სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე მუდმივად ლაპარაკობდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები, ისე მედიაორგანიზაციები, თუმცა მათი მოწოდებები რჩებოდა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.".. სამართალი "ურმით" დადისო, ნათქვამია, თუმცა ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე. სამართლის ურემი მიუახლოვდა თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების სამგზის მინისტრ დიმიტრი შაშკინს, ჯერ არავინ იცის, თუმცა პროკურატურისგან უწყება რომ მიუვიდა, არ უარყოფს.
რატომ დაინტერესდნენ თქვენით?
- როგორც ჩანს, კითხვები სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩემი მუშაობის თაობაზე აქვთ. მე მხოლოდ 2009 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე რაც ხდებოდა, იმაზე შემიძლია ვისაუბრო.
შეძლებთ დაარწმუნოთ პროკურატურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მრავალგზის მინისტრს გადაცდომები არ ჰქონდა?
- ჩემს დროს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო, რომელსაც არ ვეხატებოდით გულზე, მაგრამ ვერც მის დასკვნაში და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ვერ ნახავთ ფაქტებს, სადაც წერია, რომ პატიმრებზე ძალადობდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პატიმრებზე ძალადობა არ ყოფილა?
- არც ერთ დასკვნაში, რომელსაც სუბარი ამზადებდა, არაფერია ნათქვამი წამებაზე. იმ დროს ციხეში უპრობლემოდ შედიოდა წითელი ჯვარი. ჩემი ინიციატივით სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ვახვედრებდი პატიმრებს. ამისთვის მაკრიტიკებდნენ კიდეც, რომ სისტემა მეტისმეტად გახსნილი მქონდა.
2009 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ იმატა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებმა...
- რა მოტივით უნდა დამემალა წამების ფაქტები? თუ ასე მოვიქეცი, შიზოიდი და ავადმყოფი ვარ, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა. ეს თემა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო, რატომ უნდა დამედო სასწორზე ჩემი კარიერა?
ნულოვანი ტოლერანტობა პრეზიდენტის ინიციატივა იყო და თქვენ ვინ მოგცემდათ იმის უფლებას, ხელი შეგეშალათ რეფორმისთვის?
- ეს დავალება პროკურატურამ და შს სამინისტრომ მიიღო და არა სასჯელაღსრულებამ. პრობლემა სისტემური რომ ყოფილიყო, რეაგირებას მოვახდენდი.
თქვენს გუნდში ამბობენ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. ზურაბ ჯაფარიძემ ისიც კი თქვა, ყველამ იცოდა, რაც ხდებოდაო.
- თუ ჯაფარიძემ რამე იცის 2009 წლის პერიოდზე, შეუძლია ჩვენება მისცეს. ჩემს დროს წამება არ ყოფილა!
თქვენი თანაგუნდელებიც კი, ელენე თევდორაძე და თეა თუთბერიძე ამბობენ, რომ 2006 წლიდან ციხეებში აღარ უშვებდნენ. თუთბერიძემ ისიც თქვა, ვანო მერაბიშვილმა ძალადობა პოლიციის შენობებიდან ციხეებში გადაიტანაო.
- თუთბერიძის ნათქვამზე რთულია კომენტარის გაკეთება, მან ისიც დამაბრალა, რომ რუსეთის აგენტი ვარ. მისი ნაუბარი სხვა პროფესიის ინტერესების სფერო უნდა გახდეს, მის შესახებ ექიმებს უნდა ჰკითხოთ.
თქვენს დროს მუშაობდნენ დავით ჭაკუა და გაგა მკურნალიძე. როგორც ცნობილია, მკურნალიძე "კარანტინის" დაშლაშიც მონაწილეობდა. არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეოფირი.
- ჭაკუა ნამდვილად იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, გაგა მკურნალიძე კი მისი მოადგილე. თუმცა მათთან 9 თვის განმავლობაში პრეტენზია არ მქონდა. სამწუხაროდ, ვიდეოფირში გაგა მკურნალიძე მართლაც ჩანს. არავის აწამებს, მაგრამ ფაქტია, როდესაც სხვები სცემდნენ პატიმრებს, იქ იყო. გაუპატიურების სცენების მომზადებაში ჭაკუა და გაგა მკურნალიძე არ მონაწილეობდნენ. თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ პასუხისმგებლობას.
პატიმრები სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდნენ და იღუპებოდნენ, ეს დანაშაული არ არის?
- ციხეებში სიკვდილიანობა მართლაც მაღალი იყო. მძიმე ავადმყოფი პატიმრების გაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოებში შეზღუდული იყო. ჭაკუა პატიმრების გაყვანას იმ მიზნით ერიდებოდა, რომ ვინმეს იარაღი, მობილური ან ნარკოტიკი არ მიეწოდებინა მათთვის. ვაფრთხილებდი, პატიმარი შეიძლება მოკვდეს და ბევრად მძიმე შედეგს მივიღებთ-მეთქი...
მერაბიშვილმა არ იცოდა, რომ ლამის კინოსტუდიები გახსნეს როგორც სასჯელაღსრულების, ასევე მისი უწყების თანამშრომლებმა?
- ოფიციალური ვერსიით, 24 ათასი ვიდეოფირია აღმოჩენილი, თუმცა არავინ იცის, რამდენია კანონიერი და რამდენი უკანონო. როგორ ფიქრობთ, ვანოს ან ნებისმიერ ჩვენგანს რომ სცოდნოდა უკანონო ფირების ამბავი, არ გასცემდნენ განადგურების ბრძანებას? ბიბლიოთეკა ხომ არ არის, წიგნები გქონდეს დასაწვავი და ვერ მოასწრო. 20 დღე, სანამ ხელისუფლებას გადავაბარებდით, ფაქტებს გავანადგურებდით, ვიდეოფირები არქივში აღმოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ჯგუფმა იცოდა ეს და არა მინისტრებმა ან პრეზიდენტმა.
მაშინ მართალი ყოფილა ვერსია, რომ არქივი დათა ახალაიამ წაიღო, როცა ქვეყნიდან გავიდა და შემდეგ ხელისუფლებას გადასცა.
- ვინ რა და რისთვის გააკეთა, არ ვიცი. არსებობს კითხვა: რატომ აღმოჩნდა არქივში ხელუხლებლად მაკომპრომეტირებელი ფირები, როცა შეგვეძლო განადგურება? იმიტომ, რომ ვანომ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა არაფერი იცოდნენ(?!).