სიგარეტი იქნება - ამბობენ საქმეში ჩახედულნი

სიგარეტი იქნება - ამბობენ საქმეში ჩახედულნი

საწარმოო გაერთიანება „თბილისთამბაქოს“ საფირმო მაღაზია „კოლხეთში“ დილის რვა საათიდან საღამოს რვა-ცხრა საათამდე დგას რიგი. აქაურ თანამშრომლებს ერთი წუთით არ აქვთ მოცლა - როგორც ცნობილია, ბოლო ხანს ჩვენს რესპუბლიკაში, და საერთოდ სსრ კავშირში, სიგარეტი გაწყდა.

როცა მაღაზიის გამგეს თამაზ სვანიძეს ამაზე ვკითხეთ, გვიპასუხა: ახლა ძირითადად უფილტრო სიგარეტებს ვყიდით, ხოლო როცა ფილტრიანი სიგარეტი შემოვიტანეთ, ხალხმა კარ-ფანჯრები, ვიტრინები და სალაროები დალეწა. ერთ ქალს ფეხიც კი მოსტეხეს...

ორი თვეა სიგარეტის დეფიციტის გამო გრძელდება არეულობა. ეს იმანაც განაპირობა, რომ თბილისის ორ თამბაქოს ფაბრიკაში რემონტი იყო, ეგეც არაფერი, ადგილობრივი პროდუქცია სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოსულმა სტუმრებმა გაიტანეს. აქედან სიგარეტები ბევრმა რვაკილოგრამიანი ამანათებითაც გაგზავნა თავის ქალაქში.

მდგომარეობა მალე გამოსწორდება, თუ სიგარეტს რესპუბლიკიდან აღარ გაიტანენ. უწინარესად ეს უნდა აიკრძალოს.

მოცუსმინოთ დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლებს.

ჯამბულ ბაკურაძეთბილისის საქალაქო აღმასკომის საცალო ვაჭრობის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე: ივლის-აგვისტოში ქალაქს დააკლდა მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი მანეთის თამბაქოს ნაწარმი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის გამწვავებული დეფიციტის გამო, იგი მაშინვე იყიდება. უცბად იყიდება აგრეთვე წინათ ნაკლებად პოპულარული უფილტრო სიგარეტები „ასტრა“, „პოლიოტი“ და სხვა. გამწვავებული სიტუაცია შეიძლებოდა დაეცხრო იმპორტულ სიგარეტს, მაგრამ ივლისის დამდეგიდან არც ერთი კოლოფი არ მიგვიღია. ველით სექტემბერს, როცა თბილისის თამბაქოს ფაბრიკები სრული სიმძლავრით ამუშავდება პროფილაქტიკური რემონტის შემდეგ.

თეიმურაზ ხურციძერესპუბლიკური გაერთიანება „საქპროდუქტვაჭრობის“ მმართველი: საქართველოში წარმოებული სიგარეტის თითქმის ნახევარს ჩვენ ხელშეკრულებებით ვყიდით მის ფარგლებს გარეთ. ეს არის გაუსავლიანი უფილტრო სიგარეტები „ასტრა“ და „პოლიოტი“, რომელთა ნაცვლად რესპუბლიკა სასურსათო საქონელს იღებს. მაგრამ ცამეტი აგვისტოდან ასეთი დაგზავნა შეჩერებულია და „საექსპორტო“ სიგარეტები რესპუბლიკის მაღაზიებში იგზავნება. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ჩვენი პარტნიორები საპასუხოდ შეგვიკვეცავენ რესპუბლიკის სურსათის ისედაც მცირე ასორტიმენტს. აღვნიშნავ აგრეთვე, რომ მარტო საწარმოო გაერთიანება „თბილისთამბაქომ“ წლის დამდეგიდან დაგვაკლო თხუთმეტი მილიონი მანეთის პროდუქცია. თანაც, უწინარესად ეს არის სიგარეტები „კოსმოსი“, „კოლხეთი“, „ლუქსი“, „მზიური“, ერთადერთი გამონაკლისია სიგარეტი „მტკვარი“, რომელიც თითქმის ორჯერ მეტი მივიღეთ, მაგრამ ეს ამინდს ვერ ქმნის. იმპორტი კი წლის დამდეგიდან უმცირესი გვაქვს მიღებული - გათვალისწინებულის მხოლოდ ოცი პროცენტი.

ჯემალ გვარამიასაწარმოო გაერთიანება „თბილისთამბაქოს“ გენერალური დირექტორი: წელს გამოვუშვებთ ას ოცდარვა მილიონი მანეთის პროდუქციას, თუმცა მეტს გვთხოვენ. მაგრამ გეგმის დადგენისას კოლექტივი ხელმძღვანელობდა რეალური შესაძლებლობებით. ჩვენი ფაბრიკებისთვის დამახასიათებელია დარგის საერთო გასაჭირი: უკიდურესობამდე გაცვეთილი მოწყობილობა, არა მარტო რესპუბლიკის, არამედ აგრეთვე ქვეყნის ფარგლებს გარედან ნედლეულის მრავალრიცხოვან მომწოდებლებზე სრული დამოკიდებულება. ამიტომაც ვერ შეასრულა გეგმა გაერთიანებამ. ამავე დროს „თბილისთამბაქომ“ უკიდურესობამდე შეამცირა ფაბრიკების წლევანდელი რემონტი, უკვე ახლა ყოველ დღე-ღამეში გამოდის ათი მილიონი ცალი სიგარეტი, ხოლო როცა ნომერ პირველ ფაბრიკას ავამოქმედებთ, ეს ციფრი ერთისამად გაიზრდება. ჩვენი გამოანგარიშებით, რესპუბლიკაში ყოველდღიურად ეწევიან თხუთმეტ მილიონ ცალ სიგარეტს. ასე რომ, სექტემბრის პირველ დეკადაში თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი აღმოიფხვრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

...ამგვარად, როგორც ჩანს, საქართველოს თამბაქოს მწევლებს ნიკოტინის „შიმშილობა“ არ ელით.