ძველ თბილისის ახალი სიცოცხლე – გიგისთვის შეწირული

ძველ თბილისის ახალი სიცოცხლე – გიგისთვის შეწირული

[ნანა მაისაშვილი]

გუდაურის შემდეგ გიგი უგულავა თბილისის ისტორიულ უბნებს იკანონებს. დიახ, არც მეტი არც ნაკლები, ისტორიულ უბნებს იკანონებს და დიდი ხანია საუბრობენ იმაზეც, რომ გიგა ბოკერიას მამას წილში უზის.

„ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ - პროექტი, რომლის უკანაც დიდი ფული დგას და, რომელიც ისტორიულ ძეგლებს ანადგურებს. ეს არის სქემა, რომელიც ერთი ძალიან უბრალო, კერძო შემთხვევის გამოძიებით გაიშიფრა. მთაწმინდაზე, ენგელსის ქუჩაზე ისტორიულ ნუსხაში შეტანილი ერთ-ერთი სახლის რამდენიმე ბინა გაიყიდა. პრესაგე.ტვ-ს რესპოდენტის დავით წიქარიშვილის მეგობრის ფართი რომ გაიყიდა, წიქარიშვილმა ამის შემდეგ დაიწყო გარკვევა ვინ იდგა მერიის პროექტის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ უკან და საერთოდ რას ემსახურებოდა ეს ყბადაღებული პროექტი. დეტალებზე თავად ბატონი დავითი გვესაუბრა.

დავით წიქარიშვილი, განათლების თავისუფალი პროფკავშირების „ერთობა“ წარმომადგენელი:

- სრულიად მოულოდნელად წავაწყდი კულტურულ მემკვიდრეობასა და პროგრამა „ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს“ ირგვლივ არსებულ პრობლემას. საქმე შეეხო ჩემს მეგობარს და ამის შემდეგ დავიწყე საკითხის შესწავლა. ჩემი მეგობრის სახლი მთაწმინდაზე ენგელსის ქუჩაზე მდებარეობს, სახლი გამოცხადებულია ისტორიულ მემკვიდრეობად. ერთხელაც გაირკვა, რომ რეესტრმა ამ ისტორიულ სახლში ერთ-ერთ მოსახლეს მისცა საერთო სარგებლობის ფართის დაკანონების უფლება. ამ ფართზე თანხმობა უნდა მიეცა 17 ოჯახს, მაგრამ რეესტრი დაკმაყოფილდა იმით, რომ თანხმობა 4 მოსახლემ განაცხადა. შედეგად, რეესტრმა მოიგო ოფიციალური გადასახადი 50 ლარი და ვიღაცამ ისტორიული სახლის ნაწილი.

რა თქმა უნდა ეს გავაპროტესტეთ, ბოლოს და ბოლოს, ფართი ჩემი მეგობრის საკუთრება იყო და მას ხომ უნდა სცოდნოდა ამ ყიდვა-გაყიდვის შესახებ? მივმართეთ კულტურის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ მოგცემთ დოკუმენტაციას სახლის შესახებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვაქვს ამ საქმეში ჩარევის უფლება, თბილისში არსებული ძეგლები მერიამ წაიღოო...

არძინბამაც ეგრე დაიწყო თავიდან ტერიტორიების „მითვლა“ და ბოლოს დამოუკიდებლობის აღიარებით დაამთავრა. ძალიან მეშინია, რომ გიგი უგულავა მალე თბილისის დამოუკიდებლობით დაამთავრებს თავის საქმიანობას. მერია აკეთებს ისე, როგორც მას გაუხარდება, არიან ხასიათზე? - ძეგლის გადაკეთების ნებართვასაც გასცემენ და თუ არა და, მიშენებულ აივნეს ანგრევენ.

რაღა შორს წავიდე არ აჭრელდა პრესა და ტელევიზია  ილია მოსიაშვილის სახლზე? ისტორიული ძეგლიაო, რომ შეედავა უგულავა და გადახურვა მოანგრევინა კაცს, არადა იმ ისტორიულ სახლს წვიმა ანგრევდა, წყალი ჩადიოდა.

მოსიაშვილი სახლის გადახურვის გამო დააჯარიმეს კიდეც.

- მახსოვს, კი... თავად რეესტრს არც აინტერესებს არის თუ არა სახლი ისტორიული ძეგლი. ამათ კარგად იციან, რომ ყველა ვერ მიმართავს სასამართლოს, 100 ლარია იქ გადასახდელი, ადვოკატის ფული ცალკე უნდა გადაიხადო და დროშიც წელვადია. ამ ყვეკლაფერს წლები სჭირდება, ამიტომ თავი ქუდში აქვთ.

„ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ სპეციალური შესწავლის საგანია, აქ სქემა როგორც ჩანს, ასეთია – მერიამ „დაითრია“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გამოაცხადეს, რომ თბილისს ახალ სახეს აძლევენ, აშენებენ სახლებს და ძველ სახლებს ყიდულობენ. სინამდვილეში, ვიღაცეებს ხელს უწყობენ ნაწილ-ნაწილ იყიდონ ისტორიული სახლები. ძალიან სერიოზულ თანხებზეა საუბარი და ეს თანხები მიდის სადაც საჭიროა.

სად?

- ხელის დადებას ჯერ არავისზე ვაპირებ. არსებობს მეორე პრობლემა, მერიას კი ექვემდებარება, მაგრამ მერია ამაზე საერთოდ არ ზრუნავს, ფულს ათეთრებს. რეესტრში არ არსებობს სამსახური, რომელიც იტყვის, რომ ამ მისამართზე არსებული ოთახია თუ აივანი, არის ისტორიული ძეგლი და მას უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ეს ისტორიულ ძეგლს სჭირდება.

არაპირდაპირ თქმას პირდაპირ გეთქვათ. ანუ, ფულს გიგი უგულავა ათეთრებს?

- მაგას ვამბობ მეც! კულტურული მემკვიდრეობა მაშინ კი არ უნდა გაგახსენდეს, როცა გინდა ვინმეს ფული წაართვა, მაშინაც, როცა რეესტრი ერთი ხელის მოსმით უკანონებს ამ მემკვიდრეობას კერძო პირს ამოფარებულ კომპანიას, რომელიც ნაწილ-ნაწილ ყიდულობს სახლებს და ერთ მშვენიერ დღესაც ამ სახლს საკუთრებად გამოაცხადებს, მერე დაშლის და ხელსაც არავინ შეუშლის ამაში.

მოდი ასე ვთქვათ, თუ გიგის არ უნდა გაყიდოს კულტურული მემკვიდრეობა, რეესტრი ვერც ვერაფერს გააკეთებს.

- რა თქმა უნდა. ჩვენ სასამართლოს, რომ მივმართეთ მერიამ უარი განაცხადა პროცესში ჩართვაზე. მოწმედაც არ გამოდიან, რომ დაადასტურონ სახლი ისტორიული ძეგლების ნუსხაში არის თუ არა. სასამართლომ ბუნებრივია გვითხრა არ ჩავრთავ მერიას მხარედო, უგულავას ხელს ხომ არ შეუშლიან? მათ არ უნდოდათ მერიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანა და ეს გასაგებია, ამიტომ, არ ჩართეს მერია მხარედ. თავად მერიამ კი მოწმედ პროცესზე გამოსვლაზე უარი თქვა. ახლა იძულებული ვართ ხელახლა დავიწყოთ დავა, მაგრამ ამ დავაში მერია არ გვიდგას გვერდით.

გამოდის დიდ ფულს ათეთრებენ.

- ეს ის საქმეა, რომელსაც სერიოზული ფულის სუნი ასდის. სახლი სოლოლაკშია, ენგელსზე. იქ საკმაოდ ბევრი სარემონტო სახლია, მაგრამ შეტანილია ისტორიულ ძეგლების ნუსხაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მეპატრონე ხელს ვერ ახლებს, მაგრამ სახლებს ხელს ახლებენ ისინი, ვინც მერიის ინტერესში ჯდება. ანუ, ნაწილ-ნაწილ გაიყიდება სახლები. ნუსხა უგულავას ხელში არაა? ამოიღებს სახლებს ნუსხიდან ვინ გადაუღობავს გზას? ინვესტორებიც მესამე პირის მეშვეობით იწყებენ საქმეს. რეესტრი აკანონებს, მერია ჩერდება და პრობლემა არაა.

გიგი ყიდულობს სახლებს, ყიდის და არც არავინ ეუბნება არაფერს. როგორც გავარკვიეთ ეს ფაქტი ერთადერთი არაა და არა ერთი მსგავსი ფაქტი აღმოვაჩინეთ. ამ ეტაპზე, ჯერ არ გვინდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ ახლა ვარკვევთ, რომ აქ ერთიან სტრატეგიაზეა ლაპარაკი და ამ ყველაფრის უკან დგას პირადი ინტერესი.

ამბობენ ბოკერიას მამის ლევან ბოკერიას ინტერესებიც დევს ამ საქმეშიო.

- ხელის დადება ჯერ არ მინდა, ვაგროვებთ მასალებს და სასამართლოში ითქმება ყველაფერი. ზუსტად ვიცი სასამართლო უგულავას საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს მაგრამ... ყველაზე სასაცილო ისაა, დოკუმენტები რომ გამოვითხოვეთ, ნახაზი არ მოგვცეს. ნახაზში ფული კი აიღეს, მაგრამ არ დაურთეს საქმეს. გასაჩივრება ისეთი დოკუმენტისა, რომელსაც ნახაზი არ ახლავს და მარტო შინაარსის გასაჩივრება, ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს უთხრა - მე რომ არ ვიცი რა წერია იმ დოკუმენტს ვასაჩივრებ და მოდი გამოითხოვე რეესტრიდან და მანახე ღირს თუ არა გასაჩივრებაო.

ნებისმიერი მოსამართლე გეტყვის მოდი რა შვილო საქმეს მიხედეო. ნახაზს სპეციალურად არ გაძლევენ და მოსამართლე ყავაში ხომ არ ჩაიხედავს?

მაგრამ, საქმე მაინც არ წააგებთ?

_ კი, მაგრამ მე ერთადერთი, რაც მაინტერესებს ისაა, რომ აქ დაიდოს თუნდაც, წაგებული საქმის გადაწყვეტილება, რომ გავასაჩივრო ოდესმე. ან უარი მითხრას სასამართლომ რაიმე მოტივით განხილვაზე, მე რომ პასუხი გავცე და საფუძველი მქონდეს ვიჩივლო.

შეიძლება ის ადამიანები გარეთ გამოყარონ?

- ყოვლად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. მცოცავი გრაფიკით ყიდულობენ ადგილს, ღიად ჯერ არავინ გამოჩენილა. ნაწილ-ნაწილ იკანონებენ სახლებს. ადგილობრივ მოსახლეობას არავინ უწევს ანგარიშს და, არც იმას სახლები, რომ ისტორიული ძეგლების ნუსხაშია. ადგილი გენიალურია, რატომ არ მოინდომებენ წართმევას? მერიის სამსახურებს რომ არა აქვს სურვილი ხელი გაატოკონ, ეს იმ დროს, როცა ერთი აივნის მიშენებისთვის სპეცრაზმები ესხმოდა ხალხს თავს და ანგრევინებდნენ...