ეკონომიკური ექსპერტი ლადო პაპავა დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის პოლიტიკას ლართან მიმართებაში. მისი თქმით, ამ გზით ეროვნული ბანკი აბალანსებს ლარის კურსს და ცდილობს, ინფლაცია უფრო არ გაიზარდოს. რაც შეეხება ფასების ზრდის ტენდენციას, ამ პრობლემას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი უფრო მთავრობის პრობლემად მიიჩნევს. ექსპერტი ფასების ზრდას გარკვეულად მონოპოლისტების ინტერესებითაც ხსნის, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ქვეყანაში მონოპოლიების არსებობაც მთავრობის პრობლემაა.
"მთავრობამ თვითონ შეუწყო ხელი მონოპილიების შექმნას, როდესაც ანტიმონოპოლური კანონმდებლობა გააუქმა და კანონის გაუქმებას ანტიმონოპოლური სამსახურიც მიაყოლა. როდესაც ჩათვალა, რომ ამ პრობლემას რეგულირება არ სჭირდება, მონოპოლიები გაძლიერდა. მონოპოლიების უკან, როგორც წესი, მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესები დგას. ამ ყველაფერს მთავრობამ შეუწყო ხელი", – აცხადებს ლადო პაპავა.
რა მიზეზით ინარჩუნებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თანამდებობას, რა ბედი ეწია პრეზიდენტ სააკაშვილის დანაპირებს სოფლის მეურნეობაში 150 მილიონის ინვესტირების შესახებ და რატომ არის პრემიერი გილაური საუკეთესო სააკაშვილისთვის? ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკურ ექსპერტ ლადო პაპავასთან.
ბატონო ლადო, სოფლის მეურნეობაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამოსწორების მიზნით პრეზიდენტმა 150 მილიონის ინვესტირების დავალება მისცა მთავრობას. რამდენად ეფექტურად დაიხარჯება ეს 150 მილიონი?
– ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ 150 მილიონი სოფლის მეურნეობისთვის არსად არ იკვეთება. ამის შესახებ კი თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას, მაგრამ ეს 150 მილიონი არ ჩანს. პარლამენტის მიერ განხილული ცვლილებების თანახმად, საუბარია 9 მილიონზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ მოხდა საკმაოდ დიდი სხვაობა ნათქვამსა და ნაბიჯებს შორის. ისე გამოვიდა, რომ საქმე 9 მილიონია, ლაპარაკი – 150 მილიონი. გამოიკვეთა, რომ ლაპარაკიდან საქმემდე, გაცხადებული 150 მილიონიდან 141 მილიონი გაქრა.
ინვესტირების სურვილი გასაგებია, მაგრამ რეალურად აქვს კი ქვეყანას აგრარული პოლიტიკა?
– რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ პრობლემაა ის, რომ ქვეყანას არათუ აგრარული პოლიტიკა არ გააჩნია, ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია რაიმე გეგმა, ხედვა, პროგრამა ქვეყნის განვითარებისა. ის, რაც პრემიერ–მინისტრმა გილაურმა წარმოადგინა პარლამენტში, ეს არის გარკვეული წინადადებები და მეტი არაფერი. ეს პროგრამა არ არის. თუმცა, პრემიერს არც წინა გამოსვლებში წარმოუდგენია პროგრამა. სხვათა შორის, არც მის წინამორბედ პრემიერ–მინისტრებს ჰქონიათ პროგრამები. პროგრამა, პრაქტიკულად, არც ერთ სფეროში არა აქვთ, იგივე სიტუაციაა სოფლის მეურნეობაშიც. აქ მხედველობაში მაქვს ერთი სერიოზული რამ. როდესაც მთელი საქართველო შაყირობს კაცზე, რომელსაც მიბარებული აქვს სოფლის მეურნეობა; როცა ყველა შაყირობს მის მამალ ძროხებზე, მის ბაყაყებსა და ნიანგებზე, მაზოხიზმია მისი მაინცდამაინც მინისტრად ყოფნა. რაც მთავარია, ამ ხელისუფლებას რომ ჰქონდეს მართლაც დემოკრატიულობის იმიჯის შექმნის სურვილი, ყველაზე ლოგიკური რა იქნებოდა, იცით? არ უნდა მისულიყო საკითხი მინისტრების იმპიჩმენტამდე.
თქვენი აზრით, კვეზერელი თავად უნდა გადამდგარიყო?
– როცა მთელი საზოგადოება შენზე შაყირობს, ამისთანა კაცს უნდა ეყოს თავმოყვარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ამაში კვეზერელისთვის ხელი მის პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, უნდა შეეწყო. წარმოიდგინეთ, კვეზერელს რომ ეთქვა, პარლამენტში რომ არ დადგეს იმპიჩმენტის ანუ ნდობის საკითხი, ამიტომ თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებო. ან იგივე კობა სუბელიანს რომ გაეკეთებინა, კარგი იქნებოდა. მას ბევრი კარგი და ბევრი ცუდი საქმეც გააკეთებინეს. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, რა დააშავა და რა არა, ეს თავის დროზე სპეციალურად იქნება შესწავლილი. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კობა სუბელიანმა თავისი რესურსი ამოწურა. მას არანაირი ნდობა აღარ გაააჩნია. რა, ჯვარი აქვს დაწერილი ამ თანამდებობაზე?! ჩვენთანაც უნდა ხდებოდეს ისე, როგორც დასავლეთის ქვეყნებში. იქ როცა გარკვეული ეჭვები ჩნდება, როცა აღარ არის ნდობა, კაცი იღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. იმპიჩმენტის საკითხი არც უნდა დაეყენებინათ, იმპიჩმენტამდე საქმე არც უნდა მისულიყო. ხოლო როცა საკითხი მაინც იმპიჩმენტამდე მივიდა და მათ არაფერი დათმეს, ამით სააკაშვილმა აჩვენა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს. თუ არაფრის დათმობას არ აპირებს, რატომ უნდა იყოს შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები, რაზეც იგივე "ქართული პარტია" მიანიშნებს? ასე რომ, ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. ახლა რვა პარტიის მოლაპარაკება განვიხილოთ. იქაც არაფერს თმობს. ხომ ხედავთ, სააკაშვილი დათმობას არ აპირებს. თუ არაფრის დათმობას არ აპირებს, რა არჩევნები უნდა ჩაატაროს? ჯერ ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობა არ აუშენებიათ, ადრეა.
როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა რატომ არ დააყენა სუბელიანისა და კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ამით ხომ საზოგადოების კეთილგანწყობას მოიპოვებდა?
– პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენს ექსპერტებს, ოპოზიციას რომ არ დაეწყოთ კვეზერელისა და სუბელიანის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები, სააკაშვილი მათ ნამდვილად თვითონ მოისვრიდა. გაიხსენეთ, მთავრობის სხდომა ლოპოტას ტბაზე გაქსუებულ მთავრობის წევრებზე. რა "ტკბილი" სიტყვებით შეამკო პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთელი რიგი მინისტრები, მათ შორის, კვეზერელი და სუბელიანი. უბრალოდ, მაშინ გადაურჩნენ ისინი მოხსნას. მაგრამ სააკაშვილს აქვს უფლება აკრიტიკოს და მოხსნას. გაიხსენეთ, ეს გაქსუებული მთავარობის წევრების თემა. ანდა იმ მთავრობის წევრებს, რომლებიც უსაქმურობით ერთ ადგილას იყრიან მახათს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს პრეზიდენტის გამონათქვამებია. ახლა, როცა საექსპერტო საზოგადოებამ დაიწყო სოფლის მეურნეობის მინისტრის კრიტიკა; როდესაც დევნილები არიან აღშფოთებულები სუბელიანის მიმართ; როდესაც ოპოზიცია ითხოვს იმპიჩმენტს, მაშინ ნაციონალური მოძრაობა კბილებით იცავს საკუთარ მინისტრებს. ჩვენ რომ ხვალ დავიწყოთ კვეზერელისა და სუბელიანის ცაში აყვანა, მათ მაშინვე მოხსნიან. ანუ რაც უფრო კრიტიკულები ვიქნებით, მით უფრო დიდხანს გვეყოლება ეს ხალხი მთავრობაში. მაგრამ, იმავდროულად, დავუშვათ ისინი შეიცვალნენ. უბრალოდ, მოვა ახალი ხალხი და სანამ გავერკვევით, ვინ და რანი არიან ეს ახალი სახეები, ნაკლებად გამაღიზიანებლები იქნებიან საზოგადოებისთვის, რაც თავისთავად კარგია. ამ სისტემას არ სჭირდება უკეთესი. სისტემას არ სჭირდება დარგის მცოდნე სპეციალისტი.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ითქვა, რომ პრემიერის პოსტისთვის შაშკინს ამზადებენ.
- მე ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს პრეზიდენტი სააკაშვილი პრემიერ–მინისტრ გილაურთან. იდეალური პიროვნებაა, უპრეტენზიო, თავის ადგილი იცის და რაც მთავარია, ზუსტად ის პიროვნებაა, რომელიც სააკაშვილს ყველანაირად კომფორტს უქმნის. შევხედოთ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ–მინისტრს ვიზუალურად. სააკაშვილისთვის ერთიცა და მეორეც ძალიან დიდი კომფორტია ყველანაირად, მათ შორის, ფიზიკური პარამეტრებითაც. ამიტომ მე არაფერს ველოდები. პირიქით, ვთვლი, რომ გილაური საკმაოდ წარმატებული პრემიერ–მინისტრია სააკაშვილისთვის. ის უკეთესს ვერც ინატრებს.