„მტრის ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე“

„მტრის ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე“

გასული კვირის დასაწყისში საზოგადოება ფრიად შეაშფოთა ცნობამ, რომ არაყზე აქციზის გადასახადი იზრდებოდა (ნაცვლად 3 ლარისა, 5 გახდებაო), ერთადერთი, იმით ვიმშვიდებდით თავს, რომ ბათუმში გასახსნელ ჭაჭის შადრევანში თუ დავაგემოვნებდით უფასოდ, თუ მთლად ნატიფად გამოყვანილ არაყს არა, ყოველ შემთხვევაში, მშობლიურ ჭაჭას მაინც.

თუმცა, მოგვიანებით, „ზენაარმა“ მოწყალე თვალით გადმოგვხედა და გაირკვა, რომ არყის აქციზის გაზრდის შესახებ ხმები გადაჭარბებული იყო, რამეთუ, შესაბამის კანონპროექტში, უბრალოდ, ტექნიკური შეცდომა გაპარულიყო.

ეს სასიამოვნო ინფორმაცია (სასიამოვნო, რადგან, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ალკოჰოლს მიძალებამ ჩვენს სამშობლოში ფრიად თვალსაჩინო მასშტაბები მიიღო, მთლად ისეთიც არა, როგორიც ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაშია, თუმცა, თუ ასეთი ტემპებით გავაგრძელეთ, არც უამისობა იქნება)

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ქ-ნმა კემულარიამ გვაცნობა, ანუ, დაგვამშვიდა იმით, რომ „აქციზის განაკვეთის გაზრდის საკითხი მთავრობას არც კი განუხილავს“, რაც იმას ნიშნავს, რომ არაყს ძველ ფასადაც შევიძენთ და, მაინცდამაინც, არც ბათუმურ შადრევანში მოჩუხჩუხე ჭაჭას მივეძალებით (ტურისტები რომ არ დავაფრთხოთ).

აქვე დავძენ, რომ, იმავე კანონპროექტში ისიც წერია, თითქოსდა ბუნებრივი აირის კონდენსატზეც იზრდებოდა აქციზის გადასახადი (80 ლარის ნაცვლად, 120 იქნებაო), თუმცა, არყის მსგავსად, ესეც „ტექნიკური შეცდომა“ აღმოჩნდა. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, ვის სად და რა ეპარება, სამაგიეროდ, ვიცით, რომ ისევ და ისევ – „მტრის ჯინაზე ვილოთავებთ დღე და ღამე“!