მედია-კავშირ ”ობიექტივში” ბრალდებულ ლ.ა-ს ძმა მოვიდა და მოიტანა 17 ივნისს, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მისი ძმის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა-განმარტების ასლი, რომლის შინაარსი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას მიერ, 22 ივნისს, გლდანის №8 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებას. მსგავსებაში ვგულისხმობთ, სასურველი აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით გამოყენებულ იმ მეთოდებს, რომლებითაც ამ ორ ადამიანს აწამებენ.
შეგახსენებთ, რომ ”ობიექტივის” ვებგვერდზე 24 ივნისს გამოქვეყნდა მასალა სათაურით - პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან (http://www.obieqtivi.net/?newsDetail=3861).
რაც შეეხება 35 წლის ბრალდებულ ლ.ა.-ს სამგვერდიან ახსნა-განმარტებას - როგორც ა/ო. ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ გვითხრა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ლ.ა.-სთან მას შემდეგ შევიდა, რაც ნანა კაკაბაძე სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს დაუკავშირდა და სთხოვა ლ.ა. მოენახულებინა სახალხო დამცველის რწმუნებულს.
ბრალდებულ ლ.ა.-ს ძმა, რომელსაც შევხვდით და ვესაუბრეთ, უფლებადამცველებს მისი ძმის სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. სწორედ მისი თხოვნის საფუძველზე ვაქვეყნებთ 17 ივნისით დათარიღებული ახსნა-განმარტების სრულ ტექსტს, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის რეგიონალურ რწმუნებულს, ბ. ქირიას მისცა. ახსნა-განმარტების ბოლოს ბრალდებული ითხოვს მისი ვინაობა მასმედიის საშუალებებით არ გამჟღავნდეს.
ლ.ა-ს ახსნა- განმარტება:
”მოგახსენებთ, რომ 2011 წლის 14 ივნისს, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დამაკავეს ჩემი სოფლის გზაზე, სადაც მე აღმოვჩნდი ჩემს მობილურ ტელეფონზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, სადაც მთხოვა შეხვედრა ჩემმა ნაცნობმა, ვ. ც-მ. მე მასთან არ მქონდა ახლო ურთიერთობა. ამიტომ დავურეკე მის ბიძაშვილს, კ. ა-ს და ვუთხარი, რომ მისი მამიდაშვილი შეხვედრას მთხოვდა.
იყო საღამოს 21-22 საათის შუალედი. ჩვენ დავხვდით გზაზე. ამ დროს გადმომივარდა სამი შეიარაღებული პიროვნება, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში და არც მანქანა იყო პოლიციის. გზაზე მათ დამიწყეს ცემა და მითხრეს, რომ იყვნენ ”კაი ბიჭები” და ჩემთან პირადი ინტერესი ჰქონდათ.
ენგურის ნაპირზე, სოფელ ჩალის გადასახვევთან, გააჩერეს მანქანა და ენგურის ნაპირზე საქმის გარჩევით დამემუქრნენ. ამ დროს გამოჩნდნენ პოლიციის ავტომანქანები და ვიფიქრე მეშველა-მეთქი, მაგრამ ამ დროს ჩემი თავი წარუდგინეს პიროვნებას, რომელმაც განმიცხადა, რომ იყო წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსი და წამიყვანეს ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში, სადაც მიყვანისთანავე დამიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, გამორთეს შუქები და დამიწყეს ცემა.
კონკრეტულად, მირტყამდნენ გაშლილ ხელს, ორივე ყურზე ერთდროულად, რაც აუტანლად მტკივნეულია; თუმცა, ძალადობის ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ დროისთვის მეტყობა სისხლნაჟღენთი ჩაქცევა მარცხენა თვალბუდის არეში. გარდა ამისა, ჩალურჯებული მაქვს მარცხენა ბეჭის მიდამო და ღვიძლის მიდამო, მარცხენა წვივი. ამ ჩალურჯებებს თვითონაც არიდებდნენ თავს, მაგრამ ვინაიდან ჩემი ცემა გაგრძელდა 4-5 საათის განმავლობაში, შესაბამისად ვერ მოახერხეს ვეცემე ისე, რომ კვალი არ დამტყობოდა.
ამის შემდეგ ცემის პროცესში და ცემის შემდეგ მიყენებდნენ პირობებს - თუ დავეხმარებოდი მათ ძებნილი ზვიად არქანიას დაკავებაში, მაშინ, პირდაპირ განყოფილებიდან გამათავისუფლებდნენ. უარის გაცხადების შემთხვევაში, დამპირდნენ, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მაგიდაზე იდო, იყო ჩემი. გარდა ამისა, იყო საქმეები, რომელიც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან და მკვლელობებთან, იქნებოდა ჩემი.
აგრეთვე, ვიქნებოდი აღიარებული სამშობლოს მოღალატედ, რაზეც შევთავაზე, რომ მოვეკალი გაქცევის მცდელობისას, რაც მათ პასუხისმგებლობას, მე კი - უსაფუძვლო ბრალდებებს ამარიდებდა, რაზედაც მიპასუხეს, რომ მე მათ ციხეში ხალხის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ვჭირდებოდი.
როდესაც დარწმუდნენ, რომ ცემას აზრი არ ჰქონდა, დამიდეს უჩემოდ დაწერილი ჩვენება და მუქარით, რომ ჩემზე განახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას, ხელკეტის გამოყენებით მაიძულეს ხელი მომეწერა ჩვენებაზე. წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ გარდა ავტომატური იარაღისა, ნახსენები იყო ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი, 0,242 გრამის ოდენობით.
როდესაც ვუთხარი, რომ მე სავარაუდოდ, მხოლოდ მარიხუანის ტესტს შეეძლო დადებითი ეჩვენებინა, ხოლო ჰეროინი არასოდეს მომიხმარია, მაშინ მითხრეს, რომ უკვე მიღებული მქონდა. მე კი სავარაუდოდ, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი საქმის გამომძიებლის, ჯვარის პოლიციის დეტექტივის, ილუშა აქუბარდიას მიერვე დაწერილ ჩვენებაში ამოვიკითხე, რომ ეგ მე თურმე ტყეში ნაპოვნ ”სუმკა”, თუ პარკში პოვნის შემდეგ წყალში გახსნის გზით მივიღე, მქონდა გულისრევის შეგრძნება, მძიმე თავბრუსხვევა, მძაფრი ტკივილი მუცლის არეში და სისუსტე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცის გარკვეული თანამშრომლები თანამიგრძნობდნენ. ნაწილი კი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. მე შემიძლია ნაწილი სახელით და გვარით მივუთითო. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ჯვარის პოლიციის უფროსი. დანარჩენებს ვიზუალურად ამოვიცნობ.
გარდა ამისა, მე ვითხოვდი მოეცათ უფლება ტელეფონის საშუალებით დავკავშირებოდი ჩემს ახლობლებს და მეცნობებინა მათთვის ჩემი დაკავების ამბავი, რაზეც ასე მიპასუხეს, რომ მალე ისინი საერთოდ არ მეყოლებოდა. გარდა აღნიშნული მუქარისა, ჩემი 73 წლის მამა და ორივე ძმა, ჩემზე უარეს დღეში აღმოჩდებოდნენ.
ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც მე უნდა დამეფიქსირებინა ჩემი ცემის ფაქტი, არ დავაფიქსირე, ორი მიზეზის გამო: 1) რომ მათ ჩემს მობილურ ტელეფონში არსებული მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე, სადაც ნახსენებია ჩემი ცხენიდან გადმოვარდნის შესახებ, ამას გამოიყენებდნენ, რომელიც არც ვიცი არის თუ არა ჩემი, იმიტომ რომ ხშირად ჩემი ახლობლები ჩემს ტელეფონზე უცნაურ პაუსხებს მწერდნენ. 2) რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ადრინდელ მუქარებს მახსენებდნენ.
ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ლონდა შამუგია და ანჟელა ჯობავა დამემოწმებიან, სამგერელო ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათგან დაფარულად შემოვიდა ზემოაღნიშნული გამომძიებელი, ილუშა აქუბარდია და ხელმეორედ დამემუქრა ჩემს ახლობლებზე, თუ ადვოკატებთან ”ბუინს” დავიწყებდი. თან მიმახვედრა, რომ დაკავებულ ვ. ც-ს ჩემთან ბევრი ჰქონდა საერთო და მალე გაირკვეოდა მინიმუმ 20 წლით მომიწევდა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმ მოწმეებს, თუნდაც 40-ნი ყოფილიყვნენ, არ იყო პრობლემა, ჩემნაირ დღეში ყოფილიყვნენ.
კ. ა-ს, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მე დამაკავეს საღამოს 22 საათზე და არა ღამის სამ საათზე და შესაბამისად, არც იარაღით და არც ნარკოტიკის ზემოქმედებით; ანუ გაბრუებული, სუსტი და ღებინების შეგრძნებით, რომ არ ვიყავი ვიზუალურად.
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას ანალოგირუი ზეწოლით, ჩემი უსამართლობის დამტკიცების უფლებას არ მისცემენ, ხოლო იმ პიროვნებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩემს ე.წ. ცხენიდან გადმოვარდნას, ანალოგიურადვე შეაშინებდნენ, ხოლო სოფელს, რომელთგანაც ბევრი უშუალოდ მხედავდა, რომ არავითარი დაზიანება არ მქონია სახის არეში დაკავებამდე, იმედია ვერ შეაშინებენ.
აქვე აღვნიშნავ რომ ვარ მართლმორწმუნე ქრისტიანი და არ ვაპირებ სიცოცლის თვითმკვლელობით დასრულებას და არც ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არ არიან კრიმინალები. ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, გადავიკითხე, სწორია, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით. აქვე გამოვთქვავ თანხმობას გამოყენებულ იქნას სახალხო დამცველის აპარატის მიერ კონფიდენციალურობის დაცვით. გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან”.