მე მინდა ავლაბრის რეზიდენციასთან ვნახო საქართველოში მცხოვრები ზანგების საპროტესტო აქცია. უკვე იმდენი კი არიან, რომ ერთი კარგი მიტინგი გამართონ. "ჩვენ, თბილისში მცხოვრები ზანგები, მოვითხოვთ, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი, მან ყველა ჭეშმარიტ შავკანიანს მიაყენა შეურაცხყოფა. იგი ყველა სიკეთესთან ერთად რასისტიც ყოფილა“.
მათ მხარს აუბამს ოპოზიცია: "დღეს ჩვენ, ყველანი, ზანგები ვართ!" ა, იქნებ ეს არის ის თემა, რომელიც მთელ საქართველოს ქუჩაში გამოიყვანს? ჩვენ ხომ არასდროს გვიბრძოლია ზანგების უფლებების დასაცავად? არადა, დროა, მაგრამ ვის შევებრძოლებოდით? აქამდე ხომ საკუთარი რასისტიც არ გვყავდა და აი, გამოჩნდა პირველი. ვის დაუთმობდა სააკაშვილი პირველობას? - არავის. ეს მას არ სჩვევია. თუ ვინმეს უნდა დასდონ ბრალი რასისტობაში, დაე, ეს თავად იყოს.
სწორედ ამიტომაც თქვა პირდაპირ ეთერში: "ჩვენ ზანგები ვართ? რატომ ვიქცევით ველურებივით". ახლა გამოვა ქართველი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება ქუჩაში და მთელი მსოფლიოც იტყვის, ქართველები რა ცივილიზებული ხალხი ყოფილა, რასიზმს ებრძვიანო.
ესეც ხომ საქართველოს რეკლამა იქნება? აი, რისთვის გადადო თავი ბატონმა პრეზიდენტმა. თქვენ კიდევ გგონიათ, წამოსცდა, როგორც ხშირად ემართება ხოლმე. არა, ბატონებო, ეს ის შემთხვევა არ არის. თუმცა ყველა ფორმალობა დაცული უნდა იყოს, ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი უარყო და განაცხადა: სააკაშვილს რასისტული არაფერი უთქვამს, მხოლოდ ქართულ ენაში დამკვიდრებული იდიომატური გამოთქმა გამოიყენაო. ალბათ, ისევ ფორმალობის ნაწილია, რომ პრეზიდენტს ამ ამბავში დამცველებიც გამოუჩნდნენ.
მაგალითად, პროფესორი ნოდარ ლადარია, რომელმაც ყველაფერი ქართველი ჟურნალისტების გაუნათლებლობას დააბრალა და განაცხადა, კონტექსტს ვერ ხვდებიან, სიტყვა "ზანგი" ასახავს ისტორიულ რეალობას, რომელიც იმ ავადსახსენებელ პერიოდში იყოო. ქართველ ჟურნალისტებს ჩვენი გაგვჭირვებია, ბატონო ნოდარ, შეიძლება ბევრ რამეში ვერ ვერკვევით, მაგრამ სააკაშვილის გამოთქმების საკითხში უკვე დოქტორებიც კი ვართ. რა თქმა უნდა, თავისთავად სიტყვა "ზანგი" ქართულ ენაში იმავე დატვირთვის სულაც არ არის, რა დატვირთვაც ინგლისურში სიტყვა "ნიგროუს" აქვს (ამიტომ მეც თამამად ვიყენებ), მაგრამ როგორც თქვენ ბრძანებთ, მთავარი კონტექსტია.
რა ვუყოთ სიტყვას "ველურები"? ყველაფერი კარგად იქნებოდა, პრეზიდენტს იქვე სიტყვა "ველურებიც" რომ არ გამოეყენებინა. პრეზიდენტის ეს ფრაზა ორგვარად შეიძლება გავიგოთ: პირველი, ისე როგორც უმეტესობამ გაიგო, ანუ მან ზანგები და ველურები ერთმანეთთან გააიგივა, და მეორე, როგორც პრეზიდენტის მომხრეებმა გაიგეს, ანუ პრეზიდენტმა თქვა, - ჩვენი ხალხი ზანგი ხომ არაა, საბაჟოს თანამშრომლები მათთან ველურებივით რომ იქცევიანო.
ახლა ჩვენ სად ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა პრეზიდენტმა? ან რატომ გვიხდის საქმეს სამარჩიელოდ? არ სჯობია, თავადვე დაუკვირდეს ყველა სიტყვას, ვიდრე იტყვის? მაგრამ რა ვქნათ, რომ პრეზიდენტს თურმე ქართული იდიომატური გამოთქმების გამოყენება ჰყვარებია. ქართული იდიომატური გამოთქმების სიყვარულში ცუდი არაფერია, უბრალოდ, გამოთქმებს გააჩნია. მაგალითად, ქართული იდიომატური გამოთქმაა: "შე ჩემის თვრამეტიანო" (რას ნიშნავს, დღემდე არ ვიცი). მოდი, გამოვიცნოთ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე რომელ მინისტრს შეიძლება მიმართოს სააკაშვილმა ამ სიტყვებით.
ნაწყვეტი ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი ხუმარა შავკანიანის გამოსვლიდან: "ჩვენთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვა "ზანგის" გამოყენება კი არ არის, არც ის, ველურებთან რომ გაგვაიგივეს, მთავარი შეურაცხყოფა ის არის, საქართველოს ხელისუფლების წევრებს რომ შეგვადარეს". ესეც თქვენ!