რუსეთში არჩევნები დასრულდა. მოსწონს თუ არა საერთაშორისო საზოგადოებრიობას, რუსეთის პრეზიდენტი ისევ პუტინია და მსოფლიოს, მათ შორის - ჩვენც, ამ რეალობასთან შეგუება მოგვიწევს. რუსეთს კი საქართველოსთან ანგარიში ჯერ არ გაუსწორებია და მისი დაშლის არცთუ საიდუმლო გეგმა ბოლომდე მისაყვანი აქვს. ჩანს, გეგმა ჯავახეთის საქართველოდან მოწყვეტისა ჯერაც მოქმედებს და რუსეთმა მუშაობა უკვე დაიწყო.
პუტინის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე მისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი რუსეთის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიწვეული იყო "ჯავახქის" რუსეთის ფილიალის პრეზიდენტი აღასი არაბიანიც, რომელიც სიტყვითაც გამოვიდა და გოვორუხინს წერილიც გადასცა: "პატივცემულო სტანისლავ სერგეევიჩ. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ეროვნული უმცირესობის, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ძირძველი სომხური მოსახლეობის უფლებების შელახვას. მოგმართავთ თხოვნით, გადაეცით, გეთაყვა, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს, რომ ჩვენ მას დახმარებას და ხელშეწყობას ვთხოვთ საერთაშორისო ტრიბუნაზე გასვლის საქმეში, რათა ფართოდ გახმაურდეს და გაშუქდეს საქართველოს სომხებით დასახლებულ მხარეში არსებული რეალური ვითარება".
გიორგი თევზაძე, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "ჩვენი ორგანიზაციის გამგეობამ უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. ვითხოვთ შეისწავლონ ორგანიზაცია "ჯავახქის" საქმიანობა და დაფინანსების წყარო. საქართველოს კონტროლის პალატა ყველას ჯიბეში რომ იქექება, იქნებ იმ ორგანიზაციების ფინანსების წარმომავლობითაც დაინტერესდეს, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. როგორც ვიცი, საქართველოში 150-ზე მეტი ეთნიკური სომხების ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს კეთილ საქმეში, მაგრამ იმას, რასაც "ჯავახქი" აკეთებს, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს ნამდვილად სცილდება. გამოკვეთილი ანტიქართული საქმიანობით გამოირჩევა "მრავალეროვანი საქართველოც". ქართველებსა და სომხებს დიდი მეგობრობა გვაკავშირებს, მაგრამ არიან სომეხი მოქალაქეები, რომლებიც არარსებული პრობლემების შექმნას ცდილობენ და ცრუინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ. საკითხავია, ვის დავალებას ასრულებენ?
ვეჭვობ, რომ რუსეთმა უკვე დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი ჯავახეთში ჯერ ვითარების ასარევად, შემდეგ კი ამ რეგიონის საქართველოსგან მოსაწყვეტად. სხვადასხვა სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუებში თუ ანგარიშებში "მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ თურმე საქართველოში ანტისომხური განწყობის ზრდა აშკარად შეინიშნება და "მრავალეროვან საქართველოში" უკვე 32 საჩივარიც ჰქონიათ, რომლებშიც გაპროტესტებულია კულტურის, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწეების ანტისომხური განცხადებები. სწორედ ასეთი პროვოკაციების ასალაგმავად მივმართეთ მთავარ პროკურატურას, ან გამოიძიონ ეს საქმეები და თუ ანტისომხური ისტერია მართლა არის ქვეყანაში, დასაჯონ ეროვნული შუღლის გამღვივებლები, თუ არა და, პასუხი მოსთხოვონ დეზინფორმაციის გამავრცელებელ ეგრეთ წოდებულ უფლებადამცველებს. აბა, გაბედონ და სომხეთში განაცხადონ ისეთი რამ, რაც სომეხი ერის ინტერესებს შელახავს, მთელი სომხეთი ფეხზე დადგება! აქ კი
სომეხი კაცი ქართველებს პუტინთან უჩივის, საქართველოში მცხოვრები სომხების ინტერესების დაცვაში დახმარებას სთხოვს.
ვიცი, "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნების შემდეგ ამ სტატიას გადათარგმნიან და სომხურ თუ რუსულ საიტებზეც დაიდება. ჰოდა, იმ ხალხს, ვინც ქართველების ქსენოფობიასა და საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების შელახვაზე ლაპარაკობს, მინდა ვკითხო: ბევრი ქვეყანა იციან ისეთი, სადაც უმაღლეს სასწავლებლებში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უფლება ეძლევათ მისაღები გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ?
რომელიმე ქართველს მისცემენ უფლებას სომხები ან აზერბაიჯანელები, რუსები ან ფრანგები, მათ ქვეყნებში ქართველებმა მისაღები გამოცდები ქართულად ჩააბარონ?
საქართველო 140 სომხურ სკოლას აფინანსებს. ბოლოს და ბოლოს, სინდისი აღარ არის, ხალხო?! საქართველოში დღეს თუ ვინმეს უფლებები ირღვევა, ისევ და ისევ ქართველებისა. აგერ ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანელებიც კი საინგილოს მოსახლეობას საკუთარი გვარ-სახელების დაბრუნების უფლებას არ აძლევენ, სკოლას სკოლაზე ხურავენ, თითო-ოროლა მოქმედ ეკლესიაში წირვა-ლოცვას კრძალავენ და კიდევ ჩვენ ვართ ქსენოფობები? დრო მოვა და "ჯავახქის" თავმჯდომარის ამ წერილს რუსები აუცილებლად გამოიყენებენ. თუ უახლესი ისტორია დაგვავიწყდა?! იგივე არ მოხდა აფხაზეთში?! წერილით დაიწყო ყველაფერი. 1989 წლის მარტში ლიხნის კრებამ წერილი მისწერა რუსეთის ხელმძღვანელობას. მაშინ ეს საქართველოს მთავრობას სასაცილოდ არ ეყო, რა საშიშროება, ჯღაბნიან რაღაცასო. ამ "ჯღაბნას" კი ომი და აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა.
ეგრეთ წოდებული უფლებადაცვითი ორგანიზაციები აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, თუ ვინმემ უაზრო, უფრო სწორად დაკვეთილ გამოხდომებზე ხმის ამოღება გაბედა, მაშინვე არმენოფობიას დასწამებენ.
ქსენოფობიის შიშით ქართველი ხშირად ხმის ამოღებას დუმილს ამჯობინებს, ამასობაში კი ეს ნამუსგარეცხილი ვითომ უფლებადამცველები მშვენივრად ასრულებენ უცხო სპეცსამსახურების დაკვეთებს".
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი:
- რაღა დაგიმალოთ და, აღასი არაბიანის განცხადება ღიმილის მომგვრელია. თქვენ არ გეღიმებათ?
უნდა გვეღიმებოდეს?!
- რუსებმა ერთი ტაქსის მძღოლი "დაავერბოვკეს". სწორედ ეს არის რუსეთის "ჯავახქის" დიასპორის ხელმძღვანელი აღასი არაბიანი. რატომ სტკივა გული არაბიანს საქართველოში მცხოვრებ სომხებზე, მაშინ როცა ერთ სიტყვასაც არ ასველებს რუსეთში მცხოვრები ჯავახი სომხების უფლებების დასაცავად. არადა, რუსეთში ყოველ ნაბიჯზე ილახება ჯავახი სომხების ინტერესები. სხვათა შორის, რუსეთის სამხრეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს კომპაქტურად, ვიდრე ჯავახეთში. თვე არ გადის, საქართველოში არ ჩამოასვენონ რუსეთში მოკლული ჯავახი. არაბიანი კი რატომღაც საქართველოში ჯავახი სომხების უფლებებსა და ჯავახეთის ავტონომიაზე ლაპარაკობს. რომელ უფლებების დარღვევაზე ლაპარაკობს, როცა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს 140 სომხურ სკოლას, თეატრებსა და ანსამბლებს.
ეს კაცი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებს. რუსეთის "ჯავახქის" დიასპორა რუსული სპეცსამსახურების პროექტია.
რუსეთში კიდევ ერთი ორგანიზაცია "სომეხთა კავშირი" მოქმედებს. ამ ინტერვიუს რომ გაძლევთ, მეშინია, დათვური სამსახური არ გავუწიო რუსულ სპეცსამსახურებს. შესაძლოა, ამ ორგანიზაციაზეც დაიწყონ ზეწოლა, დაავალონ, თქვენც დაიწყეთ ანტიქართული განცხადებების გაკეთებაო. თუ უახლოეს მომავალში ამის მოწმე გავხდებით, ნათელი იქნება, რომ რუსულ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. აღასი არაბიანს მოსკოვში ოფისი "პრეზიდენტ ოტელში" აქვს, ორი ოროთახიანი ნომერი. იაფი არ გეგონოთ, დღე-ღამე 400 დოლარი ღირს. მგონი, ყველაფერი ნათელია.
თუ ყველაფერი ნათელია, საქართველოში 150-ზე მეტი სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომელიმემ თუ გააპროტესტა ეს ფაქტი?
- კომენტარს მეც არ უნდა ვაკეთებდე არაბიანის გამონათქვამებზე. არ ღირს ყურადსაღებად. ტაქსის მძღოლის სისულელეები სასაცილოა და მეტი არაფერი(?!).
ამისთანა სასაცილო წერილებით დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მას შემდეგ, რაც "ადამონ ნიხასმა" და ლიხნის კრებამ რუსეთში პრეტენზიებით სავსე წერილები გაგზავნეს.
- ცხინვალისა და აფხაზეთის ორგანიზაციებთან საქართველოში მცხოვრები სომეხ-ქართველთა ურთიერთობის შედარება არაკორექტულია. სომხურ-ქართული ურთიერთობების გამწვავება არც საქართველოდან მოდის და არც სომხეთიდან. სომხეთში ის ორგანიზაციები აკეთებენ რადიკალურ განცხადებებს, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებენ, მაგრამ რუსეთმა კი არა, კიდევ ათმა სპეცსამსახურმა რომ იმუშაოს სომხებისა და ქართველების წაკიდებაზე, გარწმუნებთ, არაფერი გამოუვათ. დიდი გამოცდილება გვაქვს მიღებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაგალითით. ჩვენ ამ ფოცხზე კიდევ ერთხელ ფეხს არ დავაბიჯებთ. ამის გარანტია სომეხი და ქართველი ხალხის სიბრძნეა.
მამუკა არეშიძე, კავკასიის საკითხების ექსპერტი: - მართალია, აღასი არაბიანი ავტორიტეტი არ არის და მას არც ჯავახები აგდებენ რამედ, მაგრამ ბინძური პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ვის გამოიყენებენ რუსები, ტაქსის მძღოლს თუ აკადემიკოსს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
მთავარია, ჩაფიქრებული გეგმა და მიზანი. ხიფათი რეალურია! ყველამ იცის, ვინც არის არაბიანი, ვიცით, ვინ იყო და არის ჩრდილო ოსეთში მოქმედი ორგანიზაცია "დარიალის" ხელმძღვანელობა, მაგრამ მათ წერილებს და თხოვნებს კრემლი საჭიროებისამებრ იყენებს. სასაცილოდ რომ არა გვაქვს საქმე, აშკარაა.
შეგახსენებთ ჯავახეთთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდს, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს მოხდა. მაშინ ძალზე აქტიურობდა "ჯავახქი". გაუთავებლად ლაპარაკობდა, რომ ჯავახეთში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ არა მარტო ჯავახი სომხები, არამედ რუსებიც, ანუ დუხობორები. მთელი წელი ძალზე საფუძვლიანი საინფორმაციო მზადება იყო ამისთვის. ერთ მშვენიერ დღეს კი მაშინდელი საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი შოიგუმ სამხედრო კოლონა მოაყენა საქართველოს საზღვარს დუხობორების გადასასახლებლად. მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის ყოჩაღობამ გადაგვარჩინა, თორემ რით დამთავრდებოდა ეს ამბავი, კაცმა არ იცის.
ეს უნდა ყოფილიყო ფართომასშტაბიანი საერთაშორისო აქცია, მთელი მსოფლიოს დასანახად, თუ როგორი კაციჭამიები ვართ ქართველები.
ჯავახეთი დღეს თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ცენტრს მოწყვეტილია. ბევრი პრეტენზია, რომელიც ჯავახ სომხებს აქვთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგჯერ მართებულია, ვგულისხმობ სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. რეგიონში პოლიციური რეჟიმია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისე მოახერხა, რომ ამ რეგიონში კაცი კაცს არ ენდობა. მხოლოდ სამეგრელოს ვითარება თუ შეიძლება შეედაროს ჯავახეთში არსებულ მდგომარეობას. სოციალურ-ეკონომიკურად რეგიონი წყალწაღებულია. ასფალტის დაგება ვერაფერს ცვლის. ხელისუფლება ასეთი დამოკიდებულებით ხელოვნურად ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ეს საქართველოსვე საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. აფხაზეთი და სამაჩაბლო წარსულის ისტორიაა, ჯავახეთი კი მომავლის საშიშროება. ბუნებრივია, როცა რუსებს ანტიქართული განცხადებები სჭირდებათ, ამას სხვისი პირით აკეთებენ, ისეთი პირის მეშვეობით, როგორიც არაბიანია. ჯავახეთი ფეთქებადსაშიში რეგიონია, ამიტომაც ამ ტიპის განცხადებები დიდ საშიშროებას შეიცავს. ქართველებსა და სომხებს გასაყოფი არაფერი აქვთ, ომები და ეთნიკური შუღლი ყოველთვის პოლიტიკური ინტერესის შედეგია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისთვის ვის გამოიყენებენ, ტაქსის მძღოლს თუ აკადემიკოსს, სპეცსამსახურებისთვის სულერთია.
ვისაც ყოფილი ტაქსის მძღოლის, ამჟამად პოლკოვნიკის პრეტენზიები სასაცილო ჰგონია, ერთ "სასაცილო" ამბავს შევახსენებ: 1988 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ეთნოპოლიტიკური ვითარება მოულოდნელად, სერიოზული მიზეზის გარეშე დაიძაბა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ 1988 წლის ნოემბერში ორგანიზაცია "ადამონ ნიხასი" ნაწლავური ინფექციის აფეთქების გამო შექმნილა (ეს ამბავი რუსი პოლიტოლოგის, კ. მარკედონოვის ნაშრომში წერია). საზოგადოების საპროგრამო დოკუმენტში ნაწლავურ ინფექციაზე არაფერი თქმულა, სამაგიეროდ, ნათლად იყო გაცხადებული სხვა მიზანი: "ოსეთი არის ერთიანი ისტორიულ-კულტურული ორგანიზმი, რომელიც პოლიტიკურად გაყოფილია... ჩვენ არ შეგვიძლია არ დავაყენოთ ოსეთის სტატუსის აღდგენის სტრატეგიული საკითხი, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ჯერ ნაადრევია". "ადამონ ნიხასის" ლიდერები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ორი ოსეთის გაერთიანება შესაძლებელი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში. ბუნებრივია, ეს ქართველთათვის თვალის ახვევის ძალზე "ნატიფი" ხერხი იყო და ამ ხერხებს ახლაც კარგად იყენებენ შესაბამისი სამსახურები. საინტერესოა, რომ დოკუმენტში ოსთა შევიწროებასა და ჩაგვრაზე ერთი სიტყვაც არ ყოფილა ნათქვამი. ეს კი აშკარად მეტყველებს, რომ ქართულ მხარეს არავითარი საბაბი არ მიუცია ოსებისათვის მსგავსი დემარშისათვის. მით უმეტეს, არაფერ შუაში იყო ფაღარათი... ამაზე სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) რა უნდა იყოს?! მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, ვინმეს ფაღარათი სეპარატისტული მიზნების მისაღწევად გამოეყენებინოს! "ბოსტონურ ჩაის სმასთან", "ბოქსიორთა აჯანყებასთან" ან "ოპიუმის ომთან" "ფაღარათის დეკლარაცია" მართლაც სასაცილოა, მაგრამ ამან სამაჩაბლო დაგვაკარგვინა.