პოლიტიკაშიც შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში დადებით ემოციებს იწვევენ. მართალია, ასეთები თითზე ჩამოსათვლელნი არიან, მაგრამ, მაინც არიან. სწორედ ასეთია ლევან ბერძენიშვილი. ეს უწყინარი, ბავშვური გამომეტყველების მქონე ადამიანი გარშემო მყოფებს ძალიან უყვართ, თუნდაც მის სტუდენტებს, რომლებთანაც ის ყოველთვის მეგობრობს, საუბრობს ყველანაირ თემაზე და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგჯერ მათ მსახიობის ოსტატობის გაკვეთლებსაც უტარებს – ლიტერატურულ ეტიუდებს. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და დღეს სხვა, ძალიან განათლებულ, ინტელექტუალურ, მრავალი ენის მცოდნე, უშუალო ლევან ბერძენიშვილს წარმოგიდგენთ თავისი ცხოვრების უცნაური პერიოდებით.
ჩოხატაურელი ბერძენიშვილები და ილო ბებო
წარმოშობით ჩოხატაურიდან ვართ. ჩვენს გვარში ძირითადად სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ. ყველაზე განთქმული ბეჟან ბერძენიშვილი იყო, რომელსაც შთამომავლობა ახასიათებს როგორც ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან ფიგურას. იმდენად ომახიანი ხმა ჰქონია, ჩოხატაურში რომ დაიძახებდა, ნაგომარში გააგონებდა. ბაბუა არ მახსოვს. პირველი ქორწინებიდანაც ჰყავდა შვილები და მეორე ქორწინებიდან – მამაჩემი. მამას, ფაქტობრივად, მამიდა დორა ზრდიდა, რომელსაც ჩვენს გაზრდაშიც აქვს წვლილი შეტანილი. მამა ნიჭიერი და შრომისმოყვარე კაცი გახლდათ. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, ომში რომ წაიყვანეს. იქიდან რომ დაბრუნდა, როგორც კარგ იურისტსა და შრომისმოყვარეს, აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა შესთავაზეს, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. შემდეგ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, ბოლოს – ადვოკატი. რაც შეეხება ბებიას, სამწუხაროდ, არც ის მახსოვს. დედა, ვენერა რუხაძე, ხონელი იყო, მაგრამ, ფოთში გაიზარდა. პროფესიით ფილოლოგი გახლდათ. მშობლები ერთმანეთს მამაჩემის დამ, თამარმა გააცნო. რაც შეეხება დედაჩემის მამას, პოლიკარპე რუხაძეს, მოხელე იყო, მაგრამ, ძალიან საინტერესო ადამიანი ყოფილა. როგორც ყველა ქართველ კაცს, მასაც უყვარდა ნადირობა, ქეიფი, ამასთან ერთად, ქალები და ამით ბებიას ძალიან ამწარებდა. ქალბატონი ივლიტა, რომელსაც ილო ბებოს ვეძახდით, გამორჩეული თვისებების ადამიანი იყო. მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, თუმცა, საქართველოში არ მეგულება ბევრი პროფესორი და აკადემიკოსი, რომელიც ბებიაჩემს რამეში შეეჯიბრებოდა. მსგავსი ინტელექტის ქალი არ მინახავს. ჯერ ერთი, ჰქონდა თხრობის წარმოუდგენლად კარგი უნარი, ლექსიკური მარაგი, მეხსიერება. მაგალითად, ძალიან კარგად ახსოვდა, რომელი მიტინგი სად და როდის დაიწყო. მოკლედ, ჩემზე ორმა ქალმა მოახდინა განსაკუთრებული გავლენა – მამიდა დორამ და ბებიაჩემმა ივლიტამ.
დაწესებულება „ჟხ-385/35“
1984 წელს, როცა მე და ჩემს ძმას, დათოს, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გვასამართლებდნენ, დედა ისეთი პატრიოტული სიტყვით გამოვიდა, მოსამართლემ უთხრა: ქალბატონო, ესენი კი არა, თქვენ ხართ დასაჭერიო. დედა უფრო თამამი ქალი იყო, ვიდრე მამა. სხვათა შორის, ძალიან შეხმატკბილებული ოჯახი გვქონდა. არ გვახსოვს, ოდესმე მშობლებს რაიმე კონფლიქტი მოსვლოდათ. მამა ძალიან მოკრძალებული კაცი იყო და ამიტომ ვიწროდ, ყველა ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მერე ოროთახიანი ბინა მივიღეთ, მაგრამ, იქაც ვიწროდ ვიყავით. ზოგი რომ ტრაბახობს, მამაჩემმა სიმდიდრე დამიტოვაო, მამაჩემმაც დაგვიტოვა სიმდიდრე – წიგნები იკითხეთო. სხვანაირი სიმდიდრე არც გვინდოდა და არც მიგვიღია. მართალია, სკოლაში მედალოსანი ვიყავი, მაგრამ, ჩემი ყოფაქცევა კითხვის ნიშნებსაც იწვევდა. მაგალითად, შემეძლო, „კედლის ბატარეა“ გამეტეხა, რომ ცხელი წყალი გადმოსულიყო და, მასწავლებელს, რომელიც არავის მოგვწონდა, ფეხებზე დასხმოდა. ბავშვობაში რაღაც მიდრეკილებები მქონდა და, როგორც ყველა მშობელი, დედაჩემიც იბრძოდა, სწორ გზაზე დავმდგარიყავით. ერთ-ერთი ასეთი მიდრეკილება იყო როკ-ანსამბლის შექმნა. სკოლიდან წამოღებული მქონდა ხმის გამაძლიერებელი და ელექტროგიტარაზე ვუკრავდი. თმა მოვუშვი, მეცვა, ეგრეთ წოდებული, „ბიტლოვკა“ – წინ ნაქსოვით და უკან ტყავით. პატარა მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ, არც ისეთი, ჩემს მეუღლეს რომ აქვს. ძალიან საყვარელი, მსუქანი ბავშვი ვიყავი. მეოთხე კლასში, ხელი რომ მოვიტეხე, მიხაროდა, მუსიკაზე სიარული შევწყვიტე. მერე, მომენტი რომ გამოხტა, პირიქით, ვნანობდი, რატომ არ ვისწავლე-მეთქი. ჩამოვაყალიბე ჯერ ერთი, მერე კი მეორე ანსამბლი. ბათუმში ბევრი კონცერტი გვაქვს ჩატარებული, გიჟდებოდნენ ჩვენს კონცერტებზე. ბილეთები კარგად იყიდებოდა. დედაჩემს მოუწია ჩარევა, რადგან, ეს გატაცება სწავლაზე უარყოფითად ისახებოდა. ამის შემდეგ ხან ფოტოსაქმიანობით ვიყავი გატაცებული, ხან – კინოთი. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადავიღეთ სიყვარულზე, რვამილიმეტრიან ფირზე, მაგრამ, ფირი არ გადარჩა. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, იქ ერთი ლამაზი გოგო გვყავდა, რომელზეც მთელ ინსტიტუტს მზე და მთვარე ამოსდიოდა და, გადავწყვიტე, მთავარ როლზე მომეწვია. რეჟისორიც მე ვიყავი, ოპერატორიც, გამნათებელიც და მემონტაჟეც. რაღაც ჩანაფიქრები განვახორციელე, მაგრამ, როგორი რეჟისურა იყო, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ჩემს მეგობარს, კინომცოდნე გოგი გვახარიას რომ არ მოეწონებოდა, ვიცი. ასევე, მქონდა კომპიუტერული გატაცება და, საერთოდ, ტექნიკასთან დაკავშირებული რაღაცეები. რადიოხულიგანიც ვიყავი – ეთერში გავსულვარ საბჭოთა კავშირის დროს, რაც არ შეიძლებოდა და ამის გამო ერთი-ორჯერ დაჭერილიც ვარ ბათუმის ბულვარში. „გეპეიში“ რომ ვსწავლობდი, კედლის გაზეთი გამოვუშვი, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია, განხილვები მიდიოდა. რვა ავტორი აწერდა ხელს და ყველა მე ვიყავი სხვადასხვა ფსევდონიმით. ჟურნალისტური გამოძიებაც კი ჩავატარე, მამხილებელი სტატია გავაკეთე მექრთამე ლექტორის შესახებ, თუ ვისგან როდის და რამდენი აიღო. მაგ დროს ბევრი ადამიანი გავიცანი უნივერსიტეტიდან მოსული და მომეწონა ის ვითარება, რაც უნივერსიტეტში იყო. ამიტომ, გამოვედი „გეპეიდან“ და უნივერსიტეტში შევედი. „გეპეიში” ხუთი გოგო და ოცდახუთი ბიჭი ვიყავით, უნივერსიტეტში ას ხუთი გოგო და ხუთი – ბიჭი. ამ ხუთ ბიჭს გოგონები ხელისგულზე გვატარებდნენ. 1978 წელს, როდესაც გამსახურდიასა და კოსტავას სასამართლო პროცესი გაიმართა, მე, ვახტანგ ძაბირიძემ, ვახტანგ შონიამ და ჩემმა ძმამ – დათომ, იატაკქვეშეთში „რესპუბლიკური პარტია” შევქმენით და აქედან დაიწყო ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა. 1983 წელს ჯერ დათო, შემდეგ კი მე და ორივე ვახტანგი დაგვაპატიმრეს. სასჯელი მორდოვეთში მოვიხადეთ, დედაქალაქ სარანკში, რომელიც საშინლად ჭაობიანი მხარეა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე სამი წელი იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაცის გადაანგარიშება მომიხდა. საფრთხე გველოდა იმ დაწესებულებაში, რომელსაც „ჟხ-385/35“ ერქვა. ანდროპოვი რომ არ მომკვდარიყო, შემთხვევით რომ არ მოსულიყო გორბაჩოვი და „პერესტროიკა“ არ დაწყებულიყო, ჩვენ იქიდან გამომსვლელები არ ვიყავით. ვიცოდით, რაც გველოდა – ხანგრძლივი პატიმრობა. მეორედ საფრთხე შეიქმნა 2007 წელს, როდესაც გვეძებდნენ – სპეციალური ჯგუფები იყო გამოყოფილი. როგორც მერე გავიგე, ჩვენზე ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული. როცა რუსეთის აგენტად გაცხადებენ და გეძებენ, უნდა გცემონ ან მოგკლან, შესაბამისად, უნდა ინერვიულო, მაგრამ, მე ჩემი სანერვიულო უკვე გავლილი მქონდა. ციხე ყველაზე დიდი მასწავლებელია, რომელიც, ყველაფერთან ერთად, იმასაც გასწავლის, რომ, თუ მოკვდი – მოკვდი. სიკვდილზე დიდი საშინელებაც არსებობს. „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“... „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“ – ეს სრულიად გასაგები და მისაღები კონცეფციებია. ის, რომ ვიღაცამ აგენტი დამიძახა, არ მომკლავს, მე მომკლავს, მართლა აგენტი რომ ვიყო. რომ დამიჭირეს, იმის მეშინოდა, ჩემებს არაფერი მოუვიდეთ-მეთქი. იყო ასეთი მუქარები: შენი უფროსი ძმა, მამუკა, მშენებლობაზე მუშაობს და, ფრთხილად იყავი, რამე არ მოხდეს, არ გადმოვარდესო... ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველა განსაცდელისგან უმწიკვლო ვერ გამოხვალ. ციხეში ბევრს ახასიათებს მონანიება. თუ გაგიჩნდა გრძნობა, რომ ცხოვრებაში ჩაგიდენია ისეთი რამეები, რისთვისაც ეს ტანჯვა-წამება გეკუთვნის, ესე იგი, სულიერად გადარჩენილი ხარ. ყოველთვის ბრწყინვალე მასწავლებლები მყავდა, მაგრამ, არანაკლები მასწავლებლები მყავდა ციხეში, სადაც ვისწავლე გამძლეობა, რაც მანამდე არასდროს მქონია. პირველი, რაც უნდა გაიგო, ისაა, რომ, არ შეიძლება თავის გადარჩენა ნებისმიერ ფასად – ეს ნიშნავს, რომ სხვები უნდა გაწირო.
...და ეს მეგობრობა დამთავრდა
მეგობრების შერჩევაში ვერ ვარ მაგარი. იმაზე მეტმა მეგობარმა მიღალატა, ვიდრე ეს ნორმალურია, თუ, საერთოდ, ღალატი ნორმალური მოვლენაა. პირადად მე არავისთვის მიღალატია. მათ შორის, პოლიტიკური ღალატიც ყოფილა. სადღაც, ალბათ, ჩემი დანაშაულიც იყო, არ ვიცი. მაგალითად, ოცდარვა წელი ვმეგობრობდი კაცთან და, ისეთი რამ ჩაიდინა, რომ ეს მეგობრობა დაამთავრა.
დიდი ექსკურსია, ვნებები და ვირთხები
ცოლი რომ შევირთე, ხელფასი 47 მანეთი მქონდა. ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი, მაგრამ, ახალგაზრდები ვიყავით. ბევრ ადგილას გვიცხოვრია ნაქირავებში, მთელი თბილისის უბნები მოვლილი გვაქვს. მახსოვს, ერთ სახლში იმხელა ვირთხები დარბოდნენ, ჩემი ცოლი ლოგინზე ფეხებშემოწყობილი იჯდა და ღამეებს ათევდა. სამნი ვიყავით: მე, ინგა და ჩვენი შვილი – თამუნა. ბევრი არაფერი გვჭირდებოდა. ამ მხრივ მდგომარეობა შემდგომში გართულდა, როცა ჯანმრთელობის გამო თანხები დაგვჭირდა. თირკმელები მაწუხებს და დღესაც ინტენსიურ მკურნალობას გავდივარ, მაგრამ, ღვთის წყალობით, მყავს ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან. სამწუხაროდ, ჩემი დასაქმება საქართველოში არავის უნდა ან არ შეუძლია. როდესაც ამერიკაში შემომთავაზეს ლექციების წაკითხვა, შემრცხვა, რომ ამას ჩემს ქვეყანაში ვერ ვახერხებ.
დედაჩემი ინგას კლასის დამრიგებელი იყო. განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი. ერთხელ დედამ დიდი ექსკურსია მოაწყო ნოვოივანოვკაში. მე სხვა სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ, ექსკურსიები მიყვარდა და დედას გავყევი არა როგორც მოსწავლე, არამედ, როგორც შვილი. ოღონდ ბათუმს გავცილებოდი და არ დავეძებდი, სად წავიდოდი. ბათუმში არის ერთი ასეთი ადგილი, რომელსაც „ბონი” ჰქვია და ავტობუსი იქ გაჩერდა. ერთი ძალიან წარმოსადეგი გარეგნობის ქალბატონი ამოვიდა და პატარა გოგონა ამოიყვანა. ამას რომ ვამბობ ხოლმე, ჩემი სიდედრი სიცილით კვდება. ყველამ თავისთან დაჯდომა შესთავაზა, მაგრამ, ინგა ჩემ გვერდით დაჯდა, როგორც საყვარელი მასწავლებლის შვილთან. ბათუმში რომ დავიწყე ლაპარაკი, ჩოხატაურამდე არ გავჩერებულვარ – სამი საათი ენა არ გამიჩერებია და, ჩოხატაურში რომ ჩამოვედით, უკვე საშვილიშვილოდ ვიყავი შეყვარებული. მისი მხრიდან არაფერი იგრძნობოდა, თორემ, მე მძიმედ ვიყავი შეყვარებული. მეთოდურად მებრძოლი ტიპის ადამიანი ვარ. არ ვიცი, რომელ ეტაპზე მომიხერხდა მისი დაყოლიება, მაგრამ, მოვახერხე… ჩვენ რომ შევუღლდით, ჩვენ შორის – მეგობრობა ყველა მიმართულებით ჩამოყალიბდა, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც. შეიძლება, გენიოსები არ ვართ, მაგრამ, არც დებილები ვიყავით, ჩემი ცოლიც ჩარეული იყო ანტისაბჭოთა საქმიანობაში. შევქმენით ჟურნალი „სამრეკლო“. ხან მე ვბეჭდავდი, ხან – ის. როცა დამაპატიმრეს, გამომძიებელმა მითხრა: თქვენმა მეუღლემ ყველაფერი იცოდა, მისი ჩვენება გვაქვს და დავაპატიმრებთო. ამას წინათ ვიღაცამ თქვა: ისეთი ცუდი კაცია, რომ ძმაც ჩაუშვა და შეყვარებულიცო. არ ვიცი, ვინ შეყვარებულს გულისხმობდა, მაგრამ ნამდვილად არავინ ჩამიშვია, გარდა მათი აგენტისა, რომელიც ჩვენთან შემოგზავნეს.”