რუსების თქმით, აჩაბეთი, ქურთა და თამარაშენი, არასოდეს არსებობდა

რუსების თქმით, აჩაბეთი, ქურთა და თამარაშენი, არასოდეს არსებობდა

[ლევან სეფისკვერაძე]
სამაჩაბლოში რუსული საოკუოპაციო რეჟიმი, სხვა ყველაფერთან ერთად, რეგიონში სოფლების, მდინარეებისა თუ კონკრეტული ადგილების ქართულ სახელწოდბებსაც კი ებრძვის. ცოტა ხნის წინ, ცხინვალში ჩასულმა რუსმა ისტორიკოსმა, ვინმე იგორ მოროზოვმა თქვა, რომ მას არც კი სმენია სოფლები სახელწოდებით: თამარაშენი, აჩაბეთი, ერედვი, ქურთა და სხვა... თურმე, ეს სახელწოდებები ქართველებმა “ისტორიულ ოსურ სოფლებს” ხელოვნურად დაარქვეს, რათა ოსების კვალი სამუდამოდ წაშლილიყო. მსგავს უსინდისობას როდესაც ჩვეულებრივი სეპარატისტი, ანდა რუსი გენერალი ამბობს, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ როდესც ამას ისტორიის პროფესორი აცხადებს…

რუსები ქართული გადამაწვარი და ბოლომდე დანგრეული ქართული სოფლების არსებობის კვალს მართალია საგულდაგულოს მალავენ, მაგრამ ვერაფერი წაშლის იმ ფაქტს, რომ მაგალითად სოფელი აჩაბეთი ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფოებრივი ჩანასახიც კი არ იყო.

ძველი ქართული სოფელი და ახლა უკვე მიწასთან გასწორებული აჩაბეთი და ციხე მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა. ქართული წყაროების მიხედვით, გვიანდელი ფეოდალურ ხანაში აქ იყო “სასახლე და ციხე მეფეთა”. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აჩაბეთი მთელ ხევსაც რქმევია. VII საუკუნეში სომხეთის გეოგრაფია ქართლის სხვა ოლქებს შორის ასახელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს – “აჩაბეთის ხევს”.

1744 წელს ერეკლე ბატონიშვილმა (შემდეგში ერეკლე II) აჩაბეთთან დაამარცხა გივი ამილახვარი და მისი დამხმარე ოსმალთა ჯარი. აჩაბეთს უკავშირებენ ანჩაბეთა საგვარეულოს, რომელთა ადგილსამყოფელსაც აღნიშნავდა “აჩაბეთი”. ამ უკანასკნელისაგან მოგვიანებით წარმოდგა ახალი ფეოდალური საგვარეულო სახელი “მაჩაბელი”.

კოტე ბეხურაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “რუსებს თუ დავუჯერებთ, ე.ი. რა გამოდის? ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია სამაჩაბლოში და ჩვენი სოფლებიც არასოდეს ყოფილა? ასეთი რამ, მხოლოდ რუსს თუ მოუვა თავში. ისტორიის გაყალბება გამიგია, მაგრამ ასე უნამუსოდ კაცო? მარტო ჩემი სოფლის ეკლესიაა მთელს რუსეთზე ძველი და ამ ეკლესიაში ქართული წარწერებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კვალის დასაფარად რუსები ამ წარწერებს უკვე წაშლიდნენ. თურქებსა და არაბსაც კი არ უთქვამთ, აქ ქართველების ადგილი არ არისო და ორი საუკუნის წინ შემოსულმა რუსებმა, უკვე ჩვენი სახსენებლის წაშლაც დაიწყეს. ამაზე რუსებს ჩვენმა ისტორიკოსებმა კარგი პასუხი უნდა გასცენ, მაგრამ ამ ქვეყანაში არაფერს არა აქვს აზრი...”

რუსეთში იმპერიული იდეებით შეპყრობილი ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიანი იყო და ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. რუსი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ 1774 წელს ოსეთი, როგორც ერთიანი ქვეყანა და არა სამხრეთი და ჩრდილოეთი, შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.

ამ აზრმა, განსაკუთრებული აღიარება რუსულ პრესაში ჰპოვა. რუსული მედია დუმის მიერ მიღებულ დოკუმენტს არაერთხელ დაუბრუნდა და გააკეთა დასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლო მოთხოვნები აქვს.

“გაერთიანებული ოსეთი ოდითგანვე რუსეთის იმპერიის კუთვნილება იყო და სააკაშვილი ტყუილად ირჯება..” – წერენ რუსულ პრესაში.

გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: “მე-19 საუკუნემდე არ არსებობს არანაირი ისტორიული დოკუმენტი, სადაც შიდა ქართლი სამხრეთ ოსეთად იხსენიება. მთაში მცხოვრებმა ოსებმა კარგად იცოდნენ, რომ ისინი სხვა ქვეყნის – საქართველოს მიწაზე იყვნენ და ამ მიწაზე მათი მატერიალური თუ კულტურული განვითარების უმთავრესი პირობა ქართულ კულტურასთან და ქართველ ხალხთან სწორი ინტეგრაცია იყო.

დიგორის, ალაგირის და თაგორის ოსური ტომების შიდა ქართლში ჩამოსახლებას ქართველები სიხარულითაც შეხვდნენ, რადგან ისტორიული ალანების ეს შთამომავლები საკმაოდ იაფ და მუყაით მუშახელს წარმოადგენდა შეძლებული ქართლელი გლეხისთვის. სწორედ ამ პერიოდიდან მოდის სიტყვა “დაოსებული”, რაც მაშინდელ დაღლილ, დაქანცულ, მუდამ ჯაფაში მყოფ ოსს აღნიშნავდა”.

ისტორიის გაყალბება კი ყველა სხვა საშუალებასთან ერთად რუსეთისთვის იმ ხანგრძლივი კამპანიის ნაწილი იყო, რაც საბოლოოდ სწორედ მოვლენების იმ სახით განვითარებას ისახავდა მიზნად, რაც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქართველთა და აფხაზთა თუ ქართველთა და ოსთა “გენოციდით” დაგვირგვინდა. ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” პირველად სწორედ მე–19 საუკუნის 30-იანი წლების რუსულ პრესაში ჩნდება. მანამდე არც ერთ წყაროში არ არის განსაზღვრული არანაირი ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ოსეთის სტატუსები.

უკვე მეცნიერულადაა შესწავლილი, რომ სწორედ ისტორიული სიმართლის გაყალბება იყო ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი რუსეთისთვის, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული მოძრაობა გაეღვივებინა.

გიორგი მალხაზიშვილი: “ათეულობით წლების განმავლობაში სეპარატიზმის “სულიერი მამები” ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და წარმატებითაც ახერხებდნენ აფხაზი და ოსი ხალხის მეხსიერებიდან ამოეძირკვათ მათი საქართველოსთან ისტორიული ერთობის შეგნება. ხალხს თავს ახვევდნენ ყოვლად დაუსაბუთებელ და ყალბ “თეორიებს”, თითქოს ისტორიულად არასოდეს არაფერი აკავშირებდათ საერთო-ქართულ ეთნოკულტურასთან და პოლიტიკურ-სახელმწიფლებრივ სამყაროსთან. უფრო მეტიც, ქართველი ხალხი გამოცხადებული იყო აფხაზეთის თავზე დატრიალებული ყველა უბედურების მიზეზად. თვით ისეთ ფაქტებშიც კი, როგორიც იყო მე–19 საუკუნის 60-70-იან წლებში მეფის რუსეთის მიერ მაჰმადიან აფხაზთა დიდი ნაწილის ოსმალეთში გადასახლება, არც მეტი არც ნაკლები, _ ქართველებს ადანაშაულებდნენ”.