გაყიდულები და დამცირებულები

გაყიდულები და დამცირებულები

[მანანა ნოზაძე]

„რვიანი“ არ დაშლილა, მხოლოდ მისმა ორმა სუბიექტმა დატოვა იგი. სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ვაგრძელელებთ ბრძოლას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და იმავდროულად, „რვიანში“ შემავალი ექვსი სუბიექტის პოლიტიკური განცხადება გაახმოვანა.

ალასანიას თქმით, ხანგრძლივი დუმილისა და ოპოზიციასთან შეჩერებული მოლაპარაკებების შემდგომ ხელისუფლების წარმომადგენელმა პარასკევ საღამოს პოლიტიკური „რვიანის“ ერთ-ერთ წევრს საკუთარი წინადადებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წარუდგინა, რაც თურმე შეცვლას არ ექვემდებარება და პასუხი მათზე დღეს უნდა გაიცეს.

„რვიანში“ შემავალი ექვსი პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ ხელიასუფლებამ ასეთი ნაბიჯით კვლავ ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის ენა აირჩია და, ფაქტობრივად, უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე.

„ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი “ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენსას მაინც გავიტანთ,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია და მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა - არასრულყოფილ წინადადებაზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზებას. ალასანიას თქმით, ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიაციას შორის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება.

როგორც ერთად დარჩენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი სამოქალაქო მოძრაობის სტატუსით განაგრძობენ საარჩევნო გარემოს მოპოვებას. ამასთან, „ახლებისა“ და ქდმ-ს კაპიტულაციის შემდეგ, ცხადია, ძალაში ვეღარ დარჩება ტერმინი „რვიანი“ და მათ ახალი სახელის გადარქმევაც მოუწევთ. ამასთან, ყოფილი „რვიანელები“ ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას არ გამართავენ.

 „კონსერვატიული პარტიის“ ლედერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ „რვიანიდან“ ორი სუბიექტის წასვლის შემდეგ სხვა პარტიების შეერთების თემა მათ წინაშე ჯერ არ დამდგარა.

„ვფიქრობ,  საზოგადოებისთვის ნათელია, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. დაძაბულ, ნერვიულ ბრძოლაში გამოგვაკლდა ორი პარტნიორი, რომელმაც აღიარა, რომ მათთვის მისაღებია ხელისუფლების შეთავაზების შემთხვევაში, მილიონი ლარის მიღების პირობა. არ ვიცი, გაიყიდნენ, შეცდნენ, ცდუნდნენ, თუ რა ტერმინი არსებობს. ტერმინი თავად შეარჩიეთ. მე ერთი რამ ვიცი, რომ ხელუსუფლების შეთავაზებულ წინადადებებში არ გახლავთ პრინციპული ცვლილებები და არის მხოლოდ საარჩევნო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვის შეთავაზება“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა პრესაგე.ტვ-სთან კომენტირებისას.

ძიძიგურის თქმით, ეს იყო ძალიან ჩუმი ნერვების ორთაბრძოლა ნოხის ქვეშ. „ასეთი გამოთქმაა ევროპაში, როცა ფარული, კულუარული ბრძოლები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, გვაქვს დანაკარგები. დაელაპარაკო პარტიებს, როგორც ვაჭარი, ხელისუფლების მხრიდან შეცდომაა“.

„კონსერვატორების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა ერთიანობის შენარჩუნების შემთხვევაში. ამასთან, იმ ფორმით, რაც იყო, „რვიანი“ აღარ დარჩება. მაგრამ ძიძიგურისთვის უნივერსალურია ფორმულაა - სამართლიანი არჩევნებისთვის სამოქალაქო მოძრაობა. მისივე თქმით, ამ ფორმით ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ საზოგადოებას უბრძოლია და ბევრჯერ გაუმარჯვია კიდეც.

 „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა საზოგადოების განსასჯელად მიიჩნევს, „ახლებისა“ და ქდმ-ის პოზიციას.

„ჩვენმა კოლეგებმა საკუთარი გზა აირჩიეს. ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა მივანდოთ, თუ რომელი გზაა სწორი. იმ ფონზე, როცა სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა ჩართული, მაინც მივაღწიეთ, რომ ხელისუფლებას გაუჭირდა ამ პროცესისგან გაქცევა, არგუმენტირებელი პასუხების გაცემა ჩვენს წინადადებაზე. ამიერიდან სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებით, სწორი პოლიტიკური პროცესის დაკავშირებითა და  საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნებით, შესაძლოა, ყველაფერს მივაღწიოთ და სამართლიანი არჩევნების ფონზე ხელისუფლება შევცვალოთ. ამავდროულად, კვლავ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, მისი შედეგების ლეგიტიმაცია დავბლოკოთ საერთაშორისო არენაზე“,- აღნიშნა შარტავამ პრესაგე.ტვ-სთნ საუბარში.

მისი თქმით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი შეთავაზება გვერდის ავლის მცდელობა იყო მათ წინადადებებზე. ამდენად, მათი პრინციპული მოთხოვნები, რითაც დაიწყეს მოლაპარაკებები, კვლავაც ძალაში რჩება.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „რვიანიდან“ ორი სუბიექტის გასვლა მათ ხელს არ შეუშლის. პირიქით,  ხვალ ბათუმში შვიდ ამერიკელ კონგრესმენს შეხვდებიან უსუფაშვილი, ალასანია და შარტავა.

დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ძალიან კარგად იციან უცხოელებმა, სად არის ქართული ოპოზიციის ცენტრი.

„რეალურად, დღეს ამ ექვსი პარტიის მიღმა საქართველოში ოპოზიციური სერიოზული და სოლიდური სუბიექტები აღარც არის დარჩენილი. სხვა პარტიების დამატებაზე კი არ გვიმსჯელია, რადგან რომელიმე სხვა ახალ კვალიფიციურ პარტიას ვერ გავიხსენებ, რომელსაც ჩვენთან ერთად მუშაობა შეეძლება“, - აცხადებს ბერძენიშვილი.   

ამასთან, „რესპუბლიკელთა“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იგი იარლიყების მიწებებას არავიზე არ აპირებს. თუმცა პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების წინადადებაზე დათანხმება მძიმე შეცდომად მიაჩნია.

„არა მგონია, თავად რამე მოიგონ. მთავარია, რომ ამ სისტემით, რასაც ხელისუფლება ულტიმატუმის სახით გვთავაზობდა, ხელისუფლებას გარანტირებული აქვს მცირე ხმებით საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვთქვათ, ხელისუფლება მიიღებს 40-50%-ს და ამ სისტემით გარანტირებული ექნება 70-75%.  ამას ვეწინააღმდეგებით. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი სახელისუფლო სისტემაში აღმოჩნდნენ ჩვენი კოლეგები. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეთ დაიტოვებს თავს და ამიტომ თვლიან, რომ იმ დარჩენილ ერთ მესამედში მათი პარტიები ფრაქციებით იყოს წარმოდგენილი“, -აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

 „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილის აზრით, ხელისუფლების წინადადება თავისთავად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია.

„მათი მოწოდება, დაგვეთანხმეთ, რასაც გვთავაზობთ და, თუ ხელს მოგვიწერთ, მილიონს მიიღებთ, შურაცხყოფაა. ასეთი მეთოდი მიუღებელია“, - აღნიშნავს დავითაშვილი.