ღარიბაშვილის მთავრობა დამტკიცებულია, 87 მომხრე, 38 წინააღმდეგი - პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა, რა თქმა უნდა, მინუს ოპოზიცია. თინა ხიდაშელი ახლა უკვე დამაჯერებლად, თავდაცვის მინისტრია. მართალია, ის სულ რაღაც ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ არც პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდებოდა და არც პარლამენტის მიერ კენჭისყრა, მაგრამ 14-საათიანი დებატების შემდეგ, მას და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას 9 მაისს, გამთენია, კენჭი უყარეს.
თინა ხიდაშელმა თავდაცვის ყოფილ მინისტრებს შეთავაზება გაუკეთა, მან მიიწვია ყველა წინამორბედი, ვისაც პროკურატურასთან პრობლემები არ ჰქონდა და ყოფილი მინისტრების კლუბის ჩამოყალიბებაც შესთავაზა. ამ ინიციატივას გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი, მან მიიღო შეთავაზება... რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის მინისტრებიდან, ვისაც პროკურატურასთან ამ ეტაპზე პრობლემა არ აქვს, ეს არის შაშკინი და თინას წინადადებაზე უარი განაცხადა. ქალბატონმა მინისტრმა დაადასტურა, რომ ის აუცილებლად შეხვდება ირაკლი ოქრუაშვილს, ირაკლი ალასანიას, მინდია ჯანელიძეს, დავით სიხარულიძეს, მაგრამ არ დასახელებულა ერთი ყველაზე საინტერესო, პროფესიონალი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე.
"კვირის ქრონიკა" გთავაზობთ ინტერვიუს დავით თევზაძესთან, თქვენ მისგან შეიტყობთ, რას ფიქრობს საკადრო ცვლილებებზე, თინა ხიდაშელის გამინისტრებაზე, ბიძინა ივანიშვილზე და როგორია მისი ხედვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე.
მოულოდნელი სვლა გაკეთდა და პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში თავდაცვის სამინისტროს ქალბატონი უხელმძღვანელებს. ამ უწყების მინისტრის შეცვლა თავად პრემიერისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ პრეზიდენტზე, რომელთანაც კონსულტაციები არავის არ უწარმოებია. უმაღლესმა მთავარსარდალმა კითხვა დასვა, - რა სიხშირით უნდა იცვლებოდნენ თავდაცვის მინისტრებიო? მაშ ასე, ყველაზე მეტად საინტერესოა თქვენი პოზიცია, რას ფიქრობთ, უნდა ყოფილიყო თუ არა კონსულტაციები ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან, გაუძღვება თუ არა ამ უწყებას თინა ხიდაშელი?
- მინისტრების ხშირი ცვლა, არამარტო სამხედრო, სხვა დარგებშიც არარეკომენდებულია. განსაკუთრებით მტკივნეულია თავდაცვაში, რადგან ნებისმიერი ცვლილების დროს, რადგან ამ უწყებაში ცვლილება ხდება მაშინ, როცა ერთი მინისტრი საქმეს მხოლოდ სანახევროდ ასწრებს, ციკლი არ სრულდება. მაგრამ ყველა მედალს აქვს ორი მხარე. მე ხშირად მითქვამს, თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, ან ძლიერი პროფესიონალი. პირველად, ჩემს მეხსიერებაში ინიშნება ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა. ასე რომ, ამ მხრივ, ეს კანდიდატურა წინას სჯობდა, ასევე სჯობია სხვა მის წინამორბედებს.
ალასანია არ იყო პოლიტიკური ფიგურა?
- ალასანია უშიშროების უწყებიდან მოდის, ეს ძალიან სპეციფიკური სფეროა, ამ მხრივ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ალასანია მეტ-ნაკლებად პოლიტიკური ფიგურაა, ამ უწყების სხვა მინისტრები კი რეალურად პოლიტიკური ფიგურები არ ყოფილან. ისინი ძირითადად ერთგულების ნიშნით გადმოჰყავდათ თავდაცვის მინისტრებად. ერთი პერიოდი თავდაცვის უწყება შს-ს დანამატად გადაიქცა, მერე გარკვეულწილად იმ რეჟიმში მოექცა, რაც უფრო სასჯელაღსრულების დაწესებულების მართვის რეჟიმია. ეს დრო ყველას გვახსოვს. ამ მხრივ, დღეს საგანგაშო ნამდვილად არაფერი მომხდარა, ის, რომ თინა ხიდაშელი ქალბატონია, მისი ნაკლი არ არის. წესით, არც ქვეყანას არ უნდა დაემჩნეს. როდესაც ამ კონფიგურაციით ხდება ქვეყნის მართვა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით ქალბატონის გამინისტრება, ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა შესაძლოა, პრობლემა შემდგომ გაჩნდეს. გააჩნია, როგორ შეხედავს ის ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკას, რა ხედვა გაუჩნდება ამ მიმართულებით. შესაძლოა, ამ გზაზე მან შეცდომები დაუშვას, რადგან ამ სფეროსთან შეხება არ ჰქონია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ თინა ხიდაშელი მინისტრობას თავს გაართმევს. არც ერთ მინისტრს წარუმატებელ კარიერას არ ვუსურვებ.
თქვენი აზრით, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან უნდა ყოფილიყო თუ არა კონსულტაცია თავდაცვის მინისტრის კანდიდატზე?
- კონსტიტუციით პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, სწორი იქნებოდა ამ თემაზე მასთან კონსულტაციები გამართულიყო, ისევე, როგორც გენშტაბის შეცვლაზე აუცილებელია პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვა. გენშტაბი პირდაპირ პრეზიდენტს ექვემდებარება. თუკი საომარი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, გენშტაბი მოქმედებს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით. რეალურად გენშტაბი არის პრეზიდენტის, საომარ სიტუაციაში თავდაცვის მინისტრი არის სამოქალაქო პირი, ამიტომ პირდაპირი ლინკი უნდა არსებობდეს პრეზიდენტსა და გენშტაბს შორის, თუ თავდაცვის მინისტრი არ იქნება პოლიტიკური ფიგურა და ის იქნება პროფესიონალი, მაშინ სხვანაირად ლაგდება ეს ყველაფერი. აქამდე თავდაცვის მინისტრი მოჩვენებითი სამოქალაქო ფიგურა იყო და ეს მათ მოქმედებას ეტყობოდა. ერეოდნენ ოპერატიულ მართვაში, ფუნქციონალურად არ იყო გამიჯნული. შესაძლოა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ის, რომ მინისტრი ქალბატონია, ჯარი დაცული იყოს არაკომპეტენტური ჩარევისგან. იმედს ვიტოვებ, რომ თინა ხიდაშელი თავს არ წარმოიდგენს მთავარსარდლად, ფორმას არ ჩაიცვამს და ზედმეტ პრობლემას არ შექმნის.
თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მას ზოგჯერ მოუწიოს ფორმის ჩაცმაც კი...
- არ ვიცი, მას რა სიტუაციაში მოუხდება ფორმის ჩაცმა და რა "პაგონი" უნდა გაიკეთოს ზედ? ეს აბსურდია...
შესაძლოა, ქალბატონ ხიდაშელს გენერლობა აჩუქონ, როგორც გამონაკლის ქალბატონს?
- ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია, მაგალითად, აჩუქეს გენერლობა და რა, ამის გამო მას მოემატება ის სიბრძნე, რომელიც გენერალს უნდა ჰქონდეს?!. სამოქალაქო ფიგურაა მინისტრი და მას არ სჭირდება წოდება, რაიმე ჩინი, რა სავალდებულოა, ფორმა ჩაიცვას, ჩვეულებრივი კლერკია სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი და არანაირი სამხედრო არ გახლავთ.
ხიდაშელის ყველაზე მთავარ ინიციატივას მივადექით, მას აქვს სურვილი, რომ შეხვდეს ყველა წინამორბედს, გარდა მათი, ვისაც პროკურატურასთან აქვს საქმე. აპირებთ, ხიდაშელთან კლუბურ ფორმატში ითანამშრომლოთ?
- შეხვედრებს ფორმატს გააჩნია, კლუბი არის ნებაყოფლობითი გაერთიანება ასეთ კლუბში არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ეს არის პიარაქცია. ირაკლი ალასანიამაც დააპირა მსგავსი რაღაც, პრაქტიკულად, თითო შეხვედრა ჩატარდა. როგორც გამოირკვა, სხვადასხვა სამხედრო პირებთან ჩატარდა შეხვედრები და ყველა ბითურად დატოვა. ასე რომ, მე არ ვიჩქარებდი. მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელი მინისტრად დაინიშნა, ორი ზარი განხორციელდა ჩემთან, მითხრეს, რომ მინისტრი დამიკავშირდებოდა, მაგრამ ჯერ არ დამკავშირებია.
სხვათა შორის, ქალბატონი მინისტრი აპირებს, ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდეს, თუკი დასთანხმდებით ქალბატონ თინას, ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებით?
- ახლა გეტყვით ღიად და პირდაპირ, საქართველოში ორი სხვადასხვა ტიპის თავდაცვის მინისტრები არსებობდნენ, ერთი იყო უმაღლესი რანგის სამხედრო პირები და იყვნენ ასევე ადამიანები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ ამ პოზიციაზე. მე ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, როდესაც შევძლებ საერთო ენის გამონახვას იმ ადამიანებთან, ვინც ამ პოსტზე შემთხვევით აღმოჩნდა. ამის შესაბამისად, მათთან ერთად, ერთ ფორმატში ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია. ჩემს მუნდირს ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ მესმის, იქ რა თემაზე უნდა ვილაპარაკო, ადამიანებთან, რომელთათვისაც სამხედრო სტრატეგია არის ცარიელი სიტყვა, სალაპარაკო არაფერი მაქვს. ამიტომ გეუბნებით, რომ მინისტრთან შეხვედრის ფორმატს გააჩნია, ვფიქრობ, ქალბატონი თინაც უნდა ხვდებოდეს ამას. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ყველაზე დიდი დანაშაული მას მიუძღვის ქართული ჯარის წინაშე. კონკრეტულად, მან დაშალა ის ძირითადი რგოლები, რომელიც იყო ჯარში აწყობილი და ფუნქციონირებდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რგოლები გაენადგურებინა. მაგალითად, სტრატეგიული დაზვერვის დეპარტამენტი, თვე-ნახევარიც არ დასჭირვებია, ისე გაანადგურა, რომელიც ექვსი წლის მანძილზე რუდუნებით იქმნებოდა, ძალიან სერიოზული ნამუშევარი გვქონდა კონფიდენციალურად. ვინ წაიღო ის მნიშვნელოვანი მასალები, დღეს ვის ხელშია, აი, ეს არის ძალიან საინტერესო. ამიტომაც ვერ დავჯდები ირაკლი ოქრუაშვილთან ერთ მაგიდასთან. შეიძლება პიროვნულად კარგი ადამიანია, მაგრამ, როგორც თავდაცვის მინისტრმა, ხელი შეუწყო ქართული არმიის რღვევას, იმ საფუძვლების მოშლას, რომელიც დიდი სირთულეების ხარჯზე იქმნებოდა. ამიტომაც არ მესმის, მასთან რაზე უნდა ვიმსჯელო, სულ ეს არის, მეტი არაფერი...
ქალბატონი მინისტრი თავს იწონებს, მოისმინეთ, ჯეიმს აპატურაიმ ჩემზე რა განცხადება გააკეთაო... აპატურაი აცხადებს, რომ თინა ხიდაშელს ნატოში ძალიან დიდ პატივს სცემენ და ენდობიან. მიამიტურ კითხვას დაგისვამთ, შეძლებს ხიდაშელი ქვეყნის ნატოში შეყვანას, მაშინ, როცა ლავროვი იმუქრება, არ დავუშვებ ჩვენს სამეზობლოში ნატოს ჯარების ჩაყენებასო. ისე კი, საინტერესოდ დაემთხვა ხიდაშელის გამინისტრებას ნატოს წვრთნები...
- ნატოს წვრთნები ხიდაშელის ფიგურასთან მიბმული არ არის, სულ ცოტა, 6 თვე სჭირდება, ასეთი ტიპის ღონისძიება რომ დაიგეგმოს და მომზადდეს, შეირჩეს ძალები და შეიარაღება, მოხდეს მისი შემოტანა, ბანაკის გაშლა და ა.შ. ეს შეიძლება არც მინდია ჯანელიძის მიღწევა არ იყოს და მოდიოდეს უფრო წინა პერიოდიდან. მე მახსოვს, 2001 წელს, როცა ფოთში ჩატარდა ნატოს წვრთნები, ამ ღონისძიებას ორი წელი ვამზადებდით, ეს ძალიან რთული პროცესი გახლავთ. შესაბამისად, დაჩქარებულ რეჟიმში არაფერი მოხდება. ნატო არ არის ის ორგანიზაცია, დღეს ვიღაცას რაღაც დაესიზმრება და ხვალ იმას განახორციელებს. ეს არის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია. ნატოში შევალთ მაშინ, როცა საამისოდ სიტუაცია მომწიფდება, ამ პროცესს ვერც აპატურაი დააჩქარებს და ვერც თინას ავტორიტეტი. ის, რომ აპატურაი თინა ხიდაშელის კანდიდატურას მიესალმება და მხარს უჭერს, ეს ბუნებრივია. მინისტრი რომც არ მოსწონდეს პერსონალურად, აპატურაი ვალდებულია, ასე ილაპარაკოს, რადგან მასთან მოუწევს ურთიერთობა და პატივი უნდა სცეს ქვეყნის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, ამ საკითხს არ ჩავუღრმავდები, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება.
ბატონო დავით, თქვენ დღეს ორგანიზაცია "საქართველო მშვიდობისთვის" დამფუძნებელი ხართ, თუმცა შესაძლოა, სულ მალე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს, მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეფასებები... რატომ არ შეიცვალა ეკონომიკური და ფინანსური გუნდი? ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა, შემოდგომაზე სოციალური ამბოხების პირას აღმოვჩნდეთ?
- ფაქტია, რომ ეკონომიკურ გუნდს უჭირს, ეროვნულ ბანკსაც უჭირს, ან თავის თამაშს თამაშობს, მართლმსაჯულების აღსრულება უჭირს და მესამე წელია, რაც ეს გრძელდება.
ამ ქვეყანაში დასაბუთებული დანაშაული არც ერთ გახმაურებულ საქმეზე სასამართლომდე არ მისულა. სასამართლო ორჭოფობს და რთულ ვითარებაშია. გარედან ჩანს, რომ ძალიან ბევრი სირთულეა ხელისუფლების შიგნით, არ არსებობს ერთიანი ხედვა, არავინ ფიქრობს, რა იქნება ხვალ, აღარაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვინმე ფიქრობდეს, რა იქნება 10 წლის შემდეგ. პოლიტიკოსები ძირითადად დაკავებულები არიან იმით, რომ შემდეგი არჩევნებისთვის კარგი სასტარტო პირობები ჰქონდეთ. სხვა მათ არაფერი აინტერესებთ, არც იმათ, ვინც ხელისუფლებაშია და არც მათ, ვინც ოპოზიციაშია... თქვენ მეკითხებით, დადგება თუ არა შემოდგომაზე ქვეყანა სოციალური მღელვარების ზღვარზე? ასე მარტივად არ ხდება სოციალური მღელვარება, ამბოხი... რაღაც ენერგიის დაგროვებაა საჭირო, რომელიც ჯერ არ ჩანს. არჩევნებამდე არცთუ ისე დიდი დროა, ვფიქრობ, რომ ყოველგვარი ამბოხისა და მღელვარების გარეშე ჩვენ მივალთ არჩევნებამდე.
როგორი მთავრობა დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა?
- ივანიშვილს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ ჰქონდა, რომ ეს სარბიელი დაეტოვებინა ვიღაც ბავშვებისთვის, პრეზიდენტი, პრემიერი და ის ანტურაჟი, რომელიც მის გარშემო იყო, ბიძინას ავტორიტეტმა მოიყვანა, მას დაუჯერა ხალხმა და იმიტომაც მისცა ხმა. ვისაც შეეძლო დისონანსის შექმნა იდილიაში, რასაც ივანიშვილი ქმნიდა, იყო ერთადერთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და მას როგორც მოექცნენ, თქვენ კარგად გახსოვთ. სალომეს უთხრეს, საქართველოს მოქალაქე არ ხარ და ვერ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობასო. რეალურად მისი შეეშინდათ, რადგან სალომეს შეეძლო, სერიოზულად აერია კარტები, რომელიც მათ დაწყობილი არ ჰქონდათ. სხვათა შორის, თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ მას გზა უნდა გაეხსნა იმ ადამიანისთვის, რომელსაც რეალურად ეს საქმე უკეთ გამოუვიდოდა. მე ვხელმძღვანელობდი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს და ჩვენ, სამწუხაროდ, არჩევნებამდე არ მიგვიშვეს.
სასამართლოს ნაცვლად, ცირკი მოაწყვეს და ვის ნამუსზეა ის გადაწყვეტილება, მარტო მოსამართლის, თუ იმ პოლიტიკური სპექტრის, რომელმაც ხელები გაასავსავა?!. როცა ყველაფერს შენთვის მოინდომებ, მერე იმიტომაა, რომ გერევა რაღაც-რაღაცები, ამიტომ არ მიკვირს ის, რაც ხდება. მეტიც, არ მწყდება გული, ვფიქრობ, რომ ორივეს ნიშა, რომელიც ცალკე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა დაკავებული და მისი ოპოზიციონერობით მოვიდა "ოცნება", მას არაფერი მოუტანია, გარდა იმისა, რომ ჩაანაცვლა "ნაციონალური მოძრაობა", უფრო სწორად ჩანაცვლებაც არ გამოდის, მათ რეალურად ქვეყნის განვითარების პროგრამაც არ ჰქონდათ, ჩვენ მათ ხმა მივეცით იმიტომ, რომ "ნაციონალები" ჩამოგვეცილებინა... ასეთი რაღაცები ასე მთავრდება.
თქვენთვის არაფერი შეცვლილა?
- რა შეიცვალა? ახლა ცოცხებს არ გვირტყამენ, ესეც იმიტომ, რომ ჯერ არ დასჭირვებიათ... ადამიანს არ აქვს დაცულობის განცდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერს მივმართო, მივიდეს ერთხელ ვეტერანების ჰოსპიტალში და მათ მოუსმინოს.
როგორც ვიცი, ვეტერანების დეპარტამენტის უფროსი მისულა, რაღაც პროექტები აქვს, მაგრამ ეს პროექტები დღემდე ჰაერშია. მე მათთან ვიყავი და ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით წამოვედი. არის უქონელთა ფენა საქართველოში, ვისაც ჰქვია ვეტერანები. მათ 22-ლარიანი დახმარება აქვთ.
კი მაგრამ, პრემიერმა თავის მიღწევებში ომის ვეტერანებიც მოიხსენია და თქვა, რომ მათ სახელმწიფო სოლიდურ დახმარებას აძლევს...
- ომში დაღუპულების ოჯახებს 500 ლარის ნაცვლად, 1000 ლარი დაუნიშნეს და ახლა იცით, რა პროცესი წავიდა? დაღუპული მეომრის მეუღლეს ეუბნებიან, რომ შენი ქმარი ომში არ დაღუპულაო და იმასაც უხსნიან, რაც ჰქონდა. ეს არის რეალობა და ეს პრემიერმა უნდა იცოდეს.