ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და შემდგომში პოლიტიკოსი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის შემდეგ საკმაოდ დიდ ჰონორარს იღებდა კომპანია „სილქნეტისგან“. სანდო წყაროს ცნობით, ქალბატონ ინგას ყოველთვიურად, ხელფასის სახით 10 000 ლარი ერიცხებოდა. უპირველეს ყოვლისა, ამ ინფორმაციის გადამოწმება ქალბატონ ინგასთან ვცადეთ, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობ ტელეფონის ნომერზე მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
ამის შემდეგ „საქართველო და მსოფლიო“ შეეცადა, ეს ინფორმაცია უშუალოდ კომპანია „სილქნეტში“ გადაემოწმებინა და აღნიშნული კომპანიის პიარმენეჯერს, თეონა წერეთელს, დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას ქალბატონმა თეონამ ეს ინფორმაცია ვერც უარყო და ვერც დაადასტურა, რადგან, როგორც თავად განაცხადა, აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა და, შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებდა.
ძნელი აღმოჩნდა კომპანია „სილქნეტის“ ფინანსურ დეპარტამენტთან დაკავშირებაც, რათა ინფორმაციის ობიექტურობა დაგვედასტურებინა და ისევ ქალბატონი ინგას მოძებნას შევეცადეთ.
“Facebook”-ში ინგა გრიგოლიას ქალიშვილს, მარიამ გრიგოლიას, შეტყობინება გავუგზავნეთ - უხდიდა თუ არა კომპანია „სილქნეტი“ 10 000 ლარს ყოველთვიურად ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სად აპირებს მუშაობას? - და ვთხოვეთ, ქალბატონ ინგასთან დავეკავშირებინეთ.
მარიამ გრიგოლიას დახმარებით, ქალბატონმა ინგამ სატელეფონო საუბრისას ნაწილობრივ დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანხა და თარიღი ზუსტი არ არისო. ინგა გრიგოლიას განცხადებას “საქართველო და მსოფლიო” უცვლელად გთავაზობთ:
ინგა გრიგოლია:
„ინფორმაცია, თითქოს „იმედიდან“ წამოსვლის მერე „სილქნეტთან“ ვთანამშრომლობდი, არასწორია. „იმედის“ შემდეგ მე ჯერ ვიყავი თBჩ სტუდიის გადაცემა „პრაიმთაიმ“-ის წამყვანი ხელფასს იქიდან ვიღებდი, ხოლო შემდეგ - პირველი არხის ოფიციალური თანამშრომელი და გადაცემა „პოლიტიკური კვირის“ წამყვანი.
რაც შეეხება „სილქნეტს“, ამ კომპანიასთან მქონდა კონტრაქტი ლონდონიდან ჩამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ერთი წელი, და ეს კონტრაქტი დიდი ხნის დასრულებულია... მე ვიყავი კომპანიის მრჩეველი იმ პერიოდში, როცა კომპანია ახალი დაფუძნებული იყო და იქიდან მიღებული შემოსავალი დეკლარირებული მაქვს ოფიციალურად 2010 წლის დეკლარაციაში. დეკლარაცია ღიაა და დაფარული ამ მიმართულებით არაფერია. საკრებულოს წევრს აქვს უფლება, იმუშაოს სხვა სამსახურშიც, ოღონდ არა ხელმძღვანელ პირად და მმართველად.. ასე რომ, პოლიტიკიდან წამოსვლა-არწამოსვლასთან ეს ჩემი ძველი კონტრაქტი არაფერ შუაშია... მითუმეტეს, რომ ერთი წლის დასრულებული იყო კონტრაქტი, როცა მე კანდიდატურა მოვხსენი არჩევნებიდან... პოლიტიკიდან ჩემი წამოსვლა გადაწყდა 2012 წლის 25 სექტემბერს, კონკრეტული მიზეზით, მას მერე, რაც ცსკ-ში მედიარეგულირების გადაწყვეტილებას მოეწერა ხელი.
თქვენს მეორე კითხვას რაც შეეხება, სად ვაპირებ მუშაობის დაწყებას... ამ წუთისათვის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. მაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო წინადადება და ჯერ ვფიქრობ. მე მგონია, რომ, ვინაიდან გუშინ საარჩევნო კამპანიაში ვიყავი, უცებ, მეორე დღესვე ეკრანზე გამოჩენა არ შემეძლო და ამიტომ პატარა პაუზა მაქვს აღებული. თუმცა ვაპირებ ძალიან აქტიურად დავუბრუნდე მედიამიმართულებას. არ ვიცი - რა პოზიციაზე: ჟურნალისტად თუ პროდიუსერად. ამას მომავალი გვიჩვენებს.
შემოთავაზებები მაქვს ძალიან საინტერესო და მათ შორის ერთ-ერთი შეეხება „მზეს“, რომლის დასაბრუნებლადაც მისი ყოფილი მფლობელი - ვანო ჩხარტიშვილი ლონდონის სასამართლოში იბრძვის და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მოიგებს. უახლოეს მომავალში პირადად მექნება საუბარი ბატონ ჩხარტიშვილთან და მერე დეტალებზე შემეძლება საუბარი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი. ამასთანავე, ვგეგმავ, პრესასთანაც ვითანამშრომლო და დებიუტი მქონდეს პრესაში. დიდი მადლობა“.