[გერა მამულაშვილი]
„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ხორცის ფასის ზრდის ევროკავშირისთვის გადაბრალებას თავი დაანებოს და ბაზრის დერეგულაცია დაუყოვნებლივ მოახდინოს“.
როგორც „ახლების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ფასის ზრდა ცხოველების სახორცედ დაკვლისა და მათი რეალიზაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა გამოიწვია და იგივე მოსაზრებები აქვთ ექსპერტებსა და სპეციალისტებს“.
„ახალი მემარჯვენეები“ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მართლაც დაანებოს თავი ევროკავშირისთვის ხორცის ფასების ზრდის გადაბრალებას და დაუყოვნებლივ განახორციელოს ზომები, რომელიც ხორცის ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობის, ანუ ბაზრის გამორჩეული მოთამაშეებისთვის პრეფერენციული რეჟიმის გაუქმებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის დელეგაციის წევრმა, სურსათის უვნებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა ხუან ეჩანოვემ დღეს მიმართვა გაავრცელა სახელწოდებით „ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!“.
„ზოგიერთი ქართული მედია საშუალების, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხორცზე ფასის ზრდა ევროკავშირის მოთხოვნით, საქონლის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის რეგულაციის შემოღებამ გამოიწვია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცე-პრემიერ ბარამიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის ექსპერტების მოთხოვნა იყო, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს პროცესი საქართველოში დაწყებულიყო.
ამ განცხადებების საპასუხოდ ცალსახად უნდა განვაცხადო, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა. ევროკომისია ექსპერტების შეფასებებს საქართველოში ხორცის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ეთანხმება და თვლის, რომ ეს მიზეზებია ქვეყანაში არსებული ინფლაცია, მცირე ფერმერების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაკლებობა, სასაკლაოების შეზღუდული რაოდენობა, სადაც შეიძლება, ცხოველების სახორცედ დაკვლა და დამუშავება, მათი სიშორე იმ ადგილებიდან, სადაც ჰყავთ დასაკლავი საქონელი, საქართველოში სასაკლაოების ბაზრის მონოპოლისტური ხასიათი“, - აღნიშნულია მიმართვაში.
ამასთან, ეჩანოვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის, დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა და მით უფრო არ ყოფილა მოთხოვნა, ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობა ყოფილიყო
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხორცი 80%-ით ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე გაძვირდა, „ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციად“ აფასებს.
როგორც „პირWელს“ კალანდაძემ განუცხადა, „რეალურად, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები ევროპული ინსტიტუციების მიერ ბოლო პერიოდში საქართველოს მისამართით გამოთქმული მკაცრი შეფასებებისა და შენიშვნების პასუხია“.
„ჩვენ გავებუტეთ ევროპას და ამიტომ ეხლა ვცდილობთ, ჩვენი შეცდომები მას გადავაბრალოთ და განტევების ვაცი ვიპოვოთ“, - აღნიშნა ექსპერტმა.
კალანდაძის თქმით, „ხორცი იმიტომ კი არ გაძვირდა, რომ საქართველომ ევროპის რეკომენდაცია შეასრულა, არამედ პირიქით - იმიტომ, რომ არ შეასრულა“.
„კერძოდ, ახალი ინიციატივით საქართველოში ბაზარზე ხორცის მიმწოდებელთა მონოპოლისტური მდგომარეობა საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა, რაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების თავისუფალი შესვლის შესაძლებლობის შეზღუდვასა და ძველი მოთამაშეების გაძევებაში გამოიხატა. ეს მონოპოლისტური მდგომარეობის, ანუ ბაზრის გამორჩეული მოთამაშეებისთვის პრეფერენცირებული რეჟიმის შექმნაა. ეხლა ვსვამ კითხვას: ეს ევროკავშირის რეკომენდაცია იყო?! - რა თქმა უნდა, არა“, - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ხორცის ფასის 80%-ით ზრდა იმან გამოიწვია, რომ განვახორციელეთ ზომები, რომელსაც ევროკავშირის ექსპერტები მოითხოვდნენ.
„ეს სერიოზული პრობლემაა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის. ჩვენ ეს განვახორციელეთ იმისათვის, რომ ევროკავშირის მოთხოვნები დაგვეკმაყოფოლებინა, თუმცა სჯობდა, ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთი წლის განავლობში გაკეთებულიყო, რაც ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. არ ვწუწუნებთ, მაგრამ ევროკავშირის ექსპერტებს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ და უფრო ყურადღებით მოეკიდონ ასეთ საკითხებს. ჩვენ დაგვაძალეს და ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთეთ. სჯობს, ეს საკითხი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორებამდე მოვაგვაროთ“, - განაცხადა ბარამიძემ „ევროპის სახლში“ საერთაშორისო კონფერენციაზე „თანამშრომლობა ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.