[ნინო მიქიაშვილი]
რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევის დეტალებზე ვესაუბრეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს, რომელიც ერთთვიანი პატიმრობიდან 25 ივნისს, ღამის 12 საათზე გაათავისუფლეს.
როგორ აფასებთ რუსთაველის გამზირზე, 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს?
მურმან დუმბაძე: ხელისუფლების მხრიდან ეს იყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული უპრენენდენტო, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩატარდა იმისთვის, რომ ალყაში მოქცეული ადამიანები დაეჭირათ, ჩაეცხრილათ, მოეკლათ... ამიტომაც დასრულდა ეს ოპერაცია ფატალურად....
პასუხისმგებლობის რა წილი ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს?
- საქართველოს კონსტიტუციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება. ოპოზიცის ლიდერებს, ან ლიდერთა ჯგუფს, პასუხისმგებლობის ვერავითარ პროცენტს ვერ გავუნაწილებ. კითხვა შეიძლება შემიბრუნოთ - არაადეკვატური სააკაშვილისა და ხელისუფლებისგან ძალის გამოყენება, ხომ მოსალოდნელი იყოო, მაგრამ მგლის შიშით ფარა თუ გავწყვიტეთ, მშვირები დავრჩებით...
სად იდექით დარბევის დაწყებისას და რა ხდებოდა თქვენს გარშემო, როცა სპეცრაზმი მოგიახლოვდათ?
- მე ვიყავი სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე. როცა რკალი ძალიან ვიწროვდებოდა, სიტყვით თემურ შაშიაშვილი გამოდიოდა - „გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ჩვენ შეგვიძლია აღლუმი ერთად ჩავატაროთო...“ სადღაც პირველი 10 წუთზე, აქციის მონაწილეებთან ერთად „მამაო ჩვენო“ ხმამაღლა წავიკითხეთ. პირველის 10-დან 15 წუთამდე მხუთავი გაზი მივიღე და რამდენიმე წამი მეხსიერებიდან ამოვარდნილი მაქვს - სცენის კიბეები როგორ ჩავირბინე, ეს არ მახსოვს. სპეცრაზმელებმა სცენის უკან შეგვრეკეს. სადღაც წუთნახევრის განმავლობაში ჭყლეტვაში მოვყევი.
რა დროს და როგორ დატოვა რუსთაველის გამზირი ნინო ბურჯანაძემ?
- სანამ ფიზიკურად გავძელი და გაზმა ხელი არ შემიშალა, სცენაზე ვიდექი. როგორც გითხარით, შაშიაშვილიც იქ იყო, დანარჩენ ლიდერებთან ერთად. თორმეტის მიდამოებში მიკროფონით ერთი-ორი სიტყვა მეც ვთქვი, პატრიარქისადმი მიმართვა წაიკითხეს - ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა.
ირაკლი ბათიაშვილმა გაზის საწინააღმდეგო სპეციალური რეზინის ნიღაბი ამოიღო და ნინო ბურჯანაძეს მიაწოდა - „ეს უნდა გაიკეთოთო“, რაზეც ბურჯანაძემ სასტიკი უარი თქვა. ამ დროს ჯიბეები მოვიჩხრეკე, პირბადე ვნახე და გავიკეთე. 20-30 სანტიმეტრის მოშორებით ვიდექი. ბათიაშვილი ეუბნება - „არა, უნდა გაიკეთოთო“. შემდეგ დაცვის წევრები მოვიდნენ და ნინო ბურჯანაძეს უთხრეს - „თქვენ უკვე არღვევთ იმ წესებს, რომლითაც ჩვენ უნდა დაგვემორჩილოთ. ნიღაბი უნდა გაიკეთოთო“. ბურჯანაძემ ამაზე კატეგორიული უარი მიუგო. „მაშინ პირბადე მაინც უნდა აიფაროთო“ და „რას ჰქვია პირბადე ავიფარო?! ხომ ხედავთ რა ხდებაო?“ - ასე შემართულად და ხმამაღლა განუცხადა უარი, დაცვის წევრებს.
იგორ პატარიძემ, 30 მაისს, „ობიექტივისთვის“ მოცემულ ინტერვიუში იგივე ისტორია მოყვა.
- დიახ, იქ იყო იგორ პატარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი 2004-2008 წლებში. იმ დროს ჩემს გვერდზე იდგა, ვლაპარაკობდით. პირველის წუთებზე რაღაც მანქანა შემოვიდა, მგონი ვერცხლისფერი „ჯიპი“. მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია. ამის შემდეგ უკვე სიტყვები, დარბევა, კივილი, წივილი, ყველაფერი ერთმანეთში აირია. არ ვიცი ბურჯანაძის სცენიდან ჩასვლა ჩემამდე მოხდა, თუ ჩემს შემდეგ, მაგრამ მის პირად დაცვასთან იმდენად კატეგორიული იყო, რომ ვფიქრობ, იძულებითი წესით ჩაიყვანდნენ.
რა მოხდა მას შემდეგ, რაც სცენის უკან აღმოჩნდით?
- იქ იყო ჭყლეტვა, წყლის ჭავლი, გაზი... სპეცრაზმელებმა კინო „რუსთაველის“ მიმართულებით დერეფანი გააკეთეს და მე ამ დერეფანში სხვებთან ერთად გავიარე. ფეხებთან ღობიდან ასხლეტილი დიდი რაოდენობით რეზინის ტყვიები ეცემოდა, მაგრამ პირადად მე მგონი არ მომხვედრია.
რეზინის ხელკეტი მოგხვდათ?
- არც ხელკეტი მომხვედრია. დერეფანის იქით-აქეთ მდგარი სპეცრაზმელები, რომელთა შორის მანძილი დაახლოებით ერთი მეტრი იყო, ხელკეტებს ფარებზე აბრახუნებდნენ და ყიჟინას სცემდნენ. კინო „რუსთაველში“ უამრავი ადამიანი დამხვდა. დარბაზში არეულობა იყო... იქ მყოფებს ხმამაღლა მოვუწოდე - დაწყნარდით, უკვე დასრულდა, სამშვიდობოს გამოვედით, აღარაფერი მოხდება, დატოვეთ სცენა, დარბაზში გადმოდით, დავსხდეთ-მეთქი და მეც დავჯექი.
დარბაზში ჯერ გაზის ბალონები შემოაგდეს და შემდეგ შემოვარდნენ. თვალი მოვკარი სპეციალურად გაწრვთნილ ძაღლებს (ორი ძაღლი დავინახე), რომლებიც ალბათ, ადამიანებზე იყვნენ დაგეშილები. „ისინი, ვინც არ ხართ სველი და ვისაც გაქვთ ბილეთი, შეგიძლიათ აქაურობა დატოვოთო“, - მიმართეს შავფორმიანმა სპეცრაზმელებმა დარბაზში მყოფებს და იქიდან უამრავი ადამიანი გავიდა. ამის შემდეგ დარბაზში საშინელება დატრიალდა - სპეცრაზმელებმა ისეთივე აგრესია გამოავლინეს, როგორც რუთაველზე, როცა გვიახლოვდებოდნენ.
ერთი სპეცრაზმელი ჩემთან მოვარდა - „ააა, დუმბაძე, დაგიჭირეთ! შენ გეძებდით! გეგონა ამ პირბადის გამო ვერ გიცნობდით?!“ ამან სხვა სპეცრაზმელთან მიმიყვანა, რომელმაც თავში ხელკეტი ჩამარტყა. სახე რომ გამითბა, ხელი მოვისვი და სისხლი მქონდა, თავზე კი ღია ჭრილობა. შემდეგ ხელბორკილი გამიკეთეს. სხვა ხელბორკილდადებულები ერთმანეთზე ხუთ, ექვს წყებად დააწვინეს.
იქ მამაო იყო შემოსული, როგორც ჩანს, ქვაშვეთის ტაძრიდან. „რას სჩადიხართ უგუნურებო, რას აკეთებთ, ადამიანები ცუდად არიან?!“ - მიმართავდა სპეცრაზმელებს. მეც რომ დამაწვინეს, სპეცრაზმელი მოვარდა, „არა, ეს უნდა გავასამართლო, სისხლით, აქ არ უნდა იყოსო“, - თქვა და დარბაზის უკან შემიყვანა. ამის შემდეგ დარბაზში დაახლოებით 20-წუთიანი (შეიძლება ნახევარსაათიანი) ოპერაცია მიმდინარეობდა. მესმოდა კივილი, წივილი, ყვირილი...
როგორი სურათი დაგხვდათ გარეთ გამოსვლისას?
- საშინელი და ეს მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება - ნაწვიმარი ხომ იყო?! ტროტუარსა და ქუჩას შორის მდგარ წყლის გუბეებში ადამიანების სისხლი წითლად ლივლივებდა. ხელბორკილდადებული ადამიანების ძირითადი ნაწილი სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით გადაჰყავდათ.
ტელეკამერით, რომ გიღებდნენ, ეს დაინახეთ? „ევრონიუსის“ მიერ გადაღებულ კადრებს ვგულისხმობ.
- აქეთ-იქიდან სპეცრაზმელები მომყვებოდნენ. ერთმა მეორეს უთხრა - „აუუ, დუმბაძე სად გამოვატარეთ?!“ ამის გაგონებაზე მიმოვიხედე და ხესთან მოციმციმე ობიექტივი დავინახე - როგორც ჩანს, იქ ჟურნალისტები ჩასაფრებულები იყვნენ. სპეცრაზმელებმა „თბილისი მერიოტისკენ“ მყოფ პოლიციელებთან მიმიყვანეს. ამ დროს რუსთაველის გამზირზე უამრავი ყვითელი ავტობუსი იდგა. მეგონა მეც ავტობუსით გადამიყვანდნენ იქ, სადაც სხვები მიჰყავდათ.
დაახლოებით 15 წუთზე მეტხანს ვყავდი გაჩერებული. შემდეგ შავი ფერის „ჯიპით“ თბილისის მთავარ სამმართველოში გადამიყვანეს. იქ არეული იყო ყველაფერი - სისხლის სუნი, ბამბები, ბინტები. შესასვლელში ასეულობით ადამიანი იდგა. ზოგს თავი ჰქონდა გატეხილი, ზოგს ხელიდან სისხლი მოსდიოდა. ვიფიქრე, კიბეებზე ამიყვანენ და დამაგდებენ-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა - გზა გავაგრძელეთ და მეხუთე სართულზე ავედით, კარგად მოწყობილ კაბინეტში შემიყვანეს. რაც ამის შემდეგ სამმართველოს შენობაში მოხდა, პირდაპირი მნიშვნელობით წამება იყო. გათენებამდე იატაკზე გაშხლართული ვიყავი. ძირითადად ორი, ხან სამი მირტყამდა.
სპეცრაზმელები გცემდნენ, თუ პოლიციელები?
- პოლიციელები. როგორც კი ახედავდი და დააკვირდებოდი, ფეხს ჩაგაზელდნენ, რადგან ეგონათ სახეს იმახსოვრებდი. ვიმეორებ - ეს არ იყო ცემა, ეს იყო წამება. სხვათა შორის, ხელკეტები რეზინის არ გახლდათ - ისეთივე დროშის თეთრი ტარები იყო, როგორიც მომიტინგეებს ეჭირათ. „ამით აპირებთ თქვენო“... - ასეთი შეძახილები იყო დარტყმის დროს. დარტყმა იმდენად დამამცირებელი არ იყო, იმასთან შედარებით, რასაც გთავაზობდნენ. მაგალითად, ვიღაც პიროვნების მისამართით შეგინებას.
ნინო ბურჯანაძის მისამართით შეგინებას ითხოვდნენ, ხომ?
- დიახ, ანალოგიური რამ კინო „რუსთაველშიც“ ხდებოდა და კიდევ - უნდა გეღიარებინა, რომ ვიღაც მაგარი იყო. ვერ აღიარებ, რადგან ცაში თვითმფრინავის გამოჩენაზე ვერ არის მაგარი. ამის აღიარებას საფლავში ჩასვლა მირჩევნია...
ცემის დროს თქვენ რაიმეს ეუბნებოდით?
- დარტყმების დროს მაქსიმალურად ვცდილობდი დუმილი შემენარჩუნებინა. ნაკლებსავარაუდო იქნებოდა ჩემი გადარჩენა, შედარებით მძიმეწონიანი, რომ ვყოფილიყავი - როგორც ჩანს, გამხდარი ადამიანისთვის უფრო ასატანია ის წამება, რასაც სამმართველოში ჰქონდა ადგილი. კარგად რომ გათენდა, მეშვიდე სართულზე, უმძიმეს მდოგმარეობაში გადამიყვანეს.
იქაც ძირს დაჯდომის ბრძანება გასცეს. ძალიან პატარა ოთახი იყო, შიგნით რამდენიმე კაცი ირეოდა. ფოიედან მესმოდა - „დუმბაძე სად არის, დუმბაძე სად არის?“ ესე იგი, მომიტინგეს კი არ სცემდნენ, დუმბაძე აინტერესებდათ. კარის ყოველი გაღება საშინელება იყო, რადგან იცოდი, რომ ახალი ჯგუფი, ორი-სამი კაცის შემადგენლობით შემოვიდოდა და წიხლებით შეგდგებოდა...
ხან პირჩამხობილი ვიყავი, ხან გვერდზე გადაწეული. დავინახე, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანმა ფორმიანი გაიყვანა და ეუბნება - „რას აკეთებთ? უნდა შემოგაკვდეთ?! საკმარისია!“ მისი სახე არ დამინახავს, მაგრამ დავინახე, რომ ჩვეულებრივი შარვალი ეცვა.
მეშვიდე სართულზე, რომ გადამიყვანეს, ძირს გდების დროს წიხლებით დამუშავება, ჩვეულებრივი ამბავი იყო, რისი გამოცდილებაც მეხუთე სართულზე მიღებული მქონდა. „დადექი ფეხზეო“, - მითხრეს. ერთ-ერთმა გადაჭრილი ტყავის ხელთათმანები გაიკეთა, თითის წვერები უჩანდა. ამ დროს იქვე რაღაც დოკუმენტს ამზადებდნენ. მეგონა გადაჭრილხელთათმანებიანს ჩემს ჯიბეებში რაღაც საბუთი უნდა მოეძებნა. ძალიან მაღალი და მძიმეწონიანი იყო (დაახლოებით 120 კილო იქნებოდა). უცებ, ორივე ხელი გაშალა და ყურებზე შემომარტყა. რამდენიმე წამით გავითიშე.
ამის შემდეგ მომიჯნავე ოთახში გამიყვანეს. ეს უფრო ფართო ოთახი იყო. თავში ჩარტყმები და ცემა გააგრძელეს. იქაურობის უფროსს სამოქალაქო ფორმიანმა ადამიანმა უთხრა - „შეეშვით, ხელი არ დაარტყათო“. მერე ახლოს მოდიო მითხრა, შემდეგ დაბლა ჩაჯექიო. იქვე მყოფ მომიტინგეს, რომელსაც ხელბორკილი მხოლოდ ერთ ხელზე ეკეთა, დაახლოებით ორი წუთი ელაპარაკებოდა - „რა გინდა, რატომ აკეთებ ამასო“... ამ დროს, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა ადამიანმა, ვინც ჩემზე უბრძანა არ დაარტყათო, მოულოდნელად ჩამარტყა ფეხი სახის არეში. ანუ იმას ელაპარაკებოდა და მე ჩამარტყა. ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი დავკარგე.
ამის შემდეგ პირდაპირი გაგებით შემათრიეს რაღაც ოთახში და დუშის გამოყენებით სისხლი ჩამომრეცხეს. დავეცი. ფორმიანი პოლიციელი სადღაც გავარდა და რამდენიმე წამში სტერილური ბინტი მომიტანა, „სისხლი პირში არ წაგივიდეს, დაიხრჩობიო“, - ბინტი გახსნა და სისხლი ჩამომწმინდა.
სასამართლოში გადაყვანამდე ნახეთ სხვებს როგორ ექცეოდნენ?
- იქ გია ბურჯანაძე დავინახე, ნაცნობი სახეებიდან სხვა არ შემიმჩნევია. ადამიანები ვერტიკალურ ფორმაში, კედელთან იდგნენ. სამმართველოს შენობიდან, რომ გამოვყავდი, მეგონა დასრულდა 6-7-საათიანი მათი სიგიჟე. ავტობუსში ასვლისას, ინტუიციის კარნახით ისეთ ადგილზე დადგომა ვცადე, სადაც მეგონა ნაკლები მომხვდებოდა. „დუმბაძე მოვიდაო“ და უკნიდან პოლიციელები გადმოცვივდნენ. დაახლოებით 10 წუთი ცემა და უბედურება გაგრძელდა.
რომელმა მოსამართლემ გაგასამართლათ?
- მოსამართლის გვარი არ მახსოვს, ახალგაზრდა გოგო იყო. თუმცა, თანაშემწეს საინტერესო გვარი ჰქონდა, ჩემი ქალიშვილის ტოლი, 22-23 წლის იქნებოდა, გვარად ახალაია. მოსამართლემ მკითხა - „წესები იცითო?“ პირველად ვარ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადვოკატი მჭირდება-მეთქი. ჩემდა გასახარად, მოსამართლემ მითხრა „შემიძლია ადვოკატს დაგაკავშიროო“. ტელეფონზე მიკროფონი ჩართო. მე ადვოკატს, მედეა ვასაძეს დავურეკე. უბედნიერესი ვიყავი, რომ ზარი გავიდა. მოსამართლემ მომიგო - „თუ 20 წუთის განმავლობაში მოვა, თქვენ ადვოკატის გამოყენების უფლება გაქვთ. მე დარბაზს დავტოვებო“.
დაახლოებით 3-4 წუთში უკან შემობრუნდა - „20 წუთი გავიდა, თქვენი ადვოკატი ვერ მოვიდა და ამიტომ, პროცესი უნდა დავიწყოთო“. ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შემიფარდეს. ამის შემდეგ პოლიციის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაბრუნებამდე, 2-3 საათი ეზოში ვიდექი. იზოლატორის შესასვლელში სოსო ჯაჭვლიანი ვნახე. მანამდე, სასამართლოდან უკან, იზოლატორში, რომ გადმოვყავდი, წინ პოლიციელები ისხდნენ. ერთი ეუბნება მეორეს (არ ვიცი შაყირობდა, თუ გულწრფელი იყო) - „ეს კაცი, დუმბაძე ბათუმში საჭირო კაციაო“. მეორე ეკითხება „რატომო?“ და „იმიტომ რომ მეჩეთის აშენებას ებრძვის და რომ იცოდე, მაგ საქმეში სწორად იქცევაო“. ეს კარგად გავიგონე.
ეზოში ყოფნისას მეჩეთების თემაზე ლაპარაკი კიდევ ჩამოვარდა - ბევრნი ვიდექით და იზოლატორში შეყვანას ველოდებოდით. სოსო ჯაჭვლიანიც იქ იდგა და ამას დამიდასტურებს. პოლიციელი მეკითხება - „დუმბაძე, შენ ხომ „რესპუბლიკელი“ იყავი და ახლა სად ხარ, რატომ გაგაგდეს მაგ „რესპუბლიკელებიდანო?“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, სახე, ტანსაცმელი სისხლში და ჭუჭყში ამოსვრილი მქონდა. ენერგია მოვიკრიბე და ვეუბნები - ვეწინააღმდეგები, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გაფორმებას, მე ვარ მართალი და ამ საქმეს ბოლომდე გავიტან-მეთქი. ხელი ჩაიქნიეს, - „ამას არაფერი ეშველებაო“.
სოსოს ვაკვირდებოდი, დაშავებული ხომ არ არის-მეთქი. იმ წუთში ხელბორკილები მგონი არ ედო. სადღაც გაუშაყირებია, სამჯერ გამიკეთეს და სამჯერ გავარღვიეო. ძალიან ამაყად და ღირსეულად იდგა და საერთოდ, იმ ღამეს ადამიანები ღირსეულად იდგნენ. იზოლატორში დაახლოებით 10 წუთი ვიყავი. დამიძახეს „დუმბაძე გამოდიო“ და პოლიციელმა ავტობუსში ამაცილა. იქ გავიგე, რომ თელავის იზოლატორში გადავყავდი...
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს, პირველი ადვოკატი, ვინც ჩემს სანახავად 27-ში მოვიდა, იყო საია-ს წარმომადგენელი თელავიდან, მარეხ მგალობლიშვილი. მანამდე მგონი წყალიც კი არ მიგვიღია. ამ ადვოკატმა მითხრა, რომ ირმა ინაშვილი ევროსტრუქტურებთან, ადამიანის უფლებადაცვით ორგანიზაციებთან მუშაობსო. ამის შემდეგ მოვიდა ადვოკატი ჯუმბერ მილორავა, „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობიდან“. ის ჩემს სანახავად რამდენჯერმე ჩამოვიდა, ძალიან შორი მანძილია - 300 კილომეტრია იქით-აქეთ. სხვათა შორის, ჯუმბერ მილორავამ საადვოკატო წესი დაარღვია - ჩემთვის შვება იყო, რომ მომიტანა შვილიშვილის სურათი, რომელიც იმ დღეს 11 თვის გახდა.
იქ არაფრის შემოტანა არ შეიძლებოდა, ყველაფერს სინჯავდნენ. რატომღაც, ღვთის წყალობით, ეს სურათი ჩემს საკანში მოხვდა და მათდა სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ რეგულარული „დაშმონვის“ (ეს მათი ტერმინია) მიუხედავად, შვილიშვილის ფოტო დამიტოვეს.
თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში „სახალხო კრების“ ადვოკატიც იყო შემოსული, ეკა ბესელიას ორგანიზაციიდანაც მოვიდა ადვოკატი. წითელი ჯვარი ორჯერ იყო შემოსული. 4-5 დღის განმავლობაში ექიმები რეგულარულად მოდიოდნენ. წითელმა ჯვარმა მეორე დღეს რომ მნახა, ჩათვალა, რომ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ უნდა გადავეყვანე, მაგრამ დორებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელობამ ეს არ გააკეთა.
რატომ უთხარით უარი სახალხო დამცველის წარმომადგენელს ახსნა-განმარტების მიცემაზე? ამის შესახებ სახალხო დამცველმა „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.
- ეს ფაქტი კარგად არ მახსოვს. ალბათ, კითხვებზე პასუხის გაცემის და რაიმეს დაწერის შესაძლებლობა ფიზიკურად არ მქონდა, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი.
აპირებთ თუ არა სამართლებრივი მსვლელობა მისცეთ თქვენი დაკავების და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს?
- ამ სახელწმიფოში ამის გაკეთება ზედმეტად მიმაჩნია, რადგან სასამართლო სისტემა არ არსებობს.
სტრასბურგში ხომ არსებობს?
- არსებობს, მაგრამ ეს არის გაწელილი პროცედურა - სანამ საჩივარი იქ ჩავა და ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, გარწმუნებთ, საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება აღარ იქნება.
თქვენი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ გააგრძელებს თუ არა საქმიანობას „სახალხო კრებასთან“ ერთად?
- „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი ვარ, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებ. „სახალხო კრება“ ამბობს, რომ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის და იმისთვის, რომ ხალხმა მართოს ხელისუფალი, საჭიროა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ამ იდეას მხარს ვუჭერთ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი დასრულებულია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხალხის ენით. ხალხს აქვს მოთხოვნა, რომ ეს ცვლილება მოხდეს, რაც გარდაუვალია.