ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, ალბათ, გაგახსენდებათ უამრავი ისტორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ქართველებზე გაგიგიათ, ადამიანებზე, რომლებიც წარმატებულად იდგნენ უცხო ქვეყნის სამსახურში. ბატონი ლევან გურიელიძე უკვე წლებია, მათ ბიოგრაფიულ დეტალებს იკვლევს, რასაც თავი მოუყარა არაჩვეულებრივ გამოცემაში, „ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში”. ბატონ ლევანს რუსთაველის გამზირზე 34-ში მდებარე წიგნის მაღაზია „პროსპეროს წიგნებში” შევხვდით.
ლევან გურიელიძე: ჩემთვის ეს თემატიკა ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანია. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდი. თემაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო საბჭოთა პერიოდში. ამ წიგნში ადამიანები მოხვდნენ განსხვავებული ნიშნით – ისინი უცხოეთში ცხოვრობდნენ და თან, იმ ქვეყნის საქმეს აკეთებდნენ. აქ არ არის შესული მაგალითად, გრიგოლ რობაქიძე, რომელიც უცხოეთში მხოლოდ ქართულ საქმეს აკეთებდა. აქ არიან გენეტიკური ქართველები, რომლებიც უპირატესად, ან მთლიანად, სხვის ქვეყანაზე ზრუნავდნენ. იყვნენ ადამიანები, ვიზეც საბჭოთა კავშირის დროს ინფორმაციის მოპოვება ძალიან ჭირდა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზეც კი, აღარაფერს ვამბობ ევროპასა და ამერიკაზე. არიან ისეთებიც, რომელთაც ქართველობა სრულიად დავიწყებული ჰქონდათ. მაგალითად, ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის გასტროლის შემდეგ, თბილისშიც ჩამოვიდა. არ დამავიწყდება მისი ინტერვიუ, სადაც ჟურნალისტი ეკითხება სადაური ხარო. ჯერ თქვა – ამერიკელი, მერე კიდევ რაღაც, კიდევ რაღაც და ბოლოს ჟურნალისტმა წარმოშობით საიდან ხართო, მაინც რომ ჩაეკითხა, მან უპასუხა: იმერელი ვარო. გენეტიკურ ქართველობას კი არ უარყოფდა, უბრალოდ, მთელი არსებით ამერიკელი იყო. ამ წიგნში ყველა ტიპის ადამიანია. მთავარია, რომ ეს არის ქართული გენი, რომელიც შეიძლება, ცუდიც იყო, კარგიც, ზეაღმატებულიც, ჰეროიკულიც და სხვა. არ არის შესული ცალკეული ქართველების კონკრეტული გმირობის ფაქტები, მაგალითად, იოსებ ჟორდანია, რომელმაც პატარა ბავშვს თავისი საცურაო რგოლი მისცა და თვითონ დაიხრჩო. გრიგოლ ფერაძე, რომელიც ებრაელი კაცის მაგივრად გაზის კამერაში შევიდა. მაგრამ, შევიტანეთ ფორე მოსულიშვილი, რომელიც რაზმის მეთაური არ იყო, მაგრამ ის გავიდა პირველ ხაზზე და იტალიას, იტალიურ მოძრაობას დიდი სიკეთე მოუტანა.
წიგნში შესულია ისეთი ადამიანებიც, რომელთა ისტორია კარგად ვიცით, მაგრამ ბევრია ისეთი, ვისი ისტორია კი არა, სახელი და გვარიც კი არ ვიცოდით.
– აქ ხაზგასასმელია ერთი ფაქტი, რომ წიგნში შესული ადამიანების უმრავლესობა რუსეთში მოღვაწეობდა. არა იმიტომ, რომ იქ უფრო ბევრი იყვნენ ან უფრო კარგები, უბრალოდ, მათ შესახებ ინფორმაცია მეტია. თურქეთში ბევრი ვეცადე, მაგრამ გურჯებიდან და ლაზებიდან რაც ამოვიღე, სულ ათი-თორმეტი კაცი გამოვიდა. ერაყისა და ეგვიპტის მმართველები ქართველები იყვნენ. ნაპოლეონმა ერთხელ თქვა – რა გააჭირეს საქმე ამ ქართველებმაო. ერაყიდან და ეგვიპტიდან ქართველები, რუსეთიდან პეტრე ბაგრატიონი – ქართველი და ეტყობა, სულ გადაირია კაცი. წიგნში არ შემიყვანია ისინი, ვისზეც მხოლოდ ეჭვი და ვარაუდია იმის შესახებ, რომ წარმოშობით ქართველი იყო. მაგალითად, შალიაპინი, რომლის მამაც, ერთ-ერთი ვერსიის თანამხმად, ბახუტაშვილი იყო. ეჭვებია მაიაკოვსკიზე და სხვა.
მაგრამ დაზუსტებით ვიცით, რომ არჩილ გურიელი-ჭყონია ქართველი იყო.
– დიახ. ის ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ წარმატებული, მეუღლის წყალობით გახდა. ცოლს უზარმაზარი პარფიუმერიული იმპერია ჰქონდა – „ჰელენა რუბინშტეინი”, რომელიც ამჟამად „ლორეალის” ჯგუფში შედის. ჰელენა რუბინშტეინმა უზარმაზარი პარფიუმერიული კომპანია ბებიის მიერ ბავშვობაში ნასწავლი სახის საცხის საშუალებით დაიწყო და უზარმაზარ საქმედ აქცია. ის იყო პირველი, ვინც კანი ტიპებად დაყო – მშრალი, ნორმალური და ცხიმიანი. ის არჩილ გურიელზე გაცილებით დიდი იყო, რის გამოც ამბობდნენ, რომ ჰელენა ცოლად ფულის გამო მოიყვანაო. მთელი პარიზული ელიტა ხუმრობდა მათი საქორწინო კონტრაქტის ერთ პუნქტზე – განქორწინების ან გარდაცვალების შემთხვევაში, არჩილის მთელი ქონება მეუღლის საკუთრებაში გადადიოდა. ჰელენა იყო ერთი ებრაელი ღარიბ-ღატაკი გოგო, რომელიც უმსხვილეს ბიზნესმენად იქცა.
ქართველი ჟიგოლოების ისტორიები ცნობილია...
– დასავლეთ ევროპა და ამერიკა ქართველებს ამ მხრივ დაპყრობილი ჰქონდათ. ცნობილია, ძმები მდივნების, თენგიზ დადეშქელიანის, დიმიტრი ჯორჯაძის ისტორიები. ისინი ძალიან გამოჩენილი ქალთა გულთამპყრობელები იყვნენ – სულ მილიონერთა ნაქმარევები. იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ არჩილ გურიელთანაც. სხვათა შორის, მასზე ამბობდნენ, რომ ის აზნაური ჭყონია იყო. მერე ბებიის გვარი – გურიელი დაიმატა და თავადის წოდებაც მიიღო. მისი ისტორია ძირითადად, ამერიკას უკავშირდება, თორემ ისე, სად აღარ უცხოვრია. ის ამერიკაში მცხოვრები ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი გახლდათ, რაც ნიშნავს, რომ მასში პატრიოტული მუხტი ღვიოდა.
ის ცნობილი იყო, როგორც ჰელენა რუბინშტეინის ქმარი.
– დიახ. ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, რომელიც ძალიან ჭკვიანურად მართავდა კომპანიებს. მათ სათავეში კი თავისი დები და უახლოესი ადამიანები ჰყავდა. როგორც უცხოური წყაროებიდანაა ცნობილი, პრინც არჩილ გურიელ-ჭყონიაზე, ოცდასამი წლით იყო უფროსი. მისთვის ქმარი სასიყვარულო ურთიერთობის შედეგი არ იყო, გართობისთვისაც არ ეცალა. ის მთელი თავისი არსით, საქმეში იყო ჩართული და ქმრებსაც საქმიდან გამომდინარე იცვლიდა. ის ამბობდა, ახალგაზრდა კაცებთან ურთიერთობა სჭირდებოდა იმისთვის, რომ პარფიუმერიული სიახლეებისთვის ინსპირაცია ჰქონოდა. მისთვის სარეცელი მიბმული იყო ბიზნესთან.
არჩილმა ჰელენას დახმარებით მამაკაცის პარფიუმერიის ხაზიც შექმნა...
– დიახ და საკმაოდ წარმატებული. გახსნა სპეციალური მაღაზიები, სადაც მამაკაცებს ყველაფრის შეძენა შეეძლოთ – წინდებიდან დაწყებული პარფიუმერიით დამთავრებული. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. ქართველები სულ ჭამდნენ ერთმანეთს – ეს დღეს არ დაწყებულა, ყოველთვის ასე იყო. ამის მაგალითად საფრანგეთის ემიგრაციაც გვეყოფა და ამ ვითარებაში საინტერესოა გურიელის ფაქტი, რომელიც მეგობრობდა გიორგი მაჩაბელთან ცნობილ, „სუნამოს პრინცთან”, რომელმაც ააწყო ხაზი „პრინცი მაჩაბელი”. ძალიან დიდი მეგობრობა იყო მათ შორის.
ჰელენა იმდროინდელი ხელოვნების დიდი მფარველი იყო.
– დიახ. ის ძალიან ახლოს იყო იმდროინდელი ხელოვნების კორიფეებთან, მათ შორის ახლო მეგობრობა ჰქონდა სალვადორ დალისთან. სალვადორ დალის აქვს ძალიან ცნობილი ნახატი – „გეოპოლიტიკოსი ბავშვი უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას”, მასზე გამოსახულია ქალი, რომელიც ბავშვს კვერცხზე მიანიშნებს. მასზე კი რუკაა დახატული, საიდანაც ადამიანი იბადება. ეს კვერცხი ორ ზღვას შუაა მოქცეული. გაჩნდა ვარაუდი, რომ ახალი ადამიანი მეორედ მოსვლის შემდეგ საქართველოში იბადება. სალვადორ დალის რომ კარგად ეცოდინებოდა საქართველო, ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს, თავად არჩილ გურიელიც კი ჰყავს დახატული ჩაქურამი. არა სამხედრო ტანსაცმელში ან სმოკინგში, არამედ გურულ ჩოხაში. სალვადორ დალიმ ჰელენა რუბინშტეინის სახე უკვდავყო ნახატით „ჰელენა რუბინშტეინი – კლდეზე მიჯაჭვული ქალი-პრომეთე”. ის ფაქტიც საგულისხმოა, რომ დალი კარგად იცნობდა მითოლოგიასაც, ჰელენა კი მაინცდამაინც პრომეთეს სახით გამოსახა, რომელიც ქართულ მითოლოგიაში ამირანად არის ცნობილი. თან, ვიცით, რომ ამირანის სახე ქართულ მითოლოგიაში გაცილებით ადრე გაჩნდა. გარდა ამისა, დალისა და ქართველებს შორის ერთი საინტერესო რამ მოხდა. ესპანეთში ცხოვრებისას თურმე დალის სახლის გაქურდვის მცდელობა იყო. მის სახლში გადაძვრნენ ისე, რომ სახლი ცარიელი ეგონათ. მაგრამ, ქურდები მხატვარმა გამოიჭირა. აღმოჩნდა, რომ ისინი ქართველები იყვნენ…
მაშინაც, კაცო?
– რა ლოგიკური რეაქციაა. მაშინაც, კი. მაგრამ დალიმ მათი წარმომავლობა რომ გაიგო, სუფრა გაშალა და დალია კიდეც. თქვენი თანამემამულისგან ისეთი ბედნიერი დღეები მახსოვს, აუცილებლად უნდა დავლიოთ და ისე წადითო. მოკლედ, ყველა ეს ზემოაღნიშნული ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ კვერცხიდან გამოჩეკილი კაცის ნახატში, საქართველო ხომ არ იგულისხმებაო. თანაც, ზუსტად ორ ზღვას შუა დგას. ეს საინტერესო ვარაუდია. აქვე, ირთვება ქალი-პრომეთე, რომელიც ამირანია. უამრავი ხიდის გაბმა შეიძლება, რომელსაც ერთ საინტერესო ფაქტამდე მივყავართ – მან კარგად იცოდა საქართველო. იცოდა მითოლოგია, მათ შორის ქართული. ამას პლუს ქურდები, რომელიც ნათლად აჩვენებს მის სიყვარულს ქართველების მიმართ და ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან ნახატზე ერთი რამ გამოსახა – იოანე ზოსიმეს მიხედვით, ბოლო ჟამს სამყარო ქართულ ენაზე აგებს პასუხს უფლის წინაშე. ეს ვარაუდი სიმართლეს მოკლებული ნამდვილად არ არის და ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება საინტერესო იქნება.