მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს მოსახლეობას ჯიბეები ფულით უსკდება, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ტელევიზიით ლამის ყოველწამიერად მოგვიწოდებენ ქველმოქმედებისკენ, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ალბათ, ტაძრების შეწევნისკენ. ამ შეწევნის განსახორციელებელი გზა ორია: ან მობილური ტელეფონით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მეშვეობით. როგორც აღმოჩნდა, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ჩვეულებისამებრ, ფასიანი ნომრების გაცემისას მოქმედებენ პრინციპით: ჩარიცხული თანხის 60 პროცენტი – ჩვენ, 40 პროცენტი – ჩასარიცხ ობიექტსო. მაგრამ, როგორც ირკვევა, არც საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვისას არის საქმე უღრუბლოდ (რომ ყოფილიყო, ის გაგვიკვირდებოდა, რადგან, ამ ჩვენი წარმატებული საბანკო სექტორის შემოსავლის მთავარი წყარო მოსახლეობისგან, მათ შორის, გაურკვეველ მომსახურებაში „ახეული“ თანხებია).
ასე, მაგალითად, ერთ-ერთ ორგანიზაციას ერთ-ერთმა ბანკმა (ბანკის სახელს განზრახ არ ვასახელებ, რადგან ეს აბსოლუტურად ყველა ბანკს ეხება) შესთავაზა მომსახურება, რომელიც, მათი თქმით, იმ დაწესებულების თანამშრომლებს ელიას მთაზე მშენებარე ეკლესიისთვის ხელფასებიდან თანხის ყოველთვიურ გადარიცხვას უზრუნველყოფდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ხელფასებიდან ნებისმიერი თანხის ავტომატურად მოჭრის დროს ბანკი მომსახურებაში 2 ლარს იტოვებდა (რაღა იტოვებდა, იტოვებს).
ხოლო, რაკი ეს ზემოხსენებული კომპანიები აგრერიგად საზრიანები და მოხერხებულები ბრძანებულან (იქით – ნაცარქექია ადენს ქვიდან წვენს, აქეთ – ესენი ჰაერიდან ადნობენ ფულს), ვინღა მოგვცემს ქველმოქმედების საშუალებას, ერთ მშვენიერ დღესაც ამდენი წილებით რომ დაუსკდეთ მუცლები?!