსეთისა და „ნაციონალების“ ინტერესებიც არ არის გამოსარიცხი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პანკისელ უხუცესთა სულისკვეთებას, მათ არააგრესიულ, ზომიერ, მაგრამ საკმაოდ მკაცრ განცხადებას იზიარებს. For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ველური ფორმით სპეცოპერაციის ჩატარების არავითარი წინაპირობა არ არსებობდა და სპეცსამსახურებს შეეძლოთ ოპერაცია დელიკატურად, მაღალ დონეზე განეხორციელებინათ.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მაღალპროფესიონალურად ნაკლებად მოქმედებენ. ერთი პრეცედენტი უკვე ვიხილეთ, რაც მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მაგრამ მეორე პრეცედენტი უკვე სისტემურ გადაცდომებს ავლენს. თუკი ასეთი ფაქტი მესამედაც მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები დასაშლელი და ხელახლა ასაშენებელია“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და შეკითხვის საპასუხოდ, სპეცსამსახურების კონკრეტულ ქმედებაში ხომ არ იკითხება „ნაცმოძრაობის“ და რუსული სპეცსამსახურების საბოტაჟის მცდელობა, განმარტა, რომ, წესით, სპეცსამსახურის პროფესიონალიზმი იკვეთება ყოველგვარი საგარეო თუ შიდა საბოტაჟური ქცევებისგან თავისუფლების ხარისხით. თორემ სპეცსამსახურების პროფესიონალიზმს იმით ვერ შევაფასებთ, საქართველოში რამდენი ტურისტი შემოვიდა და რამდენი თანხა შემატეს ჩვენს ქვეყანას. სწორედ სპეცსამსახურების პროფესონალიზმზეა დამოკიდებული, რომ მათმა ქმედებამ უსაფრთხოების ახალი რისკების და გამოწვევების გაჩენას არ შეუწყოს ხელი. ამდენად, სპეცსამსახური თავისუფალი უნდა იყოს იქ ჩარჩენილი ნაცმოძრაობისდროინდელი თანამშრომლებისა და სხვა ქვეყნების ინტერესებისგან.

მომხდარი ფაქტი ხომ არ უბიძგებს პანკისელებს აგრესიული ქმედებისაკენ? ვახტანგ მაისაიას ამაზე პასუხი არ აქვს, მაგრამ მიიჩნევს, რომ არაპროფესიონალიზმი და დაბალი დონის კომპეტენტურობა რისკებს კიდევ უფრო ზრდის და ამის შემდეგ სხვებისკენ ხელის გაშვერა მართალი არ იქნება. ამდენად, გარკვეულ ჯგუფებს არ უნდა მივცეთ ხელოვნური საბაბი, რომ უსამართლოდ მოიქცნენ.

For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ყველასათვის გასაგებ ქმედებად ჩაითვლება, თუკი სახელმწიფოს აქვს თვალსაჩინო არგუმენტები და მწოლიარე თუ მძინარე ადამიანს თავში არ ესვრის. მისი თქმით, როდესაც შეიძლება დანაშაულის პრევენციის მოხდენა, უნდა შეგვეძლოს კიდეც პრევენცია, როდესაც შეიძლება სიცოცხლისთვის რისკი არ შეიქმნას და ამის წინაპირობა არის მოცემულ მომენტში, არ უნდა შევუქმნათ სიცოცხლეს საფრთხე, ხოლო, როცა ცალკეულ პირთა ქმედება გლობალურ საფრთხეს უკავშირდება, ესეც უნდა განვუმარტოთ ადამიანებს.

„თუ არის ფარული ინფორმაცია და ფარული პროცესები, მაშინ სიტუაცია ისე უნდა მართონ, რომ, საერთო ჯამში, ვერც ვერავინ გაიგოს მომხდარი. თუ ადამიანს სასიკვდილოდ ესვრი, როცა მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ცხადია, აქ შეკითხვები დაისმება. უხუცესთა საბჭოს განცხადებები ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. სხვა რამე უხუცესებს არ გაუპროტესტებიათ, მათ შორის, არც ამ პირთა დაკავება გააპროტესტეს. ცალსახაა ისიც, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი რისკები და აღნიშნული რისკები უნდა მართოს კიდეც, მაგრამ მართვის პროცესში მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს ადამიანთა სიცოცხლეს. ჩვენ ვართ ერთი მოსახლეობა, პანკისელები საქართველოს მოქალაქეები არიან, ჩვენთვის დიფერენცირება არ არსებობს. მათი სამშობლო საქართველოა. ბევრისგან მსმენია, რომ პანკისელთა უმეტესობას სახელმწიფოებრივი აზროვნება ბევრად მაღალი აქვს, ვიდრე სხვებს დანარჩენებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მე პანკისელების კარგი მოქალაქეობის იმედი მაქვს“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

იმის გათვალისწინებით, რომ არასწორი დინებები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფორმით არსებობს მთელ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის არც ერთი რეგიონი კრიმინალისგან დაზღვეული არ არის, არჩილ გამზარდია მსგავს საშიშროებას არც პანკისის ხეობაში გამორიცხავს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალის გადამეტება სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა პრევენციაა, რათა ასეთი ფაქტები წინასწარვე მაქსიმალურად გამოირიცხოს.

„როდესაც საუბარია არასწორად ჩატარებულ ოპერაციაზე, ძალის გადამეტებაზე, ამ კონტექსტში შეიძლება გამოიძიონ ის ფაქტიც, გადაამეტა თუ არა პოლიციამ რატიანის საქმეზე, ან იმავე პანკისში ადეკვატურად მოიქცნენ თუ არა ჩვენი ძალოვანები, შეიძლება დასაჯონ კიდეც ასეთი პირები, მაგრამ ეს მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირებაა. ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, სახელმწიფომ წინასწარ შექმნას ეფექტური სისტემა, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ასეთი ქმედებები სპეცოპერაციის თუ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას. ძალზე მნიშვნელოვანია სამართალდამცავების საქმიანობაზე ეფექტური დამოუკიდებელი მონიტორინგის სისტემის ფორმირება. ეს მხოლოდ ერთი უწყების ან მთავრობის საქმე არ არის, აქ საკანონმდებლო ორგანოც უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

დაიწყებენ თუ არა აგრესიულად ფიქრს პანკისელები, ლევან ალაფიშვილის აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, წარიმართება თუ არა გამჭვირვალე, არგუმენტირებული მტკიცებულებებით გამყარებული გამოძიება და სასამართლო განხილვა. შესაძლოა, კითხვები ბევრი იყოს, მაგრამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და სასამართლომ. სწორედ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსი. ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელება ყველაზე ეფექტური პასუხია ყოველგვარი საფრთხის წინააღმდეგ, რაც გამოწვეულია იმ კითხვებით, ხომ არ იძალადა სახელმწიფომ რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფზე ან კონკრეტულ ადამიანზე.