არშემდგარი გადატრიალების არშემდგარი დამნაშავეები

არშემდგარი გადატრიალების არშემდგარი დამნაშავეები

[ნანა მაისაშვილი]

არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის დაკავებულთაგან „ქართული პარტიის“ წევრი მხოლოდ სამი – მაჭარაშვილი, ტერაშვილი  და ჯარმელიშვილია. დანარჩენების ვინაობა პარტიის თავმჯდომარემ დღემდე ვერ დაადგინა. ისინი, ვინც გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს და „ერთი ზილით და 200 სპეცრაზმელით“  მოსახდენი გადატრიალების შესახებ ისაუბრეს, სოზარ სუბარს არასდროს უნახავს. ხოლო ისინი ვინც პარტიის აქტიური წევრები  არიან დანაშაულს არ აღიარებენ.

დაკავებული პარტიულებიდან ყველანი სასტიკად ნაცემები არიან, არაპარტიულები - შესაბამისად. მათი ოჯახის წევრებს არავინ სცემთ, მაგრამ ერთ–ერთი დაკავებულის ხვიჩა მაჭარაშვილის მეუღლე ეკა მაჭარაშვილი გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„დამიძახეს და მითხრეს, ეკა ჩვენ შენთან სადავო არაფერი გვაქვს, მაგრამ ყველასთვის ასე ჯობია, უნდა წახვიდეო“, – აცხადებს ეკა მაჭარაშვილი. სამი შვილის დედა, რომელიც გორში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს უსახსროდ დარჩა. უსახსროდაა დარჩენილი თბილისში მცხოვრები ლევან ტერაშვილის მეუღლე და მათი მცირეწლოვანი შვილიც.

ეკა მაჭარაშვილი: არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ჩემი ქმარი კერძო დაცვაში მუშაობდა, მე „ტკბილ სამყაროში“. უფროსი კარგი კაცია, არაფერი მაქვს მასთან სასაყვედურო, მაგრამ დაიბარეს ეტყობა და უთხრეს ჩემზე არ ამუშაოო. რა ქნას მასაც ყავს ოჯახი. იმ დღეს ხვიჩა რომ დააკავეს, უცებ შემოცვივდა 18 ადამიანი, არც ერთს არ ეცვა პოლიციის ფორმა, ჩხრეკას ვატარებთო თქვეს და შეესივნენ ოთახებს. რა უნდა მეთქვა? გადაუდებელი ჩხრეკააო, ასე მითხრეს, მოსამართლის ნებართვა ამიტომ არა გვაქვსო. ყველაფერი დაათვალიერეს, ვერაფერი ნახეს. ბოლოს შემოსასვლელში, რომ სათავსოა იქიდან გამოიღეს ავტომატი.

იმ სათავსოთი ყოველ დღე ვსარგებლობდი და არასდროს არაფერი მინახავს, ერთი საათით ადრე იქ არაფერი იყო და ასე უცებ როგორ გაჩნდებოდა. ყვირილი რომ დავიწყე ნუ ყვირი ეს რას ნიშნავს იციო, მითხრეს, ყვალაფერი გამოიღე და გვაჩვენეო. მე ვუთხარი ეგეც შენ დადე და მე რაღა დავამატო–მეთქი. ვიდრე ესენი მოვიდოდნენ მანამ არაფერი ვიცოდი სად იყო ხვიჩა, რომ დააგვიანა ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ჩხრეკის ოქმი რომ შეადგინეს ხელს არ ვაწერდი, მაგრამ დამემუქრნენ შენი ოჯახისთვისაც და შენი ქმრისთვისაც აჯობებს ხელი მოაწეროო, სხვა გზა არ მქონდა და ოქმზე ხელი მოვაწერე. ეს რომ მითხრეს, მაშინ მივხვდი ხვიჩა დაკავებული რომ ყავდათ. მემუქრებოდნენ ხელს თუ არ მოაწერ ოქმს, პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის დაგაკავებო.

მას შემდეგ ვინმემ მოგაკითხათ?

- სახლში არავინ მოსულა და ისე გვდარაჯობენ, არ ვიცი ვის და რას ელოდებიან. თქვენც რომ მოხვედით ხომ დაინახეთ გარეთ პოლიციის პიკაპი? ასეა ყოველ დღე.

ლევან ტერაშვილი მეუღლე ნათია ასე იხსენებს მისი ქმრის დაკავების დეტალებს:

- დაახლოებით 11–ის ნახევარი იქნებოდა სპეცრაზმელები რომ შემოცვივდნენ, ბავშვს ეძინა. არც არავის გავუფრთხილებივართ, არც საბუთი წარმოუდგენია ვინმეს, არც ჩხრეკვის ნებართვა, გვიბრძანეს დავმჯდარიყავით. დავსხედით, ერთი სპეცრაზმელი გვერდით მოგვიჯდა და განძრევის საშუალებას არ გვაძლევდა. ორივე ოთახში მიმოიფანტნენ, ამ დროს გაითიშა ეზოში და სკვერში გარე განათება, სახლის შემოსასვლელში ამათ ჩააქრეს შუქი. 20 წუთი იტრიალეს ისე, რომ ვერაფერს ვხედავდი. როგორც მივხვდი ამ დროს შეიტანეს ავტომატი ვანაში და ჩადეს სარეცხის ვედროში. ავტომატი ვერ ჩაატიეს ვადროში და თავი რომელიც მას ეფარა იქვე კედელზე მიაწვინეს.

სახლიდან წაიღეს ლეპტოპი, პროცესორი, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, რაღაც დოკუმენტები. მკითხეს გვქონდა თუ არა სარდაფი და ავტოფარეხი. სარდაფში ჩავიდნენ, ავტოფარეხი არც დაუთვალიერებიათ.

სარდაფში არ შეეძლოთ ავტომატის შეტანა?

- არა, სარდაფში რომ ჩახვიდე შემოსასვლელი ოთახის იატაკი უნდა აწიო და ჩასასვლელი ვიწროა. ყველა ვარიანტში დავინახავდი იქ, რომ ვინმეს ავტომატი ჩაეტანა. ამიტომ შეიტანეს აბაზანაში შეფუთული ავტომატი, მაგრამ ავტომატი არ ჩაეტია „სათავსოში“ და ლულა ჩანდა. არადა ვიდრე ესენი შემოვიდოდნენ 10 წუთით ადრე ბავშვი ვაბანავე და როგორ გგონიათ ავტომატი რომ ყოფილიყო ბავშვს იქ შევიყვანდი?

ვინ ესწრებოდა ჩხრეკას?

- მეზობელი შემოიყვანეს, მაგრამ ფორმალურად. ოთახიდან არსად გაუყვანიათ, ჩვენს გვერდით ისხდნენ. ერთ–ერთ მეზობელს პატარა ბავშვი ყავს, ტიროდა ბავშვი და არ გაუშვეს. ერთმა პოლიციელმა უთხრა მეორეს არ გაუშვა ადვოკატს დაურეკავსო. იმ მეორემ რაღაც ანიშნა და იმ წამსვე მისცეს ჩემს მეზობელს გასვლის უფლება. როგორც მერე მივხვდი ავტომატი აბაზანაში უკვე შეტანილი ჰქონდათ და პრობლემა აღარ ექმნებოდათ. ამიტომ თავისუფლად გაუშვეს „მოწმე“.

მიუხედავად იმისა, რომ „დასაჭერები“ უკვე დაჭერილები არიან, მათ ოჯახებზე თვალთვალი გრძელდება. პრესაგე.ტვ–მ გორშიც და თბილისშიც დაკავებულების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის პიკაპები დააფიქსირა. სურათების გადასაღების საშუალება პოლიციამ არ მოგვცა. წინააღმდეგობის გაწევას გასაგები მიზეზებით აზრი არ ჰქონდა, ვერც სურათს გადავიღებდით და პატიმრობის „საგზურსაც“ გამოგვიწერდნენ.

„ქართულ პარტიას“ პატიმრების გარდა საპატიმროდან ახალგათავისუფლებული წევრებიც ყავს. პრესაგე.ტვ–მ რამდენიმე ყოფილი პატიმრის თავგადასავალიც მოისმინა.

შოთა მახარაშვილი: - ვიდრე დამაკავებდნენ, მანამ ერთმა ჩემმა ახლობელმა, რომელიც პოლიციის თანამშრომელია, გამაფრთხილა ფრთხილად იყავი შენი დაკავება უნდათო. სახლიდან ფაქტიურად არ გავდიოდი, მაგრამ როდემდე შეიძლებოდა ასე გაგრძელებულიყო? იმ დღეს ბიჭები მივდიოდით, ხუთნი ვიყავით, მაღაზიაში ლუდი ვიყიდეთ, დავლიეთ, მთელი გზა პოლიციის მანქანა დაგვდევდა. ყურადღება არ მიმიქცევია, ვიდრე ხუთივე ერთად ვიყავით ახლოს არ მოსულან, მარტო რომ დავრჩი ამის შემდეგ დამაკავეს.

ჩემს წინ სამოქალაქო ფორმიანები მიდიოდნენ, უცებ მობრუნდნენ, ხელი მტაცეს, ამ დროს პიკაპი გაჩერდა და ჩამტენეს მანქანაში. მიმიყვანეს პოლიციაში, გამჩხრიკეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ გამაშიშვლეს. 10-ს აკლდა თხუთმეტი წუთი, რომ დამაკავეს, მაგრამ 12 საათი გააფორმეს. წამომიყვანეს გორში. მეკითხებოდნენ რატომ დადიხარ მიტინგებზე, ამ პარტიაში რა გინდა, დაანებე თავი მანდ ძრომიალს, ყველას დაგიჭერთო. სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა მომისაჯა, პოლიციის მანქანას ფეხი დაარტყა და თანამშრომლებს შეურაცყოფა მიაყენეო. არადა, რომ დამაკავეს ისე სწრაფად მოხდა ეს, ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი. პროკურატურა 2 თვიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ 12 წლის ბავშვის მეურვე ვარ და ამიტომ მაკმარეს 15 დღე.

გათავისუფლდით, ამის შემდეგ რა ხდება?

- ჩემს ძმასთან მისულან და უთქვამთ თუ არ მოეშვება ამ პარტიას 15 დღიანს 15 წლიანად ვუქცევთო.

ახლა რას აპირებთ?

- მე ვერ ვუღალატებ საქართელოს და ამ პარტიას.

რა გავალიათ ასეთი, ან რას აკეთებთ ასე რომ გდევნიან?

- რა ვიცი, ამათ ყველაფერი აშფოთებთ და...

ოქრუაშვილს იცნობთ?

- არა, არ ვიცნობ, პირადად არც არასდროს მინახავს.

შოთა მახარაშვილი კიდევ კარგად გადარჩა, რუსთაველი გოჩა კაკოიშვილი პატიმრობის 30 დღის განმავლობაში სასტიკად აწამეს: ღამით მაღვიძებდნენ, მაშიშვლებდნენ, გონების დაკარგვამდე მცემდნენ, მერე წყალს დამასხამდნენ და ისე მასულიერებდნენ. ოჯახის წევრების მოტანილ საჭმელზე აფურთხებდნენ და მეუბნებოდნენ ახლა შეჭამე თუ გინდაო. 30 დღის განმავლობაში, ხელის დაბანის საშუალებასაც კი არ მაძლევდნენ. როდესაც ჩემი გათავისუფლების დრო მოვიდა, პოლიციის ერთმა ჩინოსანმა მითხრა ჭკუა ისწავლე და გონზე მოდიო? მე ვუპასუხე კუზიანს სამარე გაასწორებს–მეთქი.

„როცა იჭერენ ადამიანს და მერე მის მეუღლეს სამი შვილის დედას სამსახურიდან უშვებენ, ეს არის სისასტიკე. ხალხი იმდენად დააშინეს, „ტკბილი სამყაროს“ ხელმძღვანელმა იცის ეკა მაჭარაშვილს სხვა სახსრები რომ არა აქვს და მაინც უშვებს სამსახურიდან. სირცხვილი იმ გორელს, რომელიც დღეის შემდეგ „ტკბილი სამყაროს“ წარმოებულ პროდუქციას შეიძენს. სირცხვილი მეპატრონეს რომელმაც სამი შვილის დედა გაუშვა სამსახურიდან. ესაა სააკაშვილის სამართალი... დაკავებულთაგან უმრავლესობა არ ვიცი ვინაა, მათ პარტიასთან კავშირი არ აქვთ. საქმე, რომელიც შეთითხნეს და თითიდან გამოწოვილია მალე გაგაოცებთ თავისი „მტკიცებულებებით“ , – აცხადებს პრესაგე.ტვ–სთან სოზარ სუბარი.

ირაკლი ოქრუაშვილი კი პარიზიდან გვითვლის: „ეს ყველაფერი აბსურდიაო... რა ზილი რის ზილი, რა 200 სპეცრაზმელი და გადატრიალებაო... პარტიაში სასაცილოს უწოდებენ ედპ–ს და კიდევ სხვების მოთხოვნას ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. და თუ ეს ყველაფერი სასაცილოა, ღირდა სპექტაკლის დადგმა, რომელიც ჩავარდნისთვის თავიდანვე იყო განწირული?