ბორჯომში ბიჭის ცხედარი დაწვეს და სხეულის ნარჩენები წყალს გაატანეს

ბორჯომში ბიჭის ცხედარი დაწვეს და სხეულის ნარჩენები წყალს გაატანეს

[ინგა კუხიანიძე]

სამცხე ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ლევან გოგოლაძე დააკავეს. ამ გზით ბორჯომის სოფელში მომხდარი შემზარავი დანაშაული გაიხსნა.

სამართალდამცავთა მტკიცებით, 2011 წლის 18 აპრილს, ბრალდებულმა გოგოლაძემ და მისმა თანასოფლელმა, 1969 წელს დაბადებულმა ჯამბულად გოგოლაძემ, სოფელ დვირთან ახლოს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს 1985 წელს დაბადებულ სულიკო აიწურაძეს. იგი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს აღნიშნულმა პირებმა აიწურაძის გვამი მდინარის პირას, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხასთან დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკარგულ 26 წლის ბიჭს ორი თვის მანძილზე ოჯახის წევრები, პოლიციელები და თანასოფლელები ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ბიჭი თანასოფლელებმა ასე გაწირეს. 
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული მეორე პირის, ჯამბულად გოგოლაძის დაკავება ვეღარ შეძლეს. მან ბიძაშვილის დაკავების ფაქტი როგორც კი  შეიტყო, პოლიციის მისვლამდე, 22 ივნისს, თავის საცხოვრებელ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მართალია, დაკავებულ ლევან გოგოლაძეს ბრალი მკვლელობაში წაუყენეს და პატიმრობაც შეუფარდეს, მაგრამ დანაშაულში მონაწილეობას არ ადასტურებს და მომხდარში აწგარდაცვლილ თავის ბიძაშვილს ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ჩვენება გაავრცელა.

„18 აპრილს ჯამბულადმა თავისი მერსედერსით წამიყვანა და გზად სულიკო აიწურაძეს შეხვდა. ისიც ჩაისვა მანქანაში და მოტყუებით, სოფელ დვირის ეკლესიისკენ წაიყვანა. მე მანქანაში ვიჯექი. ისინი შელაპარაკდნენ. დავინახე ჯამბულადმა უცებ საქამრით როგორ მოქაჩა და სულიკოს დანა ყელის არეში ორჯერ რომ მოუქნია. მას სისხლი წამოუვიდა. მანქანიდან გადმოვხტი, მათკენ წავედი, მაგრამ შიშმა და კანკალმა ამიტანა. სიარული ვერ შევძელი... წავიქეცი. უცებ მხარში მეტაკა ჯამბულადი და მითხრა, ახლავე მანქანაში ჩაჯექი, თორემ შენც მოგკლავო. ისეთი სახე ჰქონდა შემეშინდა, მივხვდი, ამის გამკეთებელი იყო. ლამის ჭკუიდან შევიშალე. უკან მივბრუნდი და მანქანაში ჩავჯექი. მერე ცხედარი მანაქანის მარჯვენა მხარეს, მძღოლის სიდენიის უკან ჩატენა და თავი ჩააყოფინა. დავინახე სულიკომ ერთხელ ხელი რომ აიქნია, მერე აღარ სუნთქავდა, ცოცხალი არ იყო.

საჭესთან ჯამბულადი დაჯდა და ხაშურისკენ, ცხრამუხის ტერიტორიაზე წავიდა. მტკვრის ნაპირას მივედით. ეტყობა ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც გვამის მოშორებას მოახერხებდა. ერთ ადგილას ბევრი საბურავი ეყარა და მანქანა იქ გააჩერა. მითხრა, გადმოდი, გვამი გადამატანინეო. ვუთხარი, მეშინია, გვამს ხელს ვერ მოვკიდებ, ძალა არ მაქვს-მეთქი. კარგი, მაშინ იყავიო. მანქანიდან გვამი გადმოაგორა... ორი დიდი საბურავი  ერთმანეთზე დაადო და გვამი შიგნით ჩააგდო. ზემოდან კიდევ საბურავი და თავისი ქურთუკი დაადო, რომელიც მანქანაში მოკლულს გადაფარებული ჰქონდა. საბარგულიდან ბენზინი ამოიღო, ალბათ, სამი ლიტრი იქნებოდა, ზემოთ დაასხა და ცეცხლი წაუკიდა... ამის შემდეგ მანქანა მოატრიალა და ისევ ბორჯომში წავედით”, - ამბობს დაკავებული ლევან გოგოლაძე.
 24 წლის სულიკო აიწურაძეს ყველა დადებითად ახასიათებს. აცხადებენ, რომ იგი კონფლიქტური პიროვნება არ იყო და მტერი არ ჰყოლია. ამიტომ ყველას უკვირდა მისი გაუჩინარება. მაშინ ისმის კითხვა, რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის ასე სადისტურად მკვლელობის მიზეზი? ამაზე პასუხი უკვე არსებობს.

სოფელ საკირეში მცხოვრებ სულიკოს და მამამისს ბოლო დროს მობილურ ტელეფონზე უხამსი შინაარსის მესიჯები მოსდიოდათ. მათთვის უცნობი პიროვნება სულიკოს დას ცუდ კონტექსში მოიხსენიებდა. გოგო რამდენიმე წელია სამუშაოდ საბერძნეთშია წასული. როგორც ამბობენ, სულიკო აიწურაძემ მესიჯების გამომგზავნის ვინაობა დაადგინა. გაარკვია, რომ ამას მისი თანასოფლელი, ჯამბულად გოგოლაძე წერდა. გოგოლაძე დაქორწინებული იყო, მაგრამ მეუღლეს გაშორდა, ამის შემდეგ აიწურაძის დის ცოლად შერთვა სურდა. როგორც ამბობენ, აიწურაძეებმა იცოდნენ ეს ფაქტი, მაგრამ მათ ქალიშვილს ჯამბულადი არ უყვარდა.

გოგოლაძე შეყვარებული საქართველოში რომ დაბრუნებულიყო, ამისთვის შანტაჟსაც არ ერიდებოდა. ცდილობდა ისეთი შინაარსის მესიჯები გაეგზავნა გოგოს ძმისთვის, რომ დისთვის უკან ჩამოსვლა მოეთხოვა. სწორედ ამ მესიჯების გამო მოხდა ბიჭებს შორის შელაპარაკება, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ამ დროს დამნაშავემ დანა ამოიღო და სულიკოს ჭრილობა კისერში მიაყენა, მერე კი თავი მოაჭრა. ამასაც არ დასჯერდა, მანქანით ცხედარი 25 კილომეტრი ატარა, ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში უკაცრიელ ადგილი იპოვა, სადაც ცხედრის მოშორებას შეძლებდა. ცხედარი მანქანიდან გადმოიტანა და დაწვეს.

კვალის დაფარვის მიზნით ნარჩენები მტკვარს გაატანეს. შემთხვევის ადგილზე გაიყვანეს ბრალდებული ლევან გოგოლაძე, რომელმაც დანაშაულის ადგილები მიუთითა და დეტალურად აღწერა ვითარება. ცეცხლის კვალი იმ ადგილს ახლაც ეტყობა. სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილზე მოკლული ბიჭის ძვლების ნაწილი აღმოაჩინეს. ექსპერტიზის შემდეგ ნაპოვნი სხეული ნაწილები ოჯახს გადაეცა. სწორედ ის ნაწილები მიაბარა ოჯახმა მიწას.

სოფელი დაკავებული ლევან გოგოლაძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამხელა დანაშაულს მარტო ჯამბულად გოგოლაძე ვერ შეძლებდა. მართალია, თავად ბრალდებული მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს, მაგრამ მას მკვლელობის ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.