დავით ბერძენიშვილი:

დავით ბერძენიშვილი: "სამომავლოდ, ექვსი პოლიტიკური პარტია უფრო მეტი ინტეგრირებისთვის არის მზად".

[მანანა ნოზაძე]

„რესპუბლიკული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას კარგა ხნის მანძილზე გაუძლეს, მაგრამ საბოლოოდ ისევ ხელისუფლების შეთავაზებაზე დათანხმება ამჯობინეს.

„ახლები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ ასე იოლად რატომ დაითანხმა ხელისუფლებამ? 

- არავისთვის უცხო არ იყო, რომ ხელისუფლებას ქრისტიან-დემოკრატებზე ერთგვარი ზეწოლის მექანიზმი ჰქონდა, მაგრამ მათ კარგა ხნის განმავლობაში გაუძლეს ამ ზეწოლას. სხვათაშორის, გეტყვით, რომ ბოლო კრიტიკულ ვითარებაში მათთვისაც არ იყო ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები. მათშიც სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობდა. მეტად არ დავკონკრეტდები, მაგრამ რეალობა ასეთია. ბუნებრივია, ეს ჩვეულებრივი ამბავია და მათშიც იყო აზრთა სხვაობა.

აქედან გამომდინარე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებს პარლამენტში, ან საკრებულოში თუ დაელაპარაკებით, შესაძლოა, სულ სხვადასხვა ტონალობის პასუხები მიიღოთ. თუმცა ერთი რამ ცხადია, მათ უკვე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ქრისტიან-დემოკრატებისთვის მომავალ პარლამენტში ისევ ფრაქციით მოსვლა აჯობებდა, თანაც ხელისუფლებასთან პრეტენზიის გარეშე, ვიდრე სარისკო ოპოზიციურ, ნამდვილ ბრძოლაში დარჩენა.

ქრისტიან-დემოკრატებზე ზეწოლა გასაგებია, მაგრამ „ახლებზე“ ზეწოლა როგორ მოახდინა ხელისუფლებამ?

- არა მგონია, რომ ხელისუფლებას მემარჯვენეებზე ზეწოლის რაიმე ბერკეტი ჰქონდეს. ეს მემარჯვენეების არჩევანია, რაც, ვფიქრობ, შეცდომაა. ამის მიუხედავად, ისტორიის გადაწერას არ ვაპირებ. მეტიც, არ მინდა საკუთარი  ღვაწლი დავუკარგო მამუკა კაციტაძეს. „რვიანის“ ფორმატში მან ძალიან ბევრი იშრომა და  ამას ყოველთვის დავადასტურებ. ერთი რამ ცალსახაა, სახელისუფლო სისტემა კიდევ უფრო შეივსო. თითოკაციანი პარტიები ისედაც საკმაოდ იყო პარლამენტში და ახლა კიდევ უფერო შეივსო.

ხოლო მეორე მხარეს, მის საპირწონედ არის სწორედ ოპოზიციური ალტერნატივის შესაძლებლობის მქონე გაერთიანება. ეს გაერთიანება ალტერნატივად იმ შემთხვევაში გადაიქცევა, თუ ჩვენი სამოქალაქო სექტორისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმხრობას რეალურად შეძლებს.

„რვიანის“ ფორმატი, ორი ყოფილი სუბიექტის გათვალისწინებით, ერთგვარად დამაბრკოლებელი ხომ არ იყო?

ექვსი პოლიტიკური პარტია ამიერიდან უფრო მეტი ინტეგრირებისკენ გადადგამს ნაბიჯს, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვქონდა „რვიანის“ შემადგენლობაში. „რვიანი“ იმ ფორმატით მუშაობდა, რისი საშუალებაც იყო, სწორედ  „რვიანიდან“ გასული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ანგარიშის გაწევის გამო. სამომავლოდ, ექვსი პოლიტიკური პარტია უფრო მეტი ინტეგრირებისთვის არის მზად. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც წინასწარ, ანონსების დონეზე ჯერ არ გავახმაურებ, მაგრამ უახლოეს ხანში, მიმდინარე და მომავალ კვირაში შეიტყობთ.

გაქვთ იმედი, რომ „რვიანის“ შემდეგ ეს „ექვსეულიც“ არ დაიშლება?

- გააჩნია. თუ დაიშლება, როდის? - ეს კითხვები შეიძლება არსებობდეს. არჩევნებამდე ამ „ექვსეულს“ სათანამშრომლო ფორმატი გაცილებით უფრო ადვილი და კარგი აქვს, ვიდრე ეს იყო „რვიანის“ შემადგენლობაში. თუმცა ყოფილმა „რვიანმა“ თავისი პოზიტიური როლი იმ ეტაპზე ნამდვილად შეასრულა. განსაკუთრებით, დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვების თვალსაზრისით.

„რვიანიდან“ ორი სუბიექტის წასვლის შემდეგ გაფართოებას ხომ არ ფიქრობთ?

- თავის დროზე კვალიფიციური პარტიების მიერ შეიქმნა „რვიანის“ ფორმატი. რომელიმე სხვა კვალიფიციურ პარტიას მე ახლა ვერ გავიხსენებ, რომელსაც ჩვენთან ერთად მუშაობა შეეძლება. ამდენად, ვინმეს შემომატებაზე ჩვენ არც გვიმსჯელია. ჯერჯერობით, ასეთი მოცემულობაა.

ოპოზიციის ლიდერები - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და კახა შარტავა ბათუმში შვიდ ამერიკელ კონგრესმენს შეხვდებიან. პოლიტიკური „რვიანიდან“ ორი პარტიის გამოყოფა კონგრესმენებთან მოლაპარაკებებს ხელს ხომ არ შეუშლის?

- არანაირად, ფორმატი არ შეცვლილა. არავის დაურეკავს ამერიკის საელჩოდან და არ უთქვამს, ეს სამი (უსუფაშვილი, ალასანია, შარტავა) კი არა, ვინმე სხვა ორი უნდა გამოუშვათო. კონგრესმენებმა ძალიან კარგად იციან, სად არის ქართული ოპოზიციის ცენტრი. რეალურად, დღეს ამ ექვსი პარტიის მიღმა საქართველოში სერიოზული და სოლიდური ოპოზიციური სუბიექტები აღარც არის დარჩენილი.

როგორ გგონიათ, ორი ოპოზიციური პარტია ხელისუფლების წინადადებას რატომ დათანხმდა?

- ჩვენი ყოფილი პარტნიორები ამას დათანხმებოდნენ თუ არა, ხელისუფლებას მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს პარლამენტში და, როცა უნდა, კანონს კი არა, კონსტიტუციას ჭრის და კერავს. ჩემს კოლეგებზე ზედმეტის თქმას არ ვაპირებ, ეს არ არის რესპუბლიკური წესი, ჩვენ ასე არ ვიქცევით, ყველას საკუთარი გზა აქვს. ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან დაშვებული მძიმე შეცდომაა. არა მგონია, ამით მათ რამე მოიგონ. იმ სისტემით, რასაც ხელისუფლება ულტიმატუმის სახით გვთავაზობდა, ხელისუფლებას მცირე ხმებითაც გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიიღებს ვთქვათ, 40-45-50%-ს და ამ სისტემით მას გარანტირებული ექნება 70-75 %. სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით.

რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ სახელისუფლო სისტემაში აღმოჩნდნენ, როგორც ჩანს, არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეთ დატოვებს საკუთარ თავს. ამდენად, ალბათ, თვლიან, რომ იმ დარჩენილ ერთ მესამედში მათი პარტიებიც გარკვეული ფრაქციებით იყოს წარმოდგენილი. ეს არის პრინციპული სხვაობა ჩვენსა და მათ შორის.

რა განსხვავებაა ხელისუფლებისგან ახლახანს შეთავაზებულ ახალ და ძველ საარჩევნო სისტემას შორის?

- ეს სისტემა, რაც დღეს მოქმედებს და, ასევე, ის სისტემა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, ხმების ნახევარზე ნაკლების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატების მიღებას (პროპორციულ ნაწილში) გარანტირებულად იძლევა. ამჯერად, ამას პრაქტიკულად ეთანხმებიან „ახლები“ და ქრისტიან-დემოკრატები. სამაგიეროდ, არ ვეთანხმებით ჩვენ, ქართული პოლიტიკური ოპოზიციის წამყვანი გაერთიანება.

დღემდე საკამათოდ რჩება, შეასრულა თუ არა „რვიანმა“ თავისი ფუნქცია. თქვენი აზრით, შეასრულა „რვიანმა“ დანიშნულება?

- რა თქმა უნდა, იმ ფორმატში, რა ფორმატითაც აქამდე მუშაობდა, „რვიანმა“ გარკვეული პოზიტიური ფუნქცია შეასრულა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება აქამდე არარსებული საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. თუმცა არის შესაძლებლობები და, იმავდროულად, არის შესაძლებლობების ზღვარი.

ხელისუფლების ბოლოდროინდელ შეთავაზებას, რაც მან საარჩევნო სისტემისთვის „დათმო“, როგორ შეაფასებთ? ოპოზიციური პარტიების „ექვსეულმა“ ამას გარიგება უწოდა.

- ხელისუფლებას საარჩევნო სისტემისთვისთვის არაფერი დაუთმია. მოდით, 2008 წელს ჩატარებული არჩევნების მაგალითს გავიხსენებ, რაც ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებზეც აისახა. მაშინ მანდატები 75 პროპორციულ და 75 მაჟოროტარს შორის განაწილდა. დღეს რომ 107 / 83-ზე ჩატარდეს არჩევნები, ზუსტად იმ შედეგების მიხედვით, ხელისუფლებას 77% ექნება. დღევანდელი შეთავაზების შემდეგ კი აქვს 79%. ანუ პრაქტიკულად, არაფერი იცვლება. ორ მესამედზე მეტი ვისაც აქვს, მას 79 % მიეცემა, 77 % თუ 67 %, პრაქტიკულად ერთი და იგივეა, რადგან ეს პროცენტები აქვს არა მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგად, არამედ სისტემის გამო.

ახლა არჩევნების პროპორციულ ნაწილს შევეხოთ. ვთქვათ, ხელისუფლებამ თბილისის საკრებულოს არჩევნებში, ოფიციალური შედეგებით, ქალთა „ბატალიონების“ ჩათვლით და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით, 52% მიიღო. ეს ეხება სიასაც და მაჟოროტარულ ნაწილსაც. 25 მაჟორიტარიდან წაიღო 25-ვე, რადგან არ იყო 50 %-იანი ბარიერი, ხოლო 25 სიიდან ხელისუფლებამ 14 წაიღო და 11- ოპოზიციამ. ამდენად, ერთი და იგივე შედეგი მაჟორიტარულ უბარიერო სისტემაში  100%-იან სახელისუფლებო ფორას იძლევა. პროპორციულ ნაწილში კი იგივე შედეგი თითქმის თანაბრად იყოფა.