ირაკლი ალასანია: „ჩვენი ამოცანაა, „რვიანი“ შესანიშნავ შვიდეულად ვაქციოთ

ირაკლი ალასანია: „ჩვენი ამოცანაა, „რვიანი“ შესანიშნავ შვიდეულად ვაქციოთ"

[მერაბ ბრეგაძე]

„მოსკოვსკიე ნოვოსტიმ“ ირაკლი ალასანიას ინტერვიუ ჩამოართვა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი რამდენიმე საინტერესო აქცენტს აკეთებს. ეს ეხება როგორც შიდა პოლიტიკას, ასევე საქართველოს გარშემო მიმდინარე საერთაშორისო პროცესებს.   

ალასანიას განცხადებით, ამერიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ სააკაშვილს ეუბნებიან, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს და წავიდეს:  

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს რეალურად სააკაშვილი. იქამდე იგი ახერხებდა, საერთაშორისო პერტნიორები პიარისა და პირადი კონტაქტების მეშვეობით შეცდომაში შეეყვანა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. იგივე ჯოზეფ ბაიდენი და ყველა სხვა ამერიკელი პოლიტიკოსი ეუბნება სააკაშვილს, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს და წავიდეს. ეს ხაზი არ შეიცვლება“.

ალასანიას თქმით, გერმანიას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას შეუწყოს ხელი:

„ევროპას, კონკრეტულად კი გერმანიას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ მოსკოვსა და თბილისთან ურთიერთობების ხანგრძლივი ტრადიციის გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას შეუწყოს ხელი.

ამ სამკუთხედს – რუსეთს, გერმანიას და საქართველოს შეუძლია,  პოსტსააკაშვილის პერიოდში ეფექტურად ამუშავდეს. ცოტა ხნის წინ ეს საკითხი კანცლერ ანგელა მერკელის ადმინისტრაციაში მის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან განვიხილე. ამავე საკითხზე გასულ წელს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, მიმდინარე წელს კი ბრიუსელში, ევროკავშირის მთავარ დიპლომატ ქეთრინ ეშტონთან ვისაუბრე“.

ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, მან იცის, როგორ გადაწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან და ოსებთან შერიგების საკითხები:

„მე პირადად ვიცნობდი და პატივს ვცემდი სერგეი ბაღაფშს. მომავალში მას ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენის საკითხში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლო. ვინც არ უნდა აირჩიოს ახლა აფხაზურმა საზოგადოებამ თავის ხელმძღვანელად, ჩვენ მასთან მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ლეგიტიმური არჩევნები არ იქნება“.

ალასანიას თქმით, იმისთვის, რომ ქართულ-აფხაზური დიალოგი აღდგეს, საქართველომ პარალელურ რეჟიმში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გზებზეც უნდა იფიქროს, ეს კი ანტაგონიზმის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების პირობებში შეუძლებელი იქნება:

„პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკა აფხაზებსა და ოსებს გვაშორებს და კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობას შლის. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენის არანაირი რესურსი არ აქვს, ამიტომ იგი ყველაფერს აკეთებს, რათა ადგილობრივმა საზოგადოებამ ეს პრობლემა დაივიწყოს“.

კიდევ ერთი განცხადება ირაკლი ალასანიამ დღეს სააგენტო „პირველთან“ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციური 6-იანი მალე შესანიშნავ შვიდეულად გადაიქცევა. როგორც ალასანიამ დააზუსტა, „გაერთიანების მეშვიდე სუბიექტი ქართული საზოგადოება იქნება“.

„ჩვენი ამოცანაა, „რვიანი“ შესანიშნავ შვიდეულად ვაქციოთ, სადაც წამყვანი სწორედ მეშვიდე ფიგურა - საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. სწორედ ამ პარტნიორობაზეა საუბარი, როდესაც ვაყალიბებთ სამოქალაქო მოძრაობას „თავისუფალი არჩევანისთვის“. ორმა ჩვენმა ყოფილმა მეგობარმა კალვერას ბანდაში გადასვლა არჩია, მაგრამ ეს ისტორია საბოლოოდ მაინც სიმართლეს ზეიმობს და გამარჯვებით სრულდება. „რვიანის“ სუბიექტებს ერთი მოწინააღმდეგე გვყავდა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის სახით. იმის განსჯა, რატომ ჩათვალეს ახლა „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და „მემარჯვენეებმა“, რომ ეს ასე აღარ არის, საზოგადოებისთვის მიმინდია“.