პოლიტიკურ „მიწისძვრებს“ უკვე ასე თუ ისე მივეჩვიეთ. თუმცა, ისიც უნდა დავინახოთ, რომ ყოველი ახალი დარტყმა სულ უფრო და უფრო ასუსტებს ქართული სახელმწიფოებრიობის ისედაც მორყეულ საყრდენებს და გვაახლოებს საბოლოო კატასტროფასთან. მაგრამ ძალაუფლების გიჟური ვნებით დაბრმავებული ჩვენი „პოლიტოკრატია“ ვერაფერს ამჩნევს: ვერც იმას, რომ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს და იკეტება წვრილმან, ქვენა ინტრიგის ნაჭუჭში, ვერც ეკონომიკისა და სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა სრულ და საბოლოო დამბლას, ვერც ხელისუფლების თვისებრივ შეუთავსებლობას არსებულ რეალიებთან და ვერც (რაც მთავარია) საკუთარ ინიციატივათა სრულ აბსურდულობას.
ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა გაიტაცა ე.წ. „კოალიციური მთავრობის“ იდეამ, რომელშიც თითოეულ მათგანს მოზრდილი „ლუკმა“ ერგებოდა. სახელმწიფოს მეთაური მზად იყო, ასეთი ლუკმა გადაეგდო, რათა საკუთარი პოლიტიკის (როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის) სრული კრახი დაეფარა და „მყვირალა ოპოზიციონერები“ ცოტა ხნით მაინც გაეჩუმებინა.
ამ ლუკმის გაყოფისას შიგნიდან აფეთქდა ე.წ. „ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია“. სამმა პარტიამ („მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, „მონარქისტულ-კონსერვატიული პარტია“) თანხმობა განაცხადეს კაბინეტის დამტკიცებაში მონაწილეობაზე და თავისი წარმომადგენელი (თემურ ბასილია) მიავლინეს მინისტრთა კაბინეტში.
ძნელი დასაჯერებელია, ედუარდ შევარდნაძეს დიდად გულზე ეხატებოდეს „ეროვნული მოძრაობის“ წიაღიდან მოსული ეს ფინანსისტი, მაგრამ ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის პოსტის დათმობით იგი გაცილებით მეტს იგებს პარლამენტში. აკაკი ასათიანმა კი, მისთვის ჩვეული ორაზროვანი გამოსვლისას ესეც კი თქვა: „მე ასე მესმის, - როცა ქვეყანას უჭირს, კაცს უნდა დაუდგე მხარშიო“. ამ შემთხვევაში იგი ედუარდ შევარდნაძეს გულისხმობდა. ბასილიას „გავიცეპრემიერება“ ბევრს ვერაფერს შეცვლის თენგიზ სიგუას მოდერნიზებულ კაბინეტში, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურს კი მისცემს საშუალებას, შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს პარლამენტსა და საპარლამენტო ოპოზიციას რეალური ძალაუფლება გაუნაწილდა. სინამდვილეში, ძალაუფლებას ეს პარლამენტი ჯერ არავინ გააკარა. როგორც ჩანს, სწორედ ამით იყო განპირობებული ოპოზიციონერთა მეორე დაჯგუფების („ქარტია-91“, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, „რესპუბლიკელები“) თავგანწირული რადიკალიზმი. მათ, ფაქტობრივად, ედუარდ შევარდნაძის „საქორწინო გენერლად“ გადაქცევა მოინდომეს - შესთავაზეს რა კოალიციური მთავრობის შექმნა პარლამენტისათვის რეალური ძალაუფლების გადაცემის პარალელურად.
მათ მიერ შედგენილი სია საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტში ძალთა რეალური ბალანსის ასახვას წარმოადგენს. თითქმის ყველა პარტიას სთავაზობენ „ადგილს“ პარლამენტში. ერთ-ერთი სია ასე გამოიყურებოდა: პრემიერ-მინისტრი - ირინე სარიშვილი, თავდაცვის მინისტრი - მამუკა გიორგაძე, კულტურის მინისტრი - ივლიანე ხაინდრავა, განათლების მინისტრი - რაულ კუპრავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი - პაატა კოღუაშვილი და ა.შ.
ნიშანდობლივია, რომ ამ ახალ კაბინეტში თავის პოსტებს ინარჩუნებდნენ უშიშროების მინისტრი, იგორ გიორგაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი, შოთა კვირაია.
არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ „კანდიდატს“ ეს სია თვალითაც არ უნახავს. მაგრამ ასეთი სია ნამდვილად არსებობს და ხელიდან-ხელშიც გადადიოდა პარლამენტის ფოიეში.
თედო პაატაშვილმა ყოველივე ამის თაობაზე, მისთვის ჩვეული დიპლომატიურობით, მაგრამ მაინც საკმაოდ გულახდილად ისაუბრა. ერთ ეპიზოდში მან გულისამაჩუყებელი ტონით მიმართა უმრავლესობას: „ჩვენ გვინდა ძალაუფლება პარლამენტისათვის - ანუ თქვენთვის, ჩემო კოლეგებო“. შევარდნაძის კითხვას, ნიშნავს თუ არა ამ გეგმის განხორციელება სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტის ფაქტობრივ გაუქმებას, პაატაშვილმა დადებითად უპასუხა. დღეს ედუარდ შევარდნაძე ამ წინადადებას, რა თქმა უნდა, არ დათანხმდება, რადგან ეს ფაქტობრივად იმის ნიშანი იქნება, რომ მისი პოლიტიკა სრულ ჩიხში შევიდა, მაგრამ იყო დრო, როდესაც იგი თავად სთავაზობდა პარლამენტს „სრული პასუხისმგებლობის აღებას“.
დავით ბერძენიშვილის აზრით, შევარდნაძე უნდა დაკმაყოფილდეს გერმანული, ან, მაქსიმუმ, ფრანგული პრეზიდენტის უფლებამოსილებით, ანუ რეალურად ჩამოშორდეს პოლიტიკას, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა უნდა წარმართოს.
ოპოზიციონერთა მეორე დაჯგუფების მისწრაფება გასაგებია. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით გასაგებია, ვიდრე პირველისა. საქმე ის არის, რომ СНГ-ში გაწევრიანების შემდეგ, მათ ამ გზით სურთ თანამეგობრობის საქართველოზე გავლენის ბლოკირება და (მიუხედავად 1 მარტის გადაწყვეტილებისა), სრული დაუმორჩილებლობის გამოცხადება. ეს, ფაქტობრივად, კიდევ ერთი გადატრიალება იქნებოდა. ოღონდ, ამჯერად, - უსისხლო გადატრიალება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ირინა სარიშვილის გამოსვლა საპარლამენტო ტრიბუნიდან. მის მიერ დასმული კითხვა: „ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ თქვენ - ედუარდ შევარდნაძევ?“ - შესაძლოა, რიტორიკულად იქცეს და ქართული პოლიტიკური მეტაფორის იერი შეიძინოს.
ოღონდ, ამ კითხვით სჯობდა შევარდნაძისათვის ცოტა ადრე მიემართათ.
ყოფილი ვიცე-პრემიერის (ქალბატონი სარიშვილის) ტონი ძალზე მრავლისმეტყველი იყო. მან ამით გაამჟღავნა, თუ რატომ არ გაერთიანდა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ არც ერთ ოპოზიციურ ბლოკში და რატომ დარჩა მარტო (როგორც ეს გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა). როგორც ჩანს, მან უბრალოდ „თავი არ გაუყადრა“ სხვებს, რაკი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მას (ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას) შეუძლია სწიოს რეალური ოპოზიციის ჭაპანი საქართველოში.
სურს ეს ვინმეს თუ არა, ახალი არჩევნები გრიგალივით გვიახლოვდება - ეს არჩევნები ყოველგვარი „პრეფერენციების“ გარეშე ჩატარდება და, შესაძლოა ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ბიპოლარული სახე მიიღოს - ისევე, როგორც ეს არის ტრადიციული, ნორმალური დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც არსებობს მმართველი პარტია და არსებობს მისი ოპოზიცია. ოღონდ, ერთადერთი რეალური ოპოზიცია.
ამგვარი პერსპექტივა, რა თქმა უნდა, მეტად სევდიანია დანარჩენთათვის, რომლებსაც ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლა ელით.
მაგრამ პარლამენტში არის ძალა, რომელიც თავისი ფიზიკური „წონით“ ყველას აღემატება, თუმცა დღემდე დამოუკიდებლად ხმა არ ამოუღია - ეს არის უმრავლესობა. ამ მასას საკუთარი ინტერესებიც აქვს და ამ ინტერესთა განხორციელებას მდუმარედ, მაგრამ ჯიუტად ელის.
ბოლო დროს იგი არც თუ ადვილად სამართავი გახდა, რაც ნათლად წარმოჩინდა მეორე ვიცე-პრემიერის დამტკიცების დროს - ავთანდილ მარგიანი სწორედ უმრავლესობამ ჩააგდო, რითაც დაუფარავად და მკვახედ „შეუძახა“ თვით სახელმწიფოს მეთაურს, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, ეს მოღვაწე ფასდაუდებელი ფიგურაა.
თუმცა შემდგომ ავთანდილ მარგიანი მაინც იქნა დამტკიცებული ვიცე-პრემიერის პოსტზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამაში დიდი როლი შეასრულა უმრავლესობის პაქტმა (შეთანხმებამ) ლიბერალულ-კონსერვატული კოალიციის იმ ნაწილთან რომელმაც თემურ ბასილია „მიავლინა“ მინისტრთა კაბინეტში.
პარლამენტმა „ჩააგდო“ თედო ნინიძის კანდიდატურაც იუსტიციის მინისტრის პოსტზე. ბევრისათვის ეს მოულოდნელი იყო. თუმცა, თუ გავაანალიზებთ, აქ მოულოდნელი არაფერია. დეპუტატებმა ამ გზით დასაჯეს თედო ნინიძე იმისათვის, რომ, (მათი აზრით) სრული უუნარობა გამოიჩინა როგორც გენერალურმა პროკურორმა და ვერაფერი გააკეთა ქვეყანაში მოთარეშე კრიმინალთა ასალაგმავად. სახელმწიფოს მეთაურმა გარკვეულწილად ამიტომაც „გადაიყვანა“ ნინიძე იუსტიციის მინისტრის პოსტზე, მაგრამ პარლამენტის წევრებმა მის მიმართ მაინც გამოხატეს ნეგატიური დამოკიდებულება. ვიმეორებ: მათ ხმა „წინააღმდეგ“ მისცეს თედო ნინიძეს, როგორც გენერალურ პროკურორს და არა როგორც იუსტიციის მინისტრს.
უშიშროების მინისტრის პოსტზე კვლავ დამტკიცებულმა იგორ გიორგაძემ პარლამენტართა გული უდავოდ იმით მოიგო, რომ თავისი უწყების პარლამენტისათვის დაქვემდებარება მოითხოვა. ამგვარი გადაწყვეტილებით ეს სამსახური ფაქტობრივად დამოუკიდებელი ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მეთაურისაგან. ეს, რა თქმა უნდა, არავითარ უხერხულობას არ შექმნიდა იმ შემთხვევაში, თავად რომ ქმედუნარიანობით გამოირჩეოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ მრავალ შემთხვევაში მან თავისი სრული უმწეობა გამოამჟღავნა.
ასეა თუ ისე, ერთი რამ სავსებით ცხადია: იგორ გიორგაძე უდავოდ ეშმაკი კაცია და პრობლემათა კომპლექსური ხედვის უნარით, აზროვნების არაორდინალურობით მას ბევრი ვერ შეედრება დღევანდელ კაბინეტში.
საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჩიკვაიძე, როგორც იტყვიან, „ბეწვზე გადარჩა“. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს პარლამენტში (მისი ხელმძღვანელობის ჩათვლით) ძალზე არ მოსწონდა ამ მოღვაწის მაღალი რეიტინგი. ალბათ არ იქნება სწორი ჩიკვაიძისათვის მეტისმეტად დიდი მოთხოვნების წაყენება - საგარეო საქმეთა მინისტრი არც ერთ ქვეყანაში (მითუმეტეს შევარდნაძის საქართველოში) არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტის დროსაც კი. ასეთია ამ სამინისტროს სპეციფიკა, განსხვავებით მაგალითად ფინანსთა მინისტრისაგან, რომელიც ყველგან გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა ნებისმიერი შემადგენლობისა და მიმართულების კაბინეტში.
31 მარტის ინციდენტი, როდესაც (შინაგან საქმეთა მინისტრად შოთა კვირაიას დამტკიცების დროს), პარლამენტში შემოიჭრა „განრისხებულ“ პოლიციელთა დიდი ჯგუფი, კიდევ ერთხელ ადასტურებს სტატიის დასაწყისში ნათქვამს: ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება. არ შეიძლება სახელმწიფოებრივი მექანიზმი რომელიმე კერძო პირის (ამ შემთხვევაში დავით ზეიკიძის) ბობოქარ ვნებებს ექვემდებარებოდეს. რა თქმა უნდა, ზეიკიძეს აზრადაც არ ჰქონია სახელმწიფო გადატრიალება, - მან უბრალოდ გრძნობები ვერ დაიოკა და ვერ გაითვალისწინა, რომ მისი ქმედება (სურდა მას ეს თუ არა) სახელმწიფო დანაშაულის ნიშნებს იძენდა.
ახლა იგი უკვე უზენაეს ინტერესთა მძევალია და თავისი მოუფიქრებელი ქმედების გამო შეიძლება შეეწიროს კიდეც სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში მტკიცე სუბორდინაციისა და წესრიგის აღდგენის ინტერესებს. ანუ, სურამის ციხეში „ჩატანებული“ ზურაბივით, მტკიცე შენობის აგებისათვის საჭირო აგურად იქცეს.