„ხელისუფლებას ოქრუაშვილის ექსტრადაციის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს“

„ხელისუფლებას ოქრუაშვილის ექსტრადაციის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს“

მთავარმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყებამ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

"2011 წლის 28 ივნისს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. მას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის I ნაწილით. კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ".

სამართლის ექსპერტების აზრით, ხელისუფლებას თავდაცვის ექს-მინისტრის ექსტრადაციის მიღწევის მხოლოდ თეორიული შანსი გააჩნია. თუ ოქრუაშვილის ირგვლივ გამოკვეთილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, იგი სავარაუდოდ სისხლის სამართლის ძველ საქმეს დაემატება, რომლის საფუძველზეც შს სამინისტრო თავდაცვის ექს-მინისტრს ინტერპოლის ხაზით ეძებს.

თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, იმ ფონზე, რომ ოქრუაშვილს, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები “ინტერპოლის” ხაზით ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის ეძებდნენ, საფრანგეთის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ქართულ მართლმსაჯულებას ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

"თუ სასამართლო ოქრუაშვილის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა, საფრანგეთს ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილების გადახედვა და მისი საქართველოში ექსტრადაცია მოთხოვოს, თუმცა, როგორც წესი, პირისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შემდეგ სახელმწიფოების მხრიდან მისი საქმის გადახედვა აღარ ხდება. თეორიულად, ოქრუაშვილის შემთხვევაში  გამონაკლისი შეიძლება, იქნას დაშვებული" - განუცხადა "პირWელს" სამართალმცოდნე გელა ნიკოლაიშვილმა.

თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ საფრანგეთიდან ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ნინო რუხაძემ განაცხადა, როდესაც პირს კონკრეტული ქვეყანა პოლიტიკურ თავშესაფარს ანიჭებს, მისი ექსტრადირება არ შეიძლება.

მისი თქმით, პოლიტიკური თავშესაფარის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ პირს კონკრეტული ქვეყნისგან ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, ამ ქვეყანამ რა დანაშაულშიც არ უნდა წარუდგინოს ბრალი, პოლიტიკური თავშესაფარის მიმნიჭებელი სახელმწიფო ბრალდებულს არ გადასცემს. ექსტრადირება მხოლოდ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება - როდესაც ბრალდებულს საფრთხე აღარ ემუქრება. ასეთ შემთხვევაში, ხდება გადაწყვეტილების გადასინჯვა. თუ გამოიკვეთება, რომ გადაცემის შემთხვევაში პირს სამართლიანად გაასამართლებენ, არ დაირღვევა მისი უფლებები და ვითარება შეცვლილია, ხდება მისი გადაცემა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტ-გამოკითხულთა აზრი ორად იყოფა. კერძოდ, მისი ექსტრადიციის მოთხოვნას დაახლოებით იმდენივე ინტერნეტ-გამოკითხული ემხრობა, რამდენიც ეწინააღმდეგება.

"პირWელის" მიერ ჩატარებული ინტერნეტ-გამოკითხვის ფარგლებში დასმულ კითხვას, "უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთს ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით?" რესპონდენტთა 50.68%-მა (112 გამოკითხული) დადებითი პასუხი გასცა, 49.32%-მა კი (109 გამოკითხლი) - უარყოფითი.

 25-დან 27 ივნისის ჩათვლით მიმდინარე ინტერნეტ-გამოკითხვაში სულ 221 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, 23 მაისს შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამდენიმე წევრიც, შს სამინისტროს ცნობით, „დაკავშირებულია ქართულ პარტიასთან". სამინისტრომ გაავრცელა ოპერატიული და ვიდეომასალა იმ გეგმების შესახებ, რომელიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.

ამ ინფორმაციით, „ირაკლი ოქრუაშვილი 22 მაისს სოფელ ზემო არცევში იმყოფებოდა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად მალულად უნდა გადმოსულიყო, ადგილზე კი 20 ქართული შეიარაღებული ჯგუფი უნდა დაჰხვედროდა“.

როგორც ბოლო პერიოდში დაკავებული ერთ-ერთი პირის - გიორგი საბაშვილის ჩვენებებიდან ირკვევა, „აღნიშნულ ჯგუფს პოლიციის საგუშაგო უნდა აეღო, ამ მიზნით კი "ქართული პარტიის" მხარამჭერებს სპეციალური დავალება ჰქონდათ მიცემული, საგუშაგოებზე არსებული სიტუაცია დეტალურად შეესწავლათ“.

"საგუშაგოს აღების შემდეგ გორში მდებარე სპეცრაზმისა და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს შენობებზე თავდასხმა იყო დაგეგმილი, ამ გეგმის განხორციელების შემდეგ კი - უკვე თბილისზე შეტევა, რომლის მიზანს ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა წარმოადგენდა" - აცხადებს საბაშვილი აღიარებით ჩვენებაში, რომელიც შსს-მ ვიდეოჩანაწერის სახით ტელევიზიით გაავრცელა.

ამასთან დაკავშირებით, ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირება მოითხოვა. თუმცა, მმართველ გუნდს პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე, დადგებოდა თუ არა დღის წესრიგში ეს საკითხი. საპარლამენტო ოპოზიციაში კი აღნიშნეს, რომ „მმართველ გუნდს ოქრუაშვილის და ზოგადად, ე.წ. რადიკალი, რევოლუციონერი ლიდერების არა დაპატიმრების, არამედ მათი დისკრედიტაციის და მარგინალიზების მიზანი ამოძრავებს“.

ირაკლი კობას ძე ოქრუაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1973, ცხინვალი) – ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე.

ბოლო წლებში მას ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები საქართველოს ხელისუფლებაში. იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. სწორედ ამ დროს, მისი ხელმძღვანელობით დააკავეს შევარდნაძის ხელისუფლების წევრები.

თავდაცვის მინისტრობის დროს, მასსა და პრეზიდენტს შორის ცხინვალში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც ოქრუაშვილის გადაყენება მოჰყვა. 2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის - ”ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს „თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში“ დასდეს ბრალი.