რუსულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის სიახლოვეს, ძარწემის პოლიგონზე, მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის სნაიპერებმა სწრაფ სროლაში სპეციალური მოსამზადებელი კურსები გაიარეს.
აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობა დიდ ყურადღებას უთმობს სნაიპერთა მომზადებას, რისთვისაც თითოეულ ბრიგადაში სნაიპერთა დანაყოფები შეიქმნა.
რუსეთის გენშტაბი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ სამხედრო ოლქის გადაიარაღებასა და საბრძოლო მზადყოფნას, რისთვისაც ოლქში 1300-მდე სნაიპერი გამოგზავნა.
სიტყვა "გამოგზავნა" იმიტომ ვიხმარეთ, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქში, ჩრდილო კავკასიაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-7 და მე-4 რუსული საოკუპაციო ბაზებიც შედის, ანუ ეს სნაიპერები, სავარაუდოდ, ჩვენი კონფლიქტური ზონების საზღვრებზე დაგვემუქრებიან.
4-დან 25 ივნისის ჩათვლით ძარწემის პოლიგონზე რუსმა სნაიპერებმა გაიარეს სპეცმომზადების კურსი, რომელიც ახალი სნაიპერული შაშხანა СБ-98-დან 100 მ დისტანციაზე 7 წმ-ში ხუთი 4 სმ-იანი დიამეტრის სამიზნის დაზიანებას ითვალისწინებდა.
თითოეულმა სნაიპერმა 50 საცეცხლე ვარჯიში შეასრულა, მათგან მესამედი - ღამით, საერთო ჯამში 20 ათასზე მეტი სპეციალური სნაიპერული ვაზნა გაიხარჯა.
ამ ინფორმაციის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის გენშტაბისთვის სნაიპერების რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალების მომზადება, თუმცა ეს ლოგიკურიცაა, რადგან საარმიო სნაიპერებისაგან მაღალი დონის პროფესიონალიზმს ვერ მოითხოვ, სუპერსნაიპერების მოძებნა კი სპეცდანიშნულების რაზმებშიც შეიძლება.
გასათვალისწინებელია მეორე ინფორმაციაც - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები ტრადიციული СБД ტიპის სნაიპერულ შაშხანებს შედარებით თანამედროვე და უფრო ზუსტი СБ-98-ით ანაცვლებენ.
ქართველმა სამხედროებმა და პოლიციელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ რუსმა სამხედრო მეთაურებმა მოახერხეს, ძარწემის პოლიგონზე სნაიპერებისთვის 7 წმ-ში ხუთი სამიზნის დაზიანება ესწავლებინათ.
СБ-98 ტიპის სნაიპერული შაშხანა რუსმა კონსტრუქტორებმა 12 წლის წინ შექმნეს, მცირე სერიის გამოშვება კი მხოლოდ 2010 წელს დაიწყეს. შაშხანის მასა 6,2 კგ-ია, მთლიანი სიგრძე - 1,27 მ, ლულის სიგრძე - 650 მმ. შაშხანა მოიხმარს იმავე 7,62ხ54ღ ტიპის ვაზნებს, როგორსაც СБД, ოღონდ უფრო ზუსტად ისვრის.
ითვლება, რომ მომზადებულ სნაიპერს СБ-98-დან 300 მ დისტანციაზე ტყვიის მორტყმა 55 მმ-იან წრეში შეუძლია. საშუალო დონის სნაიპერი იმავე დისტანციაზე 120-130 მმ-იან წრეში "სვამს" ტყვიებს, ხოლო ძალზე გამოცდილს ამ შაშხანიდან პირველი ტყვია 1200 მ-ზე ადამიანის ფიგურის სამიზნისთვისაც მოურტყამს.